რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადება, თემურ ცხოვრებოვზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით
24 ივლისს, ქ. ცხინვალის ცენტრში, დღის 13 საათზე, სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის, ე.წ. პარლამენტის რამდენიმე წევრი, ადამიანთა ჯგუფთან ერთად თავს დაესხა და უმოწყალოდ სცემა ჟურნალისტი, გაზეთ "21-ე საუკუნე-"ს რედაქტორი თემურ ცხოვრებოვი.
მიზეზი: თემურ ცხოვრებოვის მონაწილეობა ნიდერლანდების სამეფოს ქ. ლეიდენში, 11-17 ივლისს, გამართულ "ქართულ-ოსურ სამოქალაქო ფორუმში" და ფორუმზე მიღებული ერთობლივი მიმართვა ჟენევის დისკუსიის მონაწილეებისადმი, რეგიონის უსაფრთხოებისა და გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისკენ. საქართველოს მთავრობა უკიდურესად აღშფოთებულია იმ განუკითხაობით, რაც სუფევს სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, განსხვავებული აზრის გამო დევნა, მუქარა, მოძალადეთა დაუსჯელობა, სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტიების არ არსებობა.
საქართველოს მთავრობა გმობს ძალადობის გამოვლენას ნებისმიერი სახით და მოითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუციების მხრიდან მეტ ძალისხმევას და აქტიურობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეალური ვითარება გახდეს ცნობილი საერთაშორისო საზოგადოებისათვის.
საქართველოს მთავრობა იმედს გამოთქვამს, რომ სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება წინ აღუდგება განუკითხაობას, თავისუფალი აზრის დევნას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას.
სწორედ ამიტომ მიიღო საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ინტენსიურ ურთიერთობებს, თანამშრომლობას, პარტნიორობასა და საქართველოში მცხოვრებთა შორის ნდობის აღდგენას.
საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ამ ღონისძიებათა წარმატებით განხორციელებით მიაღწევს გაყოფილი საზოგადოების შერიგებას და ნდობის გაძლიერებას.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება