საია-ს რეკომენდაციები კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ფორმირების შესახებ
“ვინ იქნება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი ამის შესახებ დღეს საბოლოო გადაწყვეტიელებას პრეზიდენტი იღებს, რაც უმჯობესია წარმომადგენლობითმა ორგანომ გააკეთოს, იმისათვის, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული”, – ეს არის ერთ–ერთი საკითხი იმ კვლევიდან, რომელიც 31 იანვარს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფორმირების წესისა და უფლებამოსილების ფარგლების შესახებ წარმოადგინა.
კვლევის მიზანი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზი იყო. საიამ კომისიის საქმიანობის, მისი დამოუკიდებლობის ხარისხის, კომისიონერების (კომისიის წევრების) არჩევის წესის, თავმჯდომარის დანიშვნის, ინტერესთა კონფლიქტის, კომისიონერის თანამდებობიდან გათავისუფლების და ანგარიშვალდებულების წესები განიხილა და თითოეულ საკითხზე საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინა.
დღევანდელი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი „უმაღლესი განათლების და საზოგადოებრივი აღიარების“ მიხედვით 6 წლის ვადით ხუთ წევრს ირჩევს კომისიაში. კომისია მაუწყებლობის და კომუნიკაციების სფეროს არეგულირებს. მათ შორისაა – ლიცენზიის გაცემის, სიხშირის მინიჭების, მაუწყებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები.
საია–ს კვლევაში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის მიერ კომისიის წევრის ერთპიროვნული დანიშვნა ხელს შეუშლის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების განვითარებას.
„მოსახლეობის სიმცირის, დაბალი სამართლებრივი განვითარებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული ცხოვრების წესის გამო, კომისიონერმა (კომისიის წევრმა) რომელსაც პრეზიდენტი უშუალოდ შეარჩევს, დიდი ალბათობით, შესაძლოა, თავი მიიჩნიოს ანგარიშვალდებულად. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მან თავისი საქმიანობით ხელი შეუწყოს მხოლოდ კონკრეტული პირის ნების მატარებელი სუბიექტების საქმიანობას და განგებ დააბრკოლოს განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირები“, – აღნიშნულია საია–ს კვლევაში. დაბრკოლება კი საია–ს აზრით, შესაძლოა ოპოზიციურად განწყობილ პირებზე, მაგალითად, სამაუწყებლო ლიცენზიის არ გაცემით გამოიხატოს.
საია –ს რეკომენდაციაა, რომ საქართველოს პარლამენტთან შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იქნება სახალხო დამცველის ორი და მედია საკითხებზე მომუშავე ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლით, განიხილოს აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. თუ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, კომისია მას პარლამეტს წარუდგენს. გადაწყვეტილება კი, ფარული კენჭისყრის საფუძველზე, პარლამენტმა უნდა მიიღოს.
ამ რეკომენდაციის საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის იურისტს, კახი ყურაშვილს. მისი განმარტებით, ეს პუნქტი მიზნად ისახავს კომისიის მეტ დამოუკიდებლობას, თუმცა კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილების პარლამენტისთვის გადაცემის საკითხი სადაოა.
“მაგალითად, დღეს პარლამენტი არის, ფაქტობრივად, მონოპარტიული. ერთი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ განსაზღვრავს ესა თუ ის კანონი მიიღება, თუ - არა. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, თუ პარლამენტი?” - ამბობს ყურაშვილი.
„ჩვენი რეკომენდაცია არ ეხება კონკრეტულ შემთხვევას და კანონი არ უნდა მოვარგოთ კონკრეტულ მთავრობას“, – ამბობს კვლევის ავტორი, იურისტი ნათია კაპანაძე.
კვლევაში კომისიის წევრის არჩევის კრიტერიუმი აგრეთვე ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა. საია-ს აზრით, მხოლოდ „უმაღლესი განათლების და საზოგადოებრივი აღიარების“ საფუძველზე კომისიის წევრის არჩევა არასაკმარისი პირობაა.
„მაგალითად A არის მუსიკოსი, რომელსაც დამთავრებული აქვს კონსერვატორია, ის საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში. როგორც კარგი მუსიკოსი სარგებლობს საყოველთაო აღიარებითა და ნდობით. მოცემულ შემთხვევაში A სავსებით აკმაყოფილებს კომისიის წევრობის კანდიდატისთვის დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ რამდენად შეძლებს A სალიცენზიო გადასახდელისა და რეგულირების საფასურის ოდენობის ან გადახდის წესის განსაზღვრას, ქცევის კოდექსის მიღებას, რადიოელექტრონული საშუალებების ელექტრომაგნიტური თავსებადობის და მისი საერთაშორისო სამართლებრივი დაცვის კოორდინაციის პროცესებში სრულყოფილ ჩართვას თუ მას არ ექნება სპეციალური ცოდნა?“– განმარტებულია კვლევაში.
ამიტომ, მიჩნევს საია, რომ კომისიის წევრობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები უნდა შეიცვალოს. კვლევის ავტორების აზრით, კანდიდატობის მოთხოვნა უნდა იყოს იურიდიული ან ტექნიკური (ანუ კომუნიკაციების რეგულირების სფეროს ცოდნა) განათლება და პროფესიით მუშაობის არანაკლებ სამ წლიანი გამოცდილება.
საია-მ აქვე განმარტა, რომ კვლევაში წარმოდგენილი რეკომენდაციები საბოლოო ხასიათს არ ატარებს და სანამ ესინი პარლამენტს წარედგინება, ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებს შორის დისკუსია ამ თემაზე უნდა გაგრძელდეს.


ახალი კომენტარის გამოქვეყნება