"ქარვასლაში" ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
28 ივლისს თბილისის ისტორიულ მუზეუმში ( "ქარვასლა") საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული ორი ქართველი ჟურნალისტის ალექსანდრე კლიმჩუკისა და გიგა ჩიხლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 10 აგვისტომდე გაგრძელდება, წარმოდგენილია ალექსანდრე კლიმჩუკის მხატვრული და სოციალური თემატიკის ფოტონამუშევრები, ოჯახური ალბომი და რელიკვიები, გიგა ჩიხლაძის ფოტოები და პუბლიკაციები.
"ქარვასლაში" გახსნილი გამოფენის ავტორის, ნინო ზაალიშვილის თქმით, ისინი შეეცადნენ გამოფენა მრავალფეროვანი ყოფილიყო და მნახველს დაღუპული ჟურნალისტების პიროვნულ პორტრეტზე შექმნოდა წარმოდგენა.
"ვალდებულნი ვიყავით ეს პროექტი განგვეხორციელებინა, ამით საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენეთ ამ ორი ადანიანის ტრაგედია", თქვა ნინო ზაალიშვილმა.
"გამოფენა ჩაფიქრებული იყო ერთგვარი სიმბოლური ნიშნით, ის მიეძღვნა 2008 წლის ტრაგედიას. თუმცა აქ წარმოდგენილ ფოტომასალაში არ დომინირებს კონფლიქტის თემა, რადგან საშასა და გიგას შემოქმედება მრავალწახნაგოვნად არის წარმოჩენილი", -განაცხადა გამოფენის კურატორმა ქეთევან ტრაპაიძემ.
"ეს დღე ჩემთვის ძალიან ემოციურია, ბევრს ვერაფერს გეტყვით, მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებსაც საშა ახსოვთ და გამოფენაზე მოვიდნენ", უთხრა media.ge-ს ალექსანდრე კლიმჩუკის დედამ.
ალექსანდრე კლიმჩუკი და გიგა ჩიხლაძე 2008 წლის 10 აგვისტოში, საქართველო-რუსეთის
ომის დროს, ცხინვალის მიდამოებში დაიღუპნენ, თვითმხილველთა განცხადებით, ისინი საქართველოს რეგულარულ ჯარებთან მებრძოლი დაუდგენელი ფორმირების წევრებმა მოკლეს.
ალექსანდრე კლიმჩუკი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებულ უამრავ სააგენტოსა და ჟურნალ-გაზეთთან თანამშრომლობდა. იგი სამჯერ გახდა "იტარ-ტასის" მიერ დაწესებული ჯილდოს მფლობელი წლის საუკეთესო ფოტოგრაფიისათვის.
გიგა ჩიხლაძე იყო ტელეკომპანია "ალანიას" რედაქტორი, ფრანგული რადიო RFI-ს სპეცკორესპონდენტი და ჟურნალ "NEWSWEEK"-ის რეპორტიორი საქართველოში. ჩიხლაძე ცნობილი იყო თავისი მოღვაწეობით განსაკუთრებულად რთულ წერტილებში.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება