3 ივნისი, 2010 - 21:37

მედია ახალციხეში

ახალციხის გარეუბანში, ერთ-ერთი სახლის წინ მოწყობილ ბირჟაზე, მოხუცი მამაკაცები კამათელს აგორებენ და თავს სხვადასხვა თემაზე საუბრით ირთობენ. დიქტოფონის დანახვა  აფრთხობთ, ეჭვის თვალით მიყურებენ და ჩუმდებიან. თუმცა, ცოტა ხანში ყინული ლღვება და მოხუცები ერთმანეთს  საერთო პრობლემებზე საუბარს აღარ აცლიან.

"არ ვენდობი ჟურნალისტებს. მატყუარები არიან. ყველა ცდილობს ხელისუფლებას ასიამოვნოს და ტელევიზორში  სულ მთავრობის ქება-დიდებაა", - მეუბნება მალხაზ გველესიანი, - "რატომ არ უნდათ სოფლებში გავიდნენ და გლეხიკაცის გასაჭირი მოისმინონ. მთელი დღე მარტო თბილისის ამბები ტრიალებს."

"არ მჯერა იმის, რასაც ტელევიზორში ლაპარაკობენ. მაგას მირჩევნია ფული გადავიხადო და გაზეთი ვიყიდო. იქ კიდევ შეიძლება, რომ სიმართლე წაიკითხო", - ამბობს ჭაღარა მამაკაცი და ვინაობას არ ამხელს -  "ყველაზე მეტად გაზეთ "ქრონიკას" ვენდობი. თუმცა, ხშირად ვერ ვყიდულობ - ძვირია".

ახალციხეში ჟურნალ-გაზეთების გავრცელების მხოლოდ ოთხი  პუნქტია. პრესის ჯიხურის გამყიდველის ნაზი კაპანაძისგან ვიგებ, რომ  ყველაზე დიდი ტირაჟით - 50-60 ეგზემპლარი -  ყოველკვირეული გაზეთები "კვირის პალიტრა" და "ასავალ-დასავალი" იყიდება.

"ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი ჟურნალი "ბომონდი" და "ლიბერალია". "ლიბერალი" მხოლოდ ერთი ნომერი მქონდა და ისიც არ გაიყიდა".

მთელ სამცხე-ჯავახეთში ერთადერთი ყოველკვირეული გაზეთი - "სამხრეთის კარიბჭე" გამოიცემა. გაზეთი 2004 წელს  ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისა (IWPR) და ფინეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. "სამხრეთის კარიბჭე" ორენოვანია.  მისი  ქართულენოვანი რედაქცია ახალციხეში, (სადაც უპირატესად ეთნუკური ქართველები ცხოვრობენ)  სომხური კი ახალქალაქში (რომელიც, ეთნიკური სომხებით არის დასახლებული ) მდებარეობს.

განსხვავებულია ტირაჟი. ქართული ვერსია - 2000, ხოლო სომხური - 1000 ეგზემპლარი გამოდის. გაზეთის ფასი  50 თეთრია.

გაზეთს თავისი დისტრიბუტორები ჰყავს, რომლებიც ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში "კარდაკარის პრინციპით" დადიან. ისინი მოსახლეობას გაზეთებს სთავაზობენ და მათ გამოკითხვას აწარმოებენ, რომლის დროსაც ოჯახში დასაქმებულთა რაოდენობას ადგენენ, არკვევენ, თუ რომელ გაზეთებს კითხულობენ მათი პოტენციური მომხმარებლები და ა.შ. არსებული მონაცემები ბაზაში მუშავდება. რედაქცია კი ამგვარ გამოკითხვას ყოველწლიურად ატარებს.

"ეს არის საუკეთესო მეთოდი, რომელიც ჩვენ მოვიფიქრეთ. სხვაგვარად გაზეთის არსებობა შეუძლებელია", - ამბობს ლელა ინასარიძე.

"სამხრეთის კარიბჭე" ძირითადად ხელმოწერების საშუალებით ვრცელდება. მათი უმეტესობა სოფლის მაცხოვრებელია.

"ჩვენ მოსახლეობას გაზეთის ორთვიან გამოწერას ვთავაზობთ. როდესაც  ვადის ამოწურვამდე ორი კვირა რჩება, ჩვენი დისტრიბუციის მენეჯერი, ურეკავს მათ და ეკითხება, აპირებენ თუ არა  გაზეთის გამოწერის გაგრძელებას. თანხმობის შემთხვევაში, იწერება ქვითარი და გაზეთის ბოლო ნომერთან ერთად ხელმომწერს ეგზავნება", - მეუბნება ლელა ინასარიძე.

"სამხრეთის კარიბჭე"   8-გვერდიანია და ყოველ ორშაბათს გამოიცემა. ახალქალაქში სტამბის არარსებობის გამო გაზეთი თბილისში იბეჭდება.

გაზეთს ჰოლანდიური ორგანიზაცია "press now" და ფონდი "ღა საზოგადოება -საქართველო" აფინანსებენ.

პოლიტიკა, ეკონომიკა, ჯანდაცვა, საზოგადოება, რეგიონი - ეს "სამხრეთის კარიბჭის" მუდმივი რუბრიკებია. ბოლო გვერდი კი უფასო განცხადებებს ეთმობა.

რედაქციას შენობა იჯარით აქვს აღებული. მომცრო  "ნიუსრუმში" ჟურნალისტები კომპიუტერს  უსხედან და მასალას ამუშავებენ.

ქართული გამოცემის რედაქტორი ნინო ნარიმანიშვილი გაზეთის ბლოგზე ახალ სტატიებს დებს. რედაქცია  მასალების პოპულარიზაციისათვის სხვადასხვა სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებს.

ჟურნალისტების მთავარი პრობლემა ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობაა. მათი  თქმით კომენტარის მიღება ყველაზე მეტად ამ ორგანოებიდან უჭირთ:

"ძალოვანი სტრუქტურა ყველაზე დახურული  და ჩაკეტილია. უბრალო კომენტარის მისაღებად, აუცილებლად  წერილობითი ფორმით უნდა მიმართო", - ამბობს ნინო ნარიმანიშვილი, - "განსაკუთრებით,  როდესაც საქმე თანხებსა და ბიუჯეტს ეხება. წერილობითი თხოვნის შემდეგ ათი დღე გალოდინებენ და, უმეტეს შემთხვევაში, ის ინფორმაციაც სრული არ არის"

"ამ ბოლო დროს, პრობლემა გვექმნება ადგილობრივ პოლიკლინიკაშიც. მენეჯერი ინფორმაციის გამოტანის საშუალებას არ გვაძლევს. ამაზე ბევრჯერ დავწერეთ", - ამბობს ჟურნალისტი მანანა სარაშვილი.

ჟურნალისტ თაკო თოთაძის თქმით,  ქუჩის გამოკითხვების დროს, მოსახლეობა საკუთარი სახელისა და გვარის დაფიქსირებისაგან ყოველთვის თავს იკავებს.

"რაც შეეხება თემის მოძიებას, ამ მხრივ  პრობლემა არ გვაქვს, თითოეულ ჩვენგანს მუშაობის 3-4-წლიანი გამოცდილება  აქვს და საკუთარი წყაროც გააჩნია, რომლებიც  სიახლეებს გვატყობინებენ",  - ამბობს გაზეთის რედაქტორი.

"სამხრეთის-კარიბჭეში" ვიზიტის შემდეგ  ტელეკომპანია  "მე-9 არხს" ვსტუმრობ.

ტელეკომპანია  (ოფიციალური სახელწოდება "იმპერია") 1997 წელს დაარსდა. "იმპერიის  საზღვრები" ადგილობრივი ფოსტის შენობის ორ სართულს მოიცავს, ტელეეთერი კი ახალციხესა და  მიმდინარე სოფლებზე ვრცელდება.

ტელევიზიაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რის გამოც არხს საკუთარი გადაცემების წარმოება ერთი თვით ჰქონდა შეჩერებული. ამ პერიოდში მე-9 არხის საინფორმაციო ბადე "რეგიონ-ტვ"-ს (ყოფილი ალანია) ეკავა.

ტელეკომპანიის ეთერში ორენოვანი (ქართულ-სომხური) საინფორმაციო გამოშვება "ექო" გადის, რომელიც  ნახევარ საათს გრძელდება. ორენოვანია გადაცემა "დიალოგიც", რომელიც USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და ძირითადად სოციალურ თემატიკაზეა.

კვირაში ერთხელ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის (GARB) პროექტი "მრავალკუთხედი" გადის, რომლისთვისაც სიუჟეტებს ადგილობრივ თემებზე  "მე-9 არხის" ჟურნალისტები ამზადებენ. ტელევიზიის მთელი ავლადიდება 3 კამერა და ერთი კომპიუტერია.

"მე-9 არხის" ახალ დირექტორი მაია იველაშვილი, ამავე დროს,  რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტიცაა. მისი თქმით, ერთ- ერთი სერიოზული პრობლემა პროფესიონალი კადრების არარსებობაა.

"ტელეკომპანიაში მხოლოდ სამი ჟურნალისტია, რაც ტელევიზიისათვის საკმარისი არ არის. სამი თანამშრომელი მხოლოდ საინფორმაციო გამოშვების მომზადებათვის ცოტაა. აღარაფერს ვამბობ სხვა გადაცემების მომზადებაზე. კიდევ ერთი  პრობლემა სამცხე-ჯავახეთის რელიეფთანაა დაკავშირებული. ფიზიკური ბარიერის გამო, მრავალი გადამცემია საჭირო, რათა სიგნალი  მიმდებარე სოფლებს კარგად მიეწოდოს. ეს კი  დიდ ხარჯებს უკავშირდება", ამბობს მაია იველაშვილი.

ჟურნალისტი თაკო კურტანიძე  ამბობს, რომ მოსახლეობის მხრიდან ინტერესი დიდია:

"ხშირად  გვიკავშირდებიან და დახმარებას გვთხოვენ. ეს ნიშნავს იმას, რომ გვიყურებენ."

"ახალციხის ბაზარზე  დამოუკიდებელი  ბუნებრივი აირის მომწოდებელი კომპანია შემოვიდა, გაზის ტარიფი კონტრაქტში 51 თეთრი იყო მითითებული,აღნიშნული კომპანია კი მოსახლეობას 70 თეთრს ახდევინებდა, ამ პრობლემით მოსახლეობამ ჩვენ მოგვმართა, თემის გაშუქების შემდეგ ტარიფმა დაიწია."

"გამგეობიდან კომენტარის მიღება პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, ძალიან კონტაქტურები არიან, უბრალოდ კამერის წინ კეკლუცობენ.  რაც შეეხება მოსახლეობას, ისინი კამერაში გამოჩენას თავს არიდებს. ინტერვიუზე მათ დასაყოლიებლად დიდი ხანი გვჭირდება", - დასძენს ჟურნალისტი.

კიდევ ერთი  პრობლემა რეგიონში სარეკლამო ბაზრის არარსებობაა.

"ჩვენთან ბევრს  ჰგონია, რომ რეკლამაში  ფულის  გადახდა,  ფუჭი საქმეა.  თუმცა, თუკი ტელევიზია განვითარდება, შეიძლება ასეთი  დამოკიდებულება შეიცვალოს" - ამბობს  მაია იველაშვილი.

ახალციხეში რთული რელიეფისა და უსახსრობის გამო  ადგილობრივი რადიომაუწყებლობა არ არსებობს. მოსახლეობის უმრავლესობას სატელიტური ანტენა აქვს და ინფორმაციას რუსული და სომხური არხებიდან იღებს .

ქალაქში ინტერნეტიზაციის მზარდი ტემპი შეინიშნება. ახალციხის ფოსტის შენობაში განთავსებულ ინტერნეტ  პროვაიდერების ოფისში მსურველთა რიგი დგას.

19 წლის ლუკა მაისურაძე ინტერნეტის ჩართვას ორი  თვე ელოდა: დროის უმეტეს ნაწილს აქამდე ინტერნეტ კაფეში ვატარებდი, საყვარელ საიტებზე ახლა უკვე სახლიდან "დავძვრები".

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.