მედია ტრეინინგები საქართველოში: რა შედეგი მოაქვს გრანტებს?
ქართველ ჟურნალისტებს მედია ტრენინგები ბოლო 20 წლის განმავლობაში უტარდებათ, თუმცა გაურკვეველია, ტრენინგები რამდენად უწყობს ხელს ახალი ამბების უკეთესად გაშუქებას. მიუხედავად იმისა, რომ, ქართული მედიის მუშაობის გასაუმჯობესებლად მილიონობით დოლარი იხარჯება, ჯერ კიდევ არ არსებობს სატრენინგო პროგრამების ეფექტურობის განსაზღვრის კონკრეტული საშუალება.
ისეთი მსხვილი დონორები როგორებიცაა, ევროკავშირი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო" (OSGF) აღიარებენ, რომ მედიის რეფორმის მხარდაჭერისას არსებობს გარკვეული სირთულეები (ახალი ამბების პოლიტიზირებულად გაშუქებით დაწყებული კომერციულად მდგრადი ბაზრის სიმწირით დასრულებული). თუმცა აღნიშნავენ, რომ მედია სტანდარტები სულ უფრო იზრდება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ჟურნალისტთა უფლებების დამცველი მედია ასოციაციების შექმნა, დამოუკიდებელი სტუდიების ჩამოყალიბება და ახალი ამბების ჟურნალის "ლიბერალის" დაარსება, მედიის განვითარების პროცესში მიღწეულ წარმატებებად არის მიჩნეული. თუმცა, სასურველია მეტის მიღწევა. 2000 წლიდან მოყოლებული, USAID-მა მედია პროგრამებზე 8 მილიონზე მეტი აშშ დოლარი დახარჯა. ამჟამად ეს სააგენტო 13 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ მედია პროექტს ამზადებს, რომელიც ჟურნალისტური სტანდარტების გაუმჯობესებაზე, მედია კონტენტის დივერსიფიცირებაზე, ჟურნალისტთა უფლებების დაცვაზე და საქართველოს მედიის "სიცოცხლისუნარიანობის" გაზრდაზეა ორიენტირებული.
2010 წლის მარტში USAID-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ევროკავშირი 2 მილიონ ევროზე მეტს ხარჯავს (2.9 მილიონი აშშ დოლარი) რამდენიმე პროექტზე, მათ შორის ჟურნალისტურ გამოძიებებზე, რეგიონალურ მედია საშუალებებზე და ჟურნალისტთა პროფესიულ ასოციაციებზე.
ისეთმა საერთაშორისო დონორებმა, როგორებიცაა ევროკავშირი და ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო", საკუთარ პროგრამებში შეიყვანეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქება. ტრენინგების დიდი ნაწილი ბეჭდურ მედიასა და რეგიონალურ მედია საშუალებებზეა ორიენტირებული. ამ მხრივ ყურადღება არ ექცევა კერძო ტელეკომპანიებს, "იმედსა" და "რუსთავი 2"-ს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ახალი ამბების ძირითადი წყაროა.
საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში ტრენინგებს ატარებს ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია, ამ პროექტს ევროკავშირი აფინანსებს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელიც 2008 წლის არჩევნების დროს პოლიტიკური დაძაბულობის ეპიცენტრში მოექცა და 2009 წლის ოპოზიციის აქციების სამიზნე იყო, 2010 წლის 30 მაისის არჩევნების "დაბალანსებულად" გაშუქებისთვის ეუთოს მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებული მედია მონიტორინგის დროს ქება დაიმსახურა.
მიუხედავად ამისა, წარმატების ინდიკატორების არარსებობის პირობებში (მაგალითად დონორების მიერ დაფინანსებული და საჯაროდ გამოქვეყნებული პროექტების ანალიტიკური შეფასებები), რთულია არჩევნების სამაგალითოდ გაშუქება მედია ტრენინგების პირდაპირ შედეგად მივიჩნიოთ. "იმედის" მიერ ეთერში გადაცემული მოდელირებული "ქრონიკა" ბევრის მიერ ქართული ჟურნალისტიკის განვითარების ყველაზე დაბალ ნიშნულად განიხილება, ხოლო ყველაზე მაღალი ნიშნული ჯერ არ განსაზღვრულა.
დონორების, მედია ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მთავარი გზავნილი არის ის, რომ წარმატების გაზომვა ძნელია, მოლოდინები კი რეალისტური უნდა იყოს. როგორც დონორებმა EurasiaNet.org-ს განუცხადეს, ისინი ნამდვილად ატარებენ შიდა კვლევებს, პროექტების შედეგების გასაანალიზებლად კი გარე სპეციალისტებს ქირაობენ. თუმცა, ეს კვლევები იშვიათად ქვეყნდება.
"ფრიდომ ჰაუზის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის "2009 წლის გარდამავალი ქვეყნების რეიტინგები და საშუალო ქულების" მიხედვით საქართველოს მედია გარემო გაუარესდა. 7-ქულიან სისტემაში, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების უმაღლესი დონის მახასიათებელია, საქართველომ 4.75 ქულა მიიღო. (შედარებისთვის, უკრაინას 2009 წელს 3.5 ქულა ჰქონდა). საუკეთესო შეფასება (3.5 ქულა), საქართველომ 2001 წელს მიიღო. იმ პერიოდში ქვეყანას ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა. მაგრამ, ზოგიერთი დონორი ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო მედია ტრეინინგებს აფინანსებს აცხადებს, რომ ამგვარი კვლევები არ უნდა განიხილებოდეს საბოლოო შეფასებად. "ამას ციფრების გულისთვის კი არა, რეალური შედეგების მისაღებად ვაკეთებთ", - განაცხადა ელადა გამრეკლიძემ, რომელიც საქართველოს მედიის გაძლიერების პროგრამის დირექტორია (ამ პროგრამას ევროკავშირი აფინანსებს). ამ პროგრამის ფარგლებში 23 რეგიონულ ჟურნალისტს ჩაუტარდა ტრეინინგი საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და არჩევნების გაშუქების თემაზე. "თუ ადგილზე რაიმე კარგი კეთდება, ეს უკვე ერთგვარი წარმატებაა", -განაცხადა ელადა გამრეკლიძემ.
"ინტერნიუსი-საქართველოს" განვითარების დირექტორის თამარ კაკულიას აზრით, "ადგილზე ჩასატარებელი" ტრეინინგების ეფექტურობის გაზრდისთვის დონორი ორგანიზაციებს შორის კომუნიკაცია აუცილებელია. "თუ რაღაცას სპონტანურად აკეთებ... ეს უკვე სისტემა აღარ არის", - განაცხადა კაკულიამ, "განათლება ასე არ მუშაობს, ის სისტემურად უნდა განვითარდეს, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება შედეგი."
OSGF, რომელსაც ტრეინინგებისთვის 900,000 აშშ დოლარის ოდენობის ბიუჯეტი აქვს, ონლაინ მონაცემთა ბაზის შექმნის მიზნით თანამშრომლობს ევროკავშირთან, USAID-თან და სხვა დონორ ორგანიზაციებთან. ეს ბაზა დაეხმარება დონორებს საქართველოში ჩატარებული ტრენინგების და საქმიანობების შესახებ ინფორმაციის და იმის განსაზღვრაში, თუ რა სფეროშია საჭირო ახალი პროექტები, აცხადებს OSGF-ს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი. "ილუზია არ გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი მილიონი დოლარით ქართულ მედიას გადავარჩენთ," განაცხადა ხუციშვილმა, "სწორედ ამიტომ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვახსოვს სხვა დონორებიც და ამიტომაც მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ" [რედაქტორის შენიშვნა: OSGF, რომელიც ახალი ამბების ჟურნალ "ლიბერალს" აფინანსებს, სოროსის ფონდების ქსელის ნაწილია. EurasiaNet.org-ი "ღია საზოგადოების" ინსტიტუტის ეგიდით მუშაობს, რომელიც სოროსის ქსელში შემავალი ცალკე ერთეულია].
ცალკე საკითხია, როგორ იყენებენ ჟურნალისტები ტრეინინგებზე მიღებულ ცოდნას,. "რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს უჭირთ მიღებული ცოდნის გამოყენება, ამაში ეჭვი არ მეპარება," - განაცხადა თამარ კაკულიამ, "თუმცა, არის გარკვეული თემები, რომელზე მუშაობაც მათ შეუძლიათ, და თუ ისინი ამას პროფესიულად მიუდგებიან, დამიჯერეთ, "რუსთავი 2"-იც კი არ წავა ამის წინააღმდეგ."
ეუთოს მონიტორების დასკვნით, როგორც "იმედმა" ისე "რუსთავი 2"-მა, 30 მაისის ადგილობრივი არჩვენების გაშუქებისას, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის კანდიდატს, გიგი უგულავას, დაუჭირეს მხარი. ამ ანგარიშის მიხედვით, უფრო პატარა ტელეკომპანიები მხარს ოპოზიციას უჭერდნენ, სხვა ანგარიშების მიხედვით კი, ყველა ტელევიზია უფრო "ნეიტრალურად" აშუქებდა არჩევნებს. EurasiaNet.org-მა ვერ შეძლო "რუსთავი 2"-ის და "იმედის" პროდუსერებისგან კომენტარების მიღება.

ვკითხულობ ამ სტატიას და თვალს
ახალი კომენტარის გამოქვეყნება