შეწყდეს ზეწოლა მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე! - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
„ადამიანის უფლებათა ცენტრმა", კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) და „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებაა გავრცელეს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოვთქვამთ მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით და შესაბამის ორგანოებს სასწრაფო რეაგირებისკენ მოვუწოდებთ.
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ერთადერთი დამოუკიდებელი მედიასაშუალებაა რეგიონში, რომელიც ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით, 2011 წლის ივნისიდან მუშაობს. ორგანიზაციის მიზანია რეგიონში არსებულ პრობლემებზე ჟურნალისტური მასალების მომზადება და გავრცელება. მცირე ხნის მანძილზე, მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა გააშუქა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები და სხვა პრობლემატური საკითხები, დაიწყო ჟურნალისტური გამოძიებები. ცენტრის მასალებზე დაყრდნობით, ინფორმაცია გავრცელდა ნაციონალური ტელევიზიების, გაზეთების და საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით.
მცხეთა - მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ობიექტურ მუშაობას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. საინფორმაციო ცენტრის ადგილობრივი ჟურნალისტები დააშინეს და სამსახურის დატოვება აიძულეს. სამსახური დატოვა მძღოლმაც. ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, ცენტრს შეუქმნას პრობლემები ოფისთან დაკავშირებითაც, რომელიც (ხელშეკრულების საფუძველზე) კერძო პირის სახლშია განთავსებული.
არასამთავრობო ორანიზაციები მივმართავთ მცხეთა-მთიანეთის ადგილობრივ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ზეწოლა ჟურნალისტებზე. ასევე, მივმართავთ მთავრობას და სხვა უფლებამოსილ პირებს, აღნიშნულ რეგიონში უზრუნველყონ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა".
ადამიანის უფლებათა ცენტრი
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ახალი კომენტარის გამოქვეყნება