ახალგაზრდა იურისტების კვლევის შედეგებით "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მედიის თავისუფლება შეიზღუდა
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" საქართველოში მედიის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოში სიტყვის თავისუფლება შეიზღუდა, გაიზარდა მედიაზე ცენზურა, ხოლო ჟურნალისტებზე ძალადობა მასშტაბური გახდა.
ახალგაზრდა იურისტებმა მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყნის მასშტაბით 55 ჟურნალისტი გამოკითხეს, ჩატარდა ტელეკომპანიების გადაცემებისა და პრესის მონიტორონგი.
კვლევის შედეგების პრეზენტაცია 16 დეკემბერს, ბათუმში ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში მოეწყო. როგორც კვლევამ აჩვენა, ჟურნალისტების 62%-ის აზრით, მედია ნაწილობრივ თავისუფალია. 46%-ს მიაჩნია, რომ სიტყვის თავისუფლება საგრძნობლად შეიზღუდა. 31%-სთვის მედია არ არის თავისუფალი, ხოლო 7% დარწმუნებულია, რომ მედია თავისუფალია და ხელისუფლების მხრიდან არ განიცდის ზეწოლას. ამავე დროს, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი - 54 % თვლის, რომ რევოლუციის შემდეგ საჯარო ინფორმაციის მოპოვება გართულდა, თუმცა, 22 პროცენტის აზრით, პირიქით, გაადვილდა.
სახელმწიფო უწყებებიდან, რომლებიც მედიას ყველაზე მეტად ავიწროვებენ, ჟურნალისტების 42%-მა შს სამინისტრო დაასახელა, 15%-მა - პროკურატურის ორგანოები, ხოლო 7%-მა - თავდაცვის უწყება.
გამოკითხული ჟურნალისტების 56%-ის აზრით, საინფორმაციო საშუალებებს შორის ყველაზე თავისუფალი ინტერნეტ-გამოცემებია, 28%-ის აზრით ბეჭვდითი მედია, ხოლო 8-8 პროცენტმა ყველაზე თავისუფალ მედია საშუალებებად რადიო და ტელევიზია დაასახელა.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება