ხიშტი -10000000
კარგა ხანს ვიფიქრე, როგორ დამეწყო ეს წერილი.
საქმე ისაა, რომ ჩვენს საიტზე ძალიან საინტერესო და საგულისხმო ნიუსს წავაწყდი - თურმე ნუ იტყვით, და, 2005 წლის შემდეგ პირველად, 2009 წელს საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის სფეროს შემოსავლები 10 000 000 ლარით შემცირებულა.
ამას გვამცნობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2009 წლის ანგარიში, სადაც ასევე მოყვანილია ზემოხსენებული სფეროს შემოსავლები წინა წლებში.
აღმოჩნდა, რომ 2005 წლის შემდეგ, ტელერადიომაუწყებლობის სფეროს შემოსავლები მცირე, მაგრამ სტაბილური ზრდით ხასიათდებოდა. მაგალითად: 2005 წელს ეს მაჩვენებელი 31 მლნ ლარს აჭარბებდა, 2006 წლისთვის 52 მლნ ლარს გადააჭარბა, 2007-ში 80, ხოლო 2008 წელს 100 მილიონი ლარი შეადგინა.
2009 წლის მონაცემებით კი მოულოდნელად დაფიქსირდა შემოსავლების კლება და მაჩვენებელიც 89 674 480 ლარი გახდა.
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, თავს ვიმტვრევდი, როგორ დავიწყო-მეთქი, ეს წერილი.
ის-ის იყო, ყველაფრისთვის თავის დანებება და თემის შეცვლა გადავწყვიტე, რომ მეზობელმა დამიძახა - ბიჭები ჯოკერის თამაშს ვაპირებთ და ხომ არ შემოგვიერთდებიო?
ხანდახან რა კარგი რამეა ეს იტალიური ეზო!
უცებ გონება გამინათდა და აი, შედეგიც:
საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა დევიდ კოპერფილდი. დაათვალიერა ქვეყანა და უკან რომ დაბრუნდა, კლაუდია შიფერს (მაშინ ცოლ-ქმარი იყვნენ ისევ) უთხრა: გადავწყვიტე, ფოკუსნიკის კარიერა დავასრულოო.
- რას ამბობ, დევიდ! - გადაირია თურმე კლაუდია - რამ გადაგაწყვეტინა ეგაო?
- ეეჰ, ჩემი თავის რწმენა დავკარგე! - მიუგო დევიდმა - ფოკუსნიკები მე კი არა, ქართველები არიან - კაციშვილი არ მუშაობს, თავისი დღე და მოსწრება მღერიან, საქმეს არავინ აკეთებს და მაინც ჩემზე მდიდრები და შეძლებულები არიანო!
ასე იყო ოდითგანვე - ყველა მუშაობდა ქართველების გარდა და ქართველები მაინც ყველაზე მაგრად ვცხოვრობდით.
როგორც ჩანს, ახლაც ასე გრძელდება, რისი დასტურიც ზემოხსენებული ანგარიში და ქართული ტელერადიომაუწყებლობის რეალური ყოფაა.
ახლა 89 მილიონი ლარი რომ დიდი არაფერია, ეგ ყველამ ვიცით - რაც ჩვენს ტელერადიოს მთლიანად შემოსავლები აქვს, ლარი კინგი მაგდენს წელიწადში ხელზე იღებს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს საქართველოა და ლარი კინგის ხელფასისოდენა სახელმწიფო ბიუჯეტი გვქონდა 7-8 წლის წინ.
ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, რომ ამბობენ, ზუსტად ისეა - თუ ჩვენი ეკონომიკა ყვავის და არ ჩამოიშალა, თუ კრიზისმაც კი ვერაფერი დაგვაკლო და თუ გლდანის დისნეი-ლენდი კალიფორნიისაზე უკეთესია - მაშინ რას უნდა მივაწეროთ წლევანდელი 10 მილიონიანი დანაკლისი? და თუ ღარიბი ტელევიზია და რადიო გვაქვს, მაშინ საიდან ჩნდება ჩვენს ტელეეთერში ყოველდღე ახალ-ახალი და ძვირადღირებული უცხოური პროექტები?
და ყველაზე მთავარი - თუ ჩვენი მედიასაშუალებები დოტაციაზე არ მუშაობენ (როგორც ყველა ამტკიცებს, ვისაც კი შეეკითხები - ხელისუფლებაცა და მედიაც), მაშინ როგორ აიხსნება, რომ შემოსავლები კლებულობს, კადრები არ მცირდება, ხოლო პროექტებს ისევ ისეთი წარმატებით ვყიდულობთ, როგორც ადრე?
როგორც ვაჟა ზაზაევიჩი იტყოდა - ამაშია საქმე! ფული არ არის, მაგრამ ყველა მდიდარი და წარმატებულია. მაგრამ სადაა ამაში ლოგიკა?
ჯერ მარტო პროექტ "ნიჭიერის" ლიცენზიის შეძენა რა დაჯდა, იცის ვინმემ? ან რამდენი იქნა გადახდილი პროექტ "ინტუიციის" შეძენაში? და საიდან ეს ფული? შემთხვევით, ზემოდან ხომ არა?
ამ ადგილას ისევ გავიჭედე, იმიტომ, რომ ჩემსავე დასმულ კითხვებზე პასუხი ვერსად ვიპოვე და არც ნაცნობი აღმომაჩნდა ზემოხსენებულ პროექტებში, რომ ინფორმაცია მოეწოდებინა. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ ლოგიკაც ვერსად დავინახე ამ ყველაფერში, მაგრამ ისევ მეზობელმა მიშველა თავისი ჯოკერის თამაშით:
საქმე იმაშია, რომ მთელი საქართველოს ყოფა თავისი მედიასივრციანად ერთ დიდ ჯოკერის პარტიას წააგავს.
სხვათა შორის, მინდა აღვნიშნო, რომ ბანქოს თამაშის ეს სახეობა უმთავრესად საქართველოშია გავრცელებული და სხვა ქვეყნებში თითქმის არ გვხვდება.
ახლა შევეცდები აგიხსნათ, რა შუაშია ჯოკერი: უკვე დიდი ხანია, ერთი ანეკდოტისა არ იყოს, ცხრა-ცხრაა დარიგებული და ყველას ცხრავე გვაქვს ნათქვამი. მოვიგებთ თუ წავაგებთ, რა ბედენაა, მთავარია, გვერდზე მჯდომმა არ დაგვცინოს, შეეშინდაო.
წლები დარიგებების როლს ასრულებენ - ხან აშშ არიგებს, ხან რუსეთი, ხან ევროკავშირი და ხან ნატო. ჩვენ არ ვარიგებთ და თუ გვითხრეს, კარტი მოჭერითო, ვეუბნებით: გენდობითო!
4-5 წელიწადში ერთხელ "პულკა" (სათამაშო ტერმინია, ქართულად "არჩევნებსაც" ეძახიან) მთავრდება და "მწერალი" (ანუ ის, ვინც წერს, ჩვენს შემთხვევაში - ჩვენი მედია) ქულებს აჯამებს ხოლმე. მედია, როგორც წესი, არ თამაშობს, ამიტომ ყოველთვის მოგებულია.
შარშანდელი შემოსავლის კლებაც მეტი არაფერი იყო, თუ არა ხიშტი. საერთოდ, როგორც წესი, ის ვინც არ თამაშობს, ვერაფრით გაიხიშტება, მაგრამ ეს ხომ საქართველოა - აქ თამაშის წესებს ის ადგენს, ვინც ბოლო "პულკა" მოიგო.
ჩვენი მთავარი შეცდომა კი ისაა, რომ როგორც გამოუცდელმა მოთამაშეებმა, თამაშის დასაწყისშივე არ დავწერეთ ე. წ. "სტროგი" (რუსულად "მკაცრს" ნიშნავს, როცა ფურცელზე "სტროგი" წერია, თამაშის გაყალბება უმაღლესი ქულის ჩამოჭრით ისჯება). სტროგი კი, როგორც მოგეხსენებათ, ვიზუალურად ძალიან ჰგავს დოლარის სიმბოლოს.
სწორედ სტროგის უქონლობის გამოა, რომ შარშან მწერალი გაიხიშტა, ხოლო ის, ვინც აქამდეც იგებდა, წელსაც პრემიაზე გავიდა. მწერალმა კი კიდევ უამრავი ქულები მიიწერა - აბა, შარშანდელი ხიშტის ვალიდან ხომ უნდა ამოვიდეს როგორმე, ხუმრობა ხომ არაა, ხიშტი მინუს 10 000 000-ია (ეგეც სტროგის უქონლობის გამო).
რაც შეგვეხება ჩვენ, როგორც წესი, ძირითადად ვფუჭდებით. ხან გვეგლიჯება, ხანაც გვეტენება და მერე, ძალიან ბევრი თუ შეგვეტენა, იმიჯს ვიქმნით, თითქოს ისევ წაგვეგლიჯა.
სასჯელისაც არ გვეშინია - აკი გითხარით, სტროგი არაა-მეთქი.
იმედი მაქვს, ამის მერე მაინც დაფიქრდება ვინმე, საიდან აქვს გახიშტულ მედიას ამდენი ძვირადღირებული პროექტი.
და თუ არავინ დაფიქრდება, მაშინ - მე პას!
დროებით!
ახალი კომენტარის გამოქვეყნება