"გორის მაცნე" "ლომჭაბუკის" ნაცვლად
გორის მუნიციპალიტეტს ახალი ოფიციალური ბეჭდვით ორგანო აქვს. გაზეთი "გორის მაცნე" არასამეწარმეო იურიდიული პირის შპს "ლომჭაბუკის" ბაზაზე დაფუძნდა. გაზეთმა სახელთან და ორგანიზაციულ - სამართლებრივ ფორმასთან ერთად შეიცვალა შინაარსიც. "გორის მაცნეს" დაემატა რამდენიმე რუბრიკა და შესაბამისად გაიზარდა გაზეთის გვერდების რაოდენობაც. გაზეთი 350 - იანი ტირაჟით გამოდის და მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავრცელდება.
ყოველკვირეული გაზეთი გააშუქებს საზოგადოების აქტუალურ პრობლემებს, მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს და თვითმმართველობის მიერ მიღებულ ადმინისტრაციულ, სამართლებრივ და ნორმატიულ აქტებს. მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობაზე გაზეთ "გორის მაცნეს" შვიდი თანამშრომელი იზრუნებს.
"გაზეთი წინამორბედთან შედარებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ვეცდებით მაქსიმალურად გავაშუქოთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესები, რათა მოსახლეობა მეტად იყოს ინფორმირებული თვითმართველობის საქმიანობაზე", - აცხადებს "გორის მაცნეს" დირექტორი და მთავარი რედაქტორი მარიკა ზაქარაშვილი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება