რადიო "მონტე-კარლოს" ჟურნალისტს შორენა ქარჩავას ორი უცნობი პირი დაესხა თავს, იუწყება ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემა
რადიო "მონტე-კარლოს" ჟურნალისტს შორენა ქარჩავას 26 ივლისს, გვიან ღამით ორი უცნობი პირი დაესხა თავს.
ინტერნეტ-გამოცემა "presa.ge-ს ცნობით, ინციდენტი მეტრო სარაჯიშვილთან არსებულ ხიდზე, ღამის პირველის 20 წუთზე მოხდა.
დაზარალებულის განცხადებით, უცნობები მას იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც სამსახურიდან სახლში მიმავალი ხიდზე გადადიოდა. უკნიდან მიეპარნენ, პირზე ააფარეს ხელი და თავზე შავი ტომარა ჩამოცვეს.
შორენა ქარჩავა "presa.ge-სთან საუბარში ირწმუნება, რომ თავდამსხმელებს არც ჩანთა და არც მობილური ტელეფონი არ მოუთხოვიათ, რომელიც იმ მომენტში ხელში ეჭირა და დახმარების სათხოვნელად ნებისმიერ ნომერზე დარეკვას ცდილობდა.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და ყვირილი დაიწყო, თავდამსხმელებმა იგი იქვე, დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლიდან ღრმულში გადააგდეს.
"ყვირილი რომ ავტეხე ღრმულში ჩამაგდეს, ერთ-ერთი თავდამსხმელი რომლის სახეც კაგრად გავარჩიე, ბოლომდე ჩამომყვა, მაგრამ მას შემდეგ რაც პანიკურად ვურტყამდი ხელებს, მითხრა, დამშვიდდით მე გადაგარჩინეთო. მოულოდნელად ზემოთ უცნობი პირები დავინახე, რომლებიც დახმარებას მთავაზობდნენ. ზემოთ ამომიყვანეს და ის უცნობი, რომელიც თითქოსდა გადამარჩინა ნელი ნაბიჯით გაეცალა შემთხვევის ადგილს", - იხსენებს შორენა ქარჩავა.
ჟურნალისტმა დახმარებისთვის იქვე მოძრავ პატრულის ეკიპაჟს მიმართა. პატრულმა ავჭალის პოლიცია გამოიძახა და დაზარალებულს ჩვენება ჩამორთვეს. "მონტე-კარლოს" ჟურნალისტი უკმაყოფილოა პოლიციის არაოპერატიული მოქმედებით და აცხადებს, რომ იმის მაგივრად ცხელ კვალზე დამნაშევებზე ძებნა გამოეცხადებინათ და მოწმეებისათვის ჩვენებები ჩამოერთვათ, თემქისა და ავჭალის პოლიციის უფროსები "მთელი საათის განმავლობაში დაობდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა ტერიტორია, სადაც მოხდა დანაშაული".
პატარა რადიოსადგური "მონტე-კარლო" თბილისში მაუწყებლობს, ცოტა ხნის წინ მის ეთერში ჟურნალისტთა კავშირი "ობიექტივი", რომელიც ხელისუფლების ტელესიხშირეების მითვისებაში ადანაშაულებს და ხშირად პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს, რადიოგადაცემებს ამზადებდა. დაახლეობით ერთი კვირის წინ "ობიექტივმა" რადიოპროექტების განხორციელება შეწყვიტა.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება