პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრები - სტუდია "მონიტორის" ახალი ფილმი
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 70-მდე ობიექტი სიმბოლურ ფასად გაასხვისა. ამის შესახებ სტუდია "მონიტორის" ახალი ფილმი გვიამბობს, რომლის პრეზენტაცია 29 ივლისს ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ოფისში გაიმართა.
გიორგი მგელაძის ოცდაექვსწუთიანი ფილმის დიდი ნაწილი ქართულ მედიას ეხება. მათ შორისაა ისტორია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-სათვის გადაცემულ 226 ათასი კვ.მეტრი მიწის ფართობზე, რომელიც თბილისში სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარეობს. "მონიტორის" ჟურნალისტმა დაადგინა, რომ ტელეკომპანიას ერთ კვადრატულ მეტრში 40 ლარი აქვს გადახდილი. თუმცა, კანონის მიხედვით, მერიას საბურთალოს რაიონში, სადაც ეს ქუჩა მდებარეობს, ამ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის 68 ლარზე ნაკლებად გაყიდვის უფლება არ აქვს.
გიორგი მგელაძემ კიდევ ორი ტელეკომპანიის საქმე გამოიძია. კერძოდ კი, "რეგიონ ტვ"-ს (ყოფილი "ალანია"), რომელსაც პრეზიდენტმა მთაწმინდაზე ზუბალაშვილების #34-ში ერთ ევროდ 234 კვ/მ მიწა აჩუქა, და "რეალტივი"-ს, რომლის ოფისიც სხვის საკუთრებაში არსებულ სამსართულიან შენობაშია განთავსებული.
აღნიშნული სახლი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით კეკუას ოჯახის საკუთრებაა. თავად კეკუამ კი, ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს ციხეში თავი მოიკლა. თუმცა, ამ შენობაზე კომენტარის გაკეთება არც ტელევიზიის და არც ოჯახის წარმომადგენლებს არ სურთ.
ფილმში ყოფილი ტელეწამყვანის, ინგა გრიგოლიას ოჯახიცაა ნახსენები. ფილმის მიხედვით, ინგა გრიგოლიას, აწ უკვე საკრებულოს წევრის მამას, რომან გრიგოლიას, თბილისში პეკინის ქუჩაზე, 30-დან 50 ათას აშშ დოლარამდე ღირებულების ქონება 1310 ლარად საკუთრებაში გადასცეს.
ფილმის ავტორთა მრავალგზის მცდელობის მიუხედავად, არცერთ ამ საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციას პოზიცია არ გამოუხატავს. იურისტების განცხადებით კი, სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემა ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის და პრეზიდენტს არ აქვს უფლება ის ამ ფორმით განკარგოს, ან, გააჩუქოს.
"მონიტორის" მიერ გადაღებული "პრეზიდენტის "სიმბოლური" საჩუქრების" ნახვა დღეიდან უკვე სტუდიის ვებგვერდზეცაა (www.monitori.ge) შესაძლებელი.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება