20 დეკემბერი, 2011 - 13:47

ორმხრივი „ტკბობა“

ორმხრივი „ტკბობა“

ბოლო ხანია,  რამდენიმე მედიასაშუალებისა და მათი მკითხველების ურთიერთობა სადისტისა და მაზოხისტის ურთიერთობას დაემსგავსა. ისინი გვაწვალებენ და ჩვენც თავს ვიწვალებთ.
სიამოვნებასაც ალბათ თანაბრად ვიღებთ, ისინი საიტის ვიზიტორების რაოდენობით,  ჩვენ - დაგროვილი აგრესიისგან გათავისუფლებით.

საქმე ისაა, რომ ჩვენს მედიასივრცეში ჟურნალისტიკის ახალი ჟანრი გაჩნდა, მთავრობასთან არსებული აგრესიულ-მარაზმატული ჟურნალისტიკა. ამ მიმდინარეობით ძირითადად ერთი ჰოლდინგის ვებ-გვერდები არიან დაკავებული. საუბარია “კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფზე”. საკმარისია დადასტურდეს რომელიმე პოლიტიკოსის ან საჯარო ფიგურის ოპოზიციური პოლიტიკური გადახრა, მათ საიტებზე, შეიძლება ითქვას, დღესასწაული დგება. უმალვე ჩნდება ამ პიროვნების რუსეთთან კავშირის “დამადასტურებელი” მასალები, გაფორმებული ცოტაოდენი უხამსი სიტყვებით, მარტივი ასოციაციური შედარებებითა და წარსულში ჩადენილი ცოდვებით, რომლებიც შეიძლება არ არსებობდეს, მაგრამ ჟურნალისტების ფანტაზია და მარჯვე კლვიატურა ამ სიცარიელესაც ავსებს. ხოლო თუ პოლიტიკურად მშვიდი პერიოდია, მაშინ სექსუალურ სკანდალებს, ბიოლოგიურ ანომალიებსა და სასტიკ მკვლელობებს სათვალავი აღარ აქვს. სამაგიეროდ,  სახელისუფლებო გუნდის შესახებ დაწერილ ყოველ წინადადებაში იგრძნობა „გულწრფელი სიყვარული“.

თუმცა მთავარი უცნაურობა ისაა, რომ არავის სჯერა ამ მედიაჰოლდინგის საიტებით გავრცელებული ინფორმაციის. მიუხედავად ამისა მათზე,  შეიძლება ითქვას,   ვიზიტორების წყვეტაა.

დღე არ გავა, რომ “ფეისბუკზე” შესულს რამდენიმე ათეული მეგობრის „დაშეარებული“ სტატიები არ დამხვდეს  presa.ge / droni.ge-დან. რა თქმა უნდა, წინ წამძღვარებული ტექსტით - “ეს ჟურნალისტები ადამიანები არიან საერთოდ?” , “აღშფოთებული ვარ,” “რა საშინელებაა” და ა.შ.  მერე მიდის გმობის, ლანძღვის გამომხატველი „სმაილებისა“ და კომენტარების ჩამომწკრივება და შეჯიბრი,  ვინ უფრო კრეატიული აღმოჩნდება საშინელების საშინელებად შეფასებაში.

და ასე გრძელდება დაუსრულებლად. საბოლოოდ კი ჩვენ, მკითხველები,  ვრჩებით აღშფოთებულნი, ზემოხსენებულ  ოდიოზურ საიტებს კი  ვიზიტორები ემატებიან. მათი რაოდენობის ზრდა  ნიშნავს ბევრ რეკლამას, ბევრი რეკლამა კი ბევრ ფულს (თუმცა არა მგონია,  ამ  მედიასაშუალებებს ფინანსურად უჭირდეთ).

მიკერძოებული მედიაც მინახავს და  ყვითელზეც მსმენია რაღაც, მაგრამ ზემოთ ნახსენები მედიასაშუალებები რა კატეგორიაში გავიყვანო - არ ვიცი. რაღაც ახალი ფენომენია პოსტრევოლუციურ საქართველოში. ჯერჯერობით, არ შემხვედრია ადამიანი (თავად ამ საიტებზე მომუშავე რამდენიმე “პატრიოტის” გარდა), რომელიც იტყოდა, რომ ერთგან ან მეორეგან ოდესმე რამე ღირებული წაუკითხავთ. მიუხედავად ამისა, ქართული საიტების რეიტინგში ისინი ოცეულში  შედიან. presa.ge-ს დღეში,  საშუალოდ,  30 000-მდე ვიზიტორი ჰყავს, droni.ge-ს კი - 18 000-მდე. მიუხედავად საყოველთაო ნეგატიური დამოკიდებულებისა,  ამ ვებ-გვერდებზე გამოქვეყნებულ  სტატიებს იმდენი კომენტარი ახლავს, რომ ნებისმიერ მედიასაშუალებას შეშურდება. კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია - შედარებით  ნეიტრალური ტონის სტატიებს, თითქმის არავინ კითხულობს და, შესაბამისად,  ამას მცირე კომენტარებც არ ახლავს. ამიტომ,  სრულიად გულწრფელად მიჩნდება კითხვა: რატომ შედიან ადამიანები presa.ge-ზე და  droni.ge-ზე, თუკი მათი  სტატიები  ნერვებს უწყვიტავთ? რატომ „აშეარებენ“  ისინი სოციალურ ქსელებში სტატიებს,  რომლებსაც ინფორმაციული ღირებულება არ აქვს?  

პ.ს. ჟურნალისტურ წრეებში საკმაოდ ბანალური ქეისია პოლონეთში მომხდარი შემთხვევა, როდესაც მოსახლეობამ ტელევიზორები ეკრანით ფანჯრისკენ შეატრიალეს,  მედიისადმი უნდობლობის ნიშნად. დაახლოებით მსგავსი აქცია მოაწყვეს რამდენიმე დღის წინ, ისრაელში,  ადგილობრივი მაუწყებლობებით აღშფოთებულმა ულტრა-ორთოდოქსებმა,   მათ ათასობით ტელევიზორი ყველას თვალწინ  დაამტვრიეს. სამწუხაროა,  რომ ჩვენ ჯერ კიდევ აღშფოთებით ტკბობის ხანა გვიდგას და არ შეგვიძლია უარი ვთქვათ ინფორმაციულ ნაგავზე, რომელიც ინტერნეტში კომპიუტერული ვირუსებივით ვრცელდება. 

ლაშა, შენი ეს სტატია რით

ლაშა, შენი ეს სტატია რით განსხვავდება იმ სტატიებისგან, რომლებიც, შენი თქმით, "აღშფოთებით ტკობობას" იწვევს? თუკი წერ, რომ ჯერ არ შეგხვედრია ვინმე, რომელიც იტყოდა, რომ ამ საიტებზე რაიმე ღირებული გამოქვეყნებულა, მინიმუმ, არაობიექტური ხარ და მაქსიმუმ, დაბოღმილი. ორივე ცუდია, დამიჯერე. ჯერ არ ხარ იმ ასაკში, რომ ასე დაბოღმილი იყო. და რა თქმა უნდა, სრული სიცრუეა, რომ ამ საიტების რეიტინგი მხოლოდ "აღშფოთებულთა" დამსახურებაა. მიზეზი იქნებ ისაა, რომ შენ მხოლოდ "აღშფოთებული" სამეგობრო გყავს და არა ისეთი, რომლებიც ამ საიტების პათოსს იზიარებენ? ამის გარკვევა, მგონი, არ იქნებოდა უინტერესო. და კიდევ ერთი: "დრონი.ჯი" ცალკე, დამოუკიდებელი პორტალია და არ შედის "კავკასიის ინტერნეტმედიაჯგუფში", არ ეკუთვნის ამ ჰოლდინგს. რახ შეეხება სექსუალური, ყვითელი და სხვა ხასიათის მასალებს, რა თქმა უნდა, ასეთებიც ქვეყნდება – შესაბამის რუბრიკებში. ის, რომ განახლებულმა "დრონი.ჯი"–მ ქართულ ინტერნეტსივრცეში რეკორდი მოხსნა და მაისიდან დეკემბრამდე მისი საშუალო ვიზიტორების რიცხვი დღეში უკვე არა 18.000, არამედ 20.000 გახდა, ვერანაირად ვერ იქნება მხოლოდ "აღშფოთებით ტკბობის" მოყვარულთა დამსახურება. ისე კი, შენი ეგ სტატიაც ერთ–ერთ რეკლამად შეიძლება ჩაითვალოს. თუ სხვებს ეკითხები – რატომ კითხულობთ, თუ ნერვებს გიშლითო, იგივე ფორმით შენთვისაც შეიძლება კითხვის დასმა: რატომ წერ, თუ ასე უმნიშვნელო ვებ–გვერდებია? ვინც არ იცის, მათ გასაგონად დავძენ – მე "დრონი.ჯი"–ს მთავარი რედაქტორი ვარ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.