29 ივლისი, 2010 - 13:49

იცავს თუ არა სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი ჟურნალისტებს?

ჟურნალისტების ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. ასეთ ფაქტებზე წინასწარი გამოძიება ხშირად იწყება, თუმცა მისი  დასრულება  იშვიათად ხდება. არადა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ჟურნალისტის საქმიანობა "პრივილეგირებულია", სისხლის სამართლის კოდექსის  154-ე მუხლი ხომ  სწორედ ჟურნალისტების დასაცავად არსებობს. მასში განმარტებულია:

"1.ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-დან 140 საათამდე, ანდა გამასწორებელი ცხრა სამუშაო ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ისჯება ჯარიმით ან ტუსაღობით ვადით ორ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ."

ჟურნალიტებისთვის სამართლებრივი დახმარების მიზნით 2009 წლის ნოემბერში  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია),  ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით და  ევროკავშირის  ფინანსური სახსრებით,  შექმნა "მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი". დაარსების დღიდან ცენტრში იურისტებმა მედიის წარმომადგენლებს 700-მდე კონსულტაცია გაუწიეს, გარდა ამისა, ცენტრში შესულია  25 საქმე, მაგალითად, საჯარო ინფორმაციის დაბლოკვის, აუნაზღაურების მოთხოვნის, ან უკანონოდ დააჯარიმების შესახებ.  ამ საქმეების  საფუძველზე  საიას  ადვოკატები ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოებში იცავენ.

ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისა და ხელის შეშლის ფაქტებს დიდი ადგილი უკავია  სახალხო დამცველის მოხსენებებში, სადაც ამ საკითხს ყოველთვის ცალკე თავი ეთმობა. მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე ომბუდსმენის ოფისში ჟურნალისტის უფლებათა დარღვევის უკვე სამი ფაქტი დაფიქსირდა. სამივე შეთხვევაში საქმე სხვადასხვა მუხლით აღიძრა. პირველ შემთხვევაში გორში გამომავალი გაზეთის "ქართლის ხმის" რედაქტორი საბა წიწიკაშვილი გორის მუნიციპალიტეტის შენობაში ინფორმაციის მისაღებად მივიდა, თუმცა, არ შეუშვეს  და კიბიდან დააგორეს. საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად დაზიანება). ვიდეომასალის გადაღების საშუალება არ მისცეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს ლადო ბიჭაშვილს. გამოძიება 333-ე მუხლით  (სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტება) დაიწყო. მესამე შეთხვევა კი ზუგდიდში მოხდა. ადგილობრივ ჟურნალისტებს ილია ჩაჩიბაიასა და ნანა ფაჟავას ვიდეოკამერა ჩამოართვეს და ფოტოების გადაღების საშუალება არ მისცეს.  ძიება ორი მუხლით 333-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო,  მაგრამ  თუმცა, როგორც დაზარალებულები აცხადებენ, გამოძიება შეჩერდა.

"მხოლოდ ერთხელ ვიყავი ჩვენების მისაცემად დაბარებული, შემდეგ კი არავის გახსენებია ეს საქმე, თაროზე შემოდეს და უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება", - ამბობს ნანა ფაჟავა.

სახალხო დამცველმა ქალაქის მთავარ პროკურატურიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი საქმეა დაწყებული და დასრულებული 154-ე მუხლით 2004 წლის შედეგ, თუმცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოდან აცნობეს, რომ პროკურატურა ამ საკითხზე სტატისტიკას არ აწარმოებს.

სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სოფიო ბენაშვილის თქმით, საქმის გამოძიება 154-ე მუხლით იშვიათად იწყება და მაშინაც თითქმის დაუსრულებელი რჩება.

"გამოძიების პროცესი დიდხანს იწელება, სწორედ ამიტომ სახლახო დამცველი თავის ანგარიშებში ცალსახად მიუთითებს, რომ ჟურნალისტებისთვის უფლებათადარღვევის ფაქტებზე დაიწყოს სწრაფი, ეფექტური გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სწორედ 154-ე მუხლით," - ამბობს სოფიო ბენაშვილი.

"მედიის სამრთლებრივი დაცვის ცენტრის" ადვოკატი თამარ გურჩიანი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა  კანონმდებლობაშია.

"ეს არის სრულიად არაეფექტური მუხლი, რადგან სისხლის სამართლის კოდექსში ჟურნალისტის საქმინობაში  ხელის შეშლა  ცალკე დანაშაულად არ არის კვალიფიცირებული. მას უნდა ახასიათებდეს ის ნიშანი, რამაც გამოიწვია საქმინობის შეუსრულებლობა. მაგალითად,  ვერ გადაიღო ვიდეო, ვერ დაწერა სტატია, ვერ გამოაქვეყნა და ა.შ.  ამიტომ დანაშაულის კვალიფიკაცირება  ძალიან რთულია. მაგალითად, თუ ხელი გაარტყეს ჟურნალისტს, კიბეზე დააგორეს, თავი გაუტეხეს, მაგრამ მან მაინც გადაიღო ან გამოაქვეყნა მასალა, დამნაშავე შეიძლება  ხულიგნობაში ან სხეულის განზრახ დაზიანებაში დაადანაშაულონ, მაგრამ   არა ჟურნალისტურ საქმინობაში ხელის შეშლაში. ის,  ვინც დანაშაულს კვალიფიკაციას ანიჭებს, შედეგს ვერ ხედავს, ვინაიდან ჟურნალისტმა მაინც გამოაქვეყნა მასალა. ზოგადად ჟურნალისტების წინააღმდეგ  განხორციელებული  ძალადობის განსაზღვრის პრობლემა დგას საქართველოში, რაც უკავშირდება კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ ბევრი საქმე, ჟურნალისტების უფლებების შელახვასთან  დაკავშირებით, არა  154-ე მუხლით, არამედ სხვა მუხლით აღიძვრება ხოლმე",- განმარტავს თამარ გურჩიანი

საგულისხმოა, რომ  საქმე 154-ე მუხლით მაშინაც არ აღძრულა, როდესაც 2009 წლის  15 ივნისს, შსს-ს მთავარი სამმართველოს წინ მიმდინარე  საპროტესტო აქციის დარბევისას, ტელეკომპანია "მაესრტოს" ჟურნალისტ ანა ბროლაძესა და ოპერატორ შოთა კაპანაძეს ვიდეო კამერა წაართვეს,   კასეტები დაუზიანეს, რის გამოც მასალის ეთერში გაშვება  ვეღარ მოახერხეს. ამ შემთხვევაში გამოძიება 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) დაიწყო.

"ამ ინციდენტის შემდეგ სასამართლოში ორი სარჩელი შევიტანეთ, ერთი აქციის მონაწილეების სახელით, და მეორე   ჟურნალისტების უფლებათა შელახვის ფაქტზე. თუმცა გამოძიება დაიწყო 226-ე მუხლით. ჩვენ ვითხოვდით დანაშაულის კვალიფიკაციის შეცვლას, მაგრამ ამაოდ.  სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია საგამოძიებო ორგანოების ამგვარი  გადაწყვეტილებების  გასაჩივრება" - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოცაციის იურისტი ნათია კაციტაძე, რომელიც ტელეკომპანია "მაესტროს" ხსენებული ჟურნალისტების ინტერესებს იცავს. ანა ბროლაძისა  და შოთა კაპანაძის საქმის ეფექტური გამოძიების მიღწევის მიზნით, ადვოკატმა  სარჩელი ევროსასამართლოშიც შეიტანა.    საქმე რეგისტრაციაში უკვე გატარდა და მინიჭებული აქვს სახელი "ტელეკომპანია "მაესტრო" და სხვები საქართველოს წინააღმდეგ".

იშვიათად, მაგრამ მაინც ყოფილა შემთხვევა, როცა მსჯავრდებული სწორედ 154-ე მუხლით გაასამართლეს. მაგალითად, ამ მუხლით  იხდის სასჯელს ვლადიმერ ვახანია, რომელიც  ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავდა.   მას ზუგდიდში  გამომავალი გაზეთის "სამეგრელოს ქრონიკის"  ჟურნალისტებმა უჩივლეს. მომჩივანთა განცხადებით,  ვლადიმერ ვახანიამ მათ მუქარის ძალით აუდიოკასეტა წაართვა, სადაც მისი გამოუქვეყნებელი ინტერვიუ იყო ჩაწერილი.  ჟურნალისტების ინტერესს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, თუმცა თამარ გურჩიანის შეფასებით,  ამ კონკრეტულ საქმეში პოლიტიკური მოტივი უფრო მეტია.

იურისტის  განცხადებით, ვლადიმერ ვახანია პოლიტიკური მიზნების გამოა დაპატიმრებული, დაკავების მიზეზი კი ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევა გახდა.

"154-ე მუხლით მაშინ ასამართლებენ ადამიანებს, როდესაც ეს ხელისუფლებას აწყობს. ხელისფლებას არ აინტერესებს   ჟურნალისტების დაცვა,   ეს არ არის მისი  პრიორიტეტი, რადგან მის ინტერესებში არ შედის  მედიის თავისუფლება", - ამბობს თამარ გურჩიანი.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.