Style TV - ახალი ტელევიზია მარტიდან
მიმდინარე წლის პირველი მარტიდან ქართულ მედიაბაზარზე მაუწყებლობას ახალი ტელეკომპანია Style TV იწყებს. არხი გასართობი მიმართულებისა იქნება. კომპანიის მფლობელი და დირექტორი შოუ ბიზნესში ცნობილი სახის, ნინო ნოდიას (ზუზუ) მეუღლე ვახტანგ კუპრავაა. მისი განმარტებით, სამაუწყებლო ბადე მოდის, ხელოვნებისა და კულტურის შესახებ მომზადებული პროგრამებით შეივსება.
„გადაცემები ძირითადად ქართული, ჩვენ მიერ შექმნილი იქნება. თუმცა, უცხოურ პროდუქციას, ვთქვათ, ფილმებსაც გავუშვებთ“, - უთხრა Media.Ge-ს ვახტანგ კუპრავამ და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიისთვის კადრების დაკომპლექტება ძირითადად დასრულებულია. ტელეკომპანიაში გადაცემის წამყვანები ჯერ სრულად არ შეურჩევიათ.
Style TV საწყის ეტაპზე საცდელი მაუწყებლობის რეჟიმით გავა ეთერში. სრული დატვირთვით კი აპრილიდან იმაუწყებლებს. ტელეკომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 27 იანვარს საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო სპეციალიზირებული მაუწყებლობის ლიცენზია მისცა. ტელეკომპანია ყოველ დღე 18 საათის განმავლობაში გავა ეთერში და საკუთარ პროგრამებს თბილისის მასშტაბით გაავრცელებს.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება