მოცრუებულნი
წინა კვირაში ქართულ-რუსული მედია ერთობ უცნაურმა პანიკამ მოიცვა.ყველაფერი იმით დაიწყო, რომ რუსულ საინფორმაციო პორტალზე www.wek.ru გაჩნდა ნიუსი, რომელიც გვამცნობდა, რომ თურმე კოსმოსიდან დედამიწისკენ მოემართება უცხოპლანეტელების სამი გიგანტური ხომალდი, რომლებიც ჩვენს პლანეტას, სავარაუდოდ, ნოემბერში მოაღწევენ (http://www.wek.ru/obsh/90896-k-zemle-priblizhayutsya-nlo.shtml).
თანაც - აღნიშნული იყო წერილში - ეს იქნებოდა საბრძოლო შემოჭრა, იმიტომ, რომ „ჩამოსულების" მზვერავი ხომალდი ალასკიდან დააფიქსირა SETI-ს ტელესკოპმა.
ამ ყველაფრის დამადასტურებლად ნიუსის ავტორებს მოჰყავდათ ფაქტი, რომ ეს ინფორმაცია დაადასტურა „WikiLeaks"-მა, რომელიც, როგორც წესი, გასაიდუმლოებულ ინფორმაციას ფლობს ხოლმე.
ამის გამოქვეყნება იყო და თითქმის ყველა ქართულმა ინტერნეტგამოცემამ დადო თავის გვერდზე მომავალი კონტაქტის ამბავი.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ქართულმა ტელეარხებმა - „იმედმა" და „რეალ-TV"-მ თავიანთ საინფორმაციო გამოშვებებში გამოაცხადეს ეს ყველაფერი.
მოკლედ, საქმე ისე წავიდა, ერთი „ვიდეოპრისტავკა" და ჯაბა იოსელიანი გვაკლდა, თორემ 90-იან წლებში მეგონა თავი.
ამიტომ, შეცდომაში რომ არ შევსულიყავ და სხვაც არ შემეყვანა, ავდექი და თავად „WikiLeaks"-ზე დავუწყე ძებნა აღნიშნულ ინფორმაციას.
როგორც ერთი ჩვენი ნაცნობი ამბობს ხოლმე - ნურას უკაცრავად!
ვერაფერიც ვერ ვიპოვე.
შემდეგ შევედი SETI-ს საიტზე, სადაც ამ ინფორმაციის ოფიციალური უარყოფა ვიპოვე (www.seti.org).
ახლა, რომ გითხრათ, სხვა რამეს ველოდი-მეთქი, მოგატყუებთ. თუ მართლა გასაიდუმლოებულია ეს ინფორმაცია, SETI რომ არ დაადასტურებდა, ვიცოდი. მაგრამ Wikileaks-ის დუმილიც საეჭვოდ მეჩვენა და ინფორმაციის პირველწყაროს მიგნების იმედით, გადავინაცვლე google-ს საძიებო სისტემაში.
დაახლოებით სამსაათიანი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა, მივაგენი.
სინამდვილეში ინფორმაცია გაუვრცელებია არა საიტ www.wikileaks.org -ს, რომელიც ლეგენდარულ ჯულიან ასანჟს ეკუთვნის, არამედ საიტს www.wikileaksnews.org, რომელიც დამოუკიდებელია და ასანჟთან საერთო არაფერი აქვს.
ანუ, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ვიკილიქსის ადიბასია და მეტი არაფერი.
მოდი, ახლა ამას სხვა მხრიდან შევხედოთ - მსგავს ინფორმაციებს, რაც უნდა სერიოზული წყაროდან მოდიოდეს, ქართული არხები არ აშუქებენ ხოლმე.
ბუნებრივიცაა - ინფორმაციები უცხოპლანეტელებზე, მფრინავ თეფშებსა და მსგავს რაღაცეებზე არასერიოზულია, არამეცნიერულია და მაუწყებელს სერიოზულობისა და სანდოობის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.
მაშ, რატომ ავრცელებენ ამას ქართული და რუსული არხები? გასაგებია, რომ ის, ადიბასი საიტი, ფულის საშოვნელად სპეკულირებს ვიკილიქსის სახელით.
მაგრამ რა აიძულებთ ქართულ არხებს? იქნებ ის, რომ ვიკილიკსის დისკრედიტაცია მომხმარებლის თვალში ვიღაცას აწყობს? იქნებ ნამდვილი ვიკილიკსის საიდუმლო ინფორმაციათა ბაზაში იმ ვიღაცაზეც დევს რაღაც-რაღაც დოკუმენტები, რომელიც მალე გამოქვეყნდება?
ახლა არ მითხრათ, უცხოური ინფორმაციაა და ქართველები ვიკილიკსს არ ერჩიანო! ეს ქართველები ვართ, ინფორმაციას რომ ვართ მიჩერებულები და მეტი არაფერი გვაინტერესებს, თორემ საზღვარგარეთ ყოველდღიურ რუტინაში ისეა ჩართული ხალხი, მართლა რომ ჩამოვიდნენ უცხოპლანეტელები, სანამ სამუშაო დღე არ დამთავრდება, ვერავინ გაიგებს.
ხომ გახსოვთ, საბავშვო მოთხრობა „ცრუ"? მგელი! მგელიო! მწყემსი რომ ყვირის ტყუილად და მერე, როცა მართლა მგელი მოვა, აღარავინ რომ დაეხმარება?
და რა უნდა ვქნათ, როცა რომელიმე გამოცემა ტყუილად არ ყვირის?
სწორია - მისი სახელით, მის მაგივრად უნდა ვიყვიროთ!
ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც ამას დაიჯერებს და უფასოდ გაავრცელებს - კარგი გამოგონებაა ინტერნეტი, მით უმეტეს, ჩვენნაირი არაპროფესიონალებისთვის!
ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი ცრუ ინფორმაცია გვაქვს გადაყლაპული ვიკილიკსის სახელით?
დროებით!
ici leqso ras getkvi...
ახალი კომენტარის გამოქვეყნება