ცხინვალში გასული წლის „საუკეთესო“ ჟურნალისტები და მედიასაშუალებები გამოავლინეს
ცხინვალში გამომავალმა გაზეთმა „რესპუბლიკამ“, დეფაქტო რესპუბლიკის ინფორმაციის და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო კომიტეტთან ერთად, გასული წლის საუკეთესო ჟურნალისტების და მედიაორგანიზაციების გამოსავლენად გამოკითხვა ჩაატარა. ინტერნეტგამოცემა „ოსინფორმის“ ცნობით, მეოთხე ხელისუფლების საუკეთესო წარმომადგენლების გამოსავლენად ანკეტები ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლებს დაურიგდათ. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ დეფაქტო რესპუბლიკაში გამომავალი გაზეთების რედაქტორები, ტელე და რადიო სადგურების დირექტორები, სააგენტოების და ინტერნეტგამოცემების ხელმძღვანელები. გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა გაზეთ „სამხრეთ ოსეთის“ რედაქტორმა ზალინა ცხოვრებოვამ. აღსანიშნავია, რომ ცხინვალში მედიაორგანიზაციების 99 პროცენტი ხელისუფლების მიერ, ბიუჯეტიდან ფინანსდება. ერთადერთი დამოუკიდებელი გაზეთი „21–ე საუკუნე“ ფინანსური პრობლემების გამო პერიოდულად იბეჭდება. კონკურსის ნომინანტთა სიაში არც ამ გაზეთის წარმომადგენლები, არც დამოუკიდებელი ბლოგერები და არც ცხინვალიდან სხვა მედიასაშუალებებზე მომუშავე ჟურნალისტები მოხვდნენ.
გასულ კვირას კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. 2011 წლის საუკეთესო პოლიტიკურ მიმომხილველად გაზეთ „სამხრეთ ოსეთის“ წარმომადგენელი იური ვაზაგოვი დასახელდა. კულტურის სფეროში საუკეთესოს ტიტული გაზეთ „ხურზარინის“ ჟურნალისტმა ვალენტინა ბესტაევამ მოიპოვა. აი ასე გამოიყურება დანარჩენი გამარჯვებულების სია: საუკეთესო ჟურნალისტი ინტერვიუს ჟანრში - რადა ძაგოევა (გაზეთი „რესპუბლიკა“), საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი - ბატრაზ ხარებოვი (ტელეკომპანია „ირი“), წლის პერსპექტიული ჟურნალისტი - ზარინა კოკაევა (გაზეთი „ხურზარინი“), წლის საუკეთესო ჟურნალისტი - რობერტ ყულუმბეგოვი (გაზეთი „რესპუბლიკა“), წლის მედიაორგანიზაცია - გაზეთი „რესპუბლიკა“.
როგორც აღვნიშნეთ, გამოკითხვა გაზეთ „რესპუბლიკის“ ინიციატივით ჩატარდა და ალბათ გასაკვირი არ არის, რომ გამარჯვებულთა უმრავლესობა ამ გაზეთიდანაა. კონკურენტ „სამხრეთ ოსეთის“ რედაქტორმა ზალინა ცხოვრებოვამ კი საერთოდ უარი თქვა გამოკითხვაში მონაწილეობაზე. ცხოვრებოვამ დეკემბრის საპროტესო აქციებზე თანადგომა ოპოზიციას გამოუცხადა, შესაბამისად ხელისუფლების მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მას გამარჯვების იმედი არც უნდა ჰქონოდა. ბევრი ჟურნალისტი საერთოდ ვერ მოხვდა საკონკურსო სიაში. აღარაფერს ვამბობთ ცნობილ ოს ბლოგერზე, მარია პლიევაზე, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩევა. მარია პლიევა თითქმის ერთი წელია სახლში მისვლას ვერ ახერხებს, რადგან მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებიან. მის ოჯახს მუქარა ცოტა ხნის წინაც შეუთვალეს. პლიევა ამჟამად ვლადიკავკაზში ცხოვრობს და ბლოგებს იქიდან წერს, თუმცა ვლადიკავკაზელმა სამართალდამცავებმა არც იქ მოასვენეს და დეკემბერში არასანქცირებული მიტინგის ორგანიზებისთვის დააკავეს. მართალია სასამართლომ მარია პლიევა გაამართლა, მაგრამ სამართალდამცავები მას ხულიგნობაშიც ედავებიან და ძიება დღემდე გრძელდება.
განა იანოვსკაია და ზარინა სანაკოევა ცხინვალიდან რეპორტაჟებს რადიო „თავისუფლების“ გადაცემა „ეხო კავკაზასთვის“ ამზადებენ. ამ ჟურნალისტებისთვის სართოდ გაუგებარია კონკურსანტებს რა კრიტერიუმებით არჩევენ. ზარინა სანაკოევა media.ge- სთან საუბარში აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ საერთოდ არ აღიარებს და ხშირად აკრედიტაციების გაცემის დროსაც კი პრობლემებს ქმნის. მისი თქმით, ასეთი გამოკითხვა-რეიტინგები ცხინვალში ყოველწლიურად ტარდება და ბევრს ეს ყველაფერი სასაცილოდ არ ყოფნის, რადგან მოხელეები ჟურნალისტებს კი არა, ასევე მოხელეებს ირჩევენ.
დეფაქტო რესპუბლიკაში დამოუკიდებელი მედია არ არსებობს. იმ ჟურნალისტებს კი, ვინც განსხვავებული მასალების მომზადებას ცდილობს, ხშირად დევნიან. უნდა აღვნიშნოთ, გაზეთ „21–ე საუკუნის“ რედაქტორი - თემურ ცხოვრებოვი. ის ცხინვალის ცენტრში სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ საზღვარგარეთ ქართველ კოლეგებს შეხვდა. ცემამდე იგი ჯერ მოღალატედ გამოაცხადეს. მის ცემაში მაშინ დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც დღესაც ეგრეთწოდებულ საკანონმდებლო ორგანოში სხედან. ცხოვრებოვის ცემის ფაქტზე დღემდე არავინ დასჯილა.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება