view counter

Опрос

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

12 March, 2010 - 00:32

დიდ ზამთარს გაყოლილი კაცი

მძიმე და სუსხიანი ბრძოლების შემდეგ, ალაზნის ველზე „შეშლილივით მოკვდა თებერვალი". აქა-იქ ტყემლის მამაცი ყვავილები გამოჩნდნენ და ატმის ბაღებმა საპატარძლო მზადება იწყეს. საცაა ბელტი ამობრუნდებოდა, ხნულს ოხშივარი აუვიდოდა, კახეთის მთები იდუმალ ნისლებს მოითხოვდნენ და გაზაფხულიც მარადიული სიცოცხლის სადიდებლად მრავალჟამიერს დააგუგუნებდა...

მომაკვდავი თებერვლის უკანასკნელ დღეს თბილისში, რუსთაველზე, უამრავი ადამიანის თვალწინ წაიქცა თანამემამულეთა უადამიანობით გაწამებული უცნაური კაცი. უცნობი გულშემატკივრებითა და ცნობისმოყვარეებით გარშემორტყმულმა ერთი ყლუპი წყალი მოითხოვა, მერე ცას მავედრებელი თვალებით გახედა და ესღა თქვა - ნუ შეწუხდებით, მე ახლა მოვკვდები.
და გათავდა.

ეს კაცი გიორგი ჩოჩიშვილი იყო - ალმასივით მჭრელი და ბრწყინვალე გონების ადამიანი, მრავალთა მეოხი და მეგობარი. ვისთვის ბატონი გიორგი, ვისთვის - გოგი, ვისთვის, უბრალოდ - ჩოჩიკა. კაცი, ვინც დიდი ხანია დაიბევა ღირსეული ადგილი თანამედროვე ჟურნალისტიკის ისტორიაში.
რკინასავით მაგარი და ხარივით ამტანი გოგი ჩოჩიშვილი მრავალი წლის განმავლობაში თავდავიწყებული სიჯიუტით დაეძებდა საკუთარ ბედისწერას.

ბოჰემური ცხოვრება იტაცებსო, ღვინოში იხრჩობაო, ნიკალასავითაა, დილაადრიან ჭიქა არაყით გაიხსნის მადას, მერე ადგება ვით მთვარეული და ორთაჭალის ლამაზებს ხატავსო. თუ არ დალია, ისე იმ მართლაც ბრწყინვალე, ანტიკურ სტატიებს ვერ დაწერსო...
ისიც იფერებდა, ცდილობდა, სწორედ, ასეთად მოეჩვენებინა თავი.
ჩვენ, მისმა მეგობრებმა, ვიცოდით ის, რის დამალვასაც ცდილობდა ჩვენი ჩოჩიკა მორცხვი ღიმილით და მოჩვენებითი უდარდელობით უსახლკარობის, უსახსრობის, უსამართლობის გამო თავს დატეხილი დარდებისა.

საკუთარ თავსაც ვერ უმხელდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და დამსახურებულ ჟურნალისტს ლუკმა-პური ენატრებოდა, თავშესაფარი არ ჰქონდა, სკამი და მაგიდა არ ჰქონდა, გაზეთის საყიდელი ფული არ ჰქონდა, თბილი ლოგინი არ ჰქონდა, ქალის ალერსი აუხდენელ ნატვრად ქცეოდა...

ვიცოდით და, ვაი, რომ დიდად ვერაფრით დავეხმარეთ, იმიტომ ვერ დავეხმარეთ, რომ დღევანდელ საქართველოში პატიოსანი ჟურნალისტები დანარჩენი პატიოსანი მოქალაქეებივით სიღატაკეში ცხოვრობენ. იმათ კი, ვინც ქართული დღევანდელობის სამოთხედ წარმოდგენას ლამობენ, ჩოჩიშვილისნაირთა არც სოცოცხლე და არც სიკვდილი არაფრად უღირთ.
გოგი ჩოჩიშვილის სიცოცხლე და სიკვდილი იყო ხელისუფლებისგან ჩარეცხილ-გარიყულთა მრისხანე პროტესტი თანამედროვე უგუნური სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ.
ხვალ გაზაფხული ისევ მოვა. ალაზნის ველი ატმის ყვავილების ზღვაში ჩაიძირება. მარადიული სიკეთის, სამართლიანობის და სიცოცხლის ნიშნად, მრავალჟამიერიც დაგუგუნდება. იმან იკითხოს, ვისაც არმად ნაშოვნი ამქვეყნიური სიკეთე და ჩინ-მედლები ოდესმე ყელზე დაადგება, თორემ გოგი ჩოჩიშვილი? - მას ხომ
მიწაც მოუხნავს, ქვა-მარილიც აულოკია,
მიდის ჭალაში სტვენა-სტვენით ბიჭი გოგია.

Комментарии

Анонимный, 17 марта, 2010 - 13:20:58

vauuu,zalian momewona....

NM, 21 марта, 2010 - 02:18:11

მაპატიე დაგაკელი ყურადღება:(

Отправить комментарий

Содержание этого поля является приватным и не предназначено к показу.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.