ამის დედაც, ჯეკ!
კაცი ხვდება დიდი ხნის უნახავ მეზობელს, რომელსაც თვალები ვერტიკალურად აქვს განლაგებული. კაცი შეშფოთებით ეკითხება:
-რა მოგივიდა, გოგი, ჩერნობილში ხო არ იყავი დასასვენებლად?
-არაო - მიუგო გოგიმ - ეს აქ, სახლში მომივიდა, სუბტიტრების ბრალიაო, ამბობენო და აბა რა ვიციო?
როგორც იტყვიან ხოლმე, ყველაფერი შეუმჩნევლად მოხდა: ჯერ ქართულის მცოდნე დიქტორები გაქრნენ, შემდეგ საერთოდ ქართულის მცოდნეები, მერე თოქ-შოუები მიჰყვა, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა მაინც იცოდნენ ქართული...
ახლა ფილმების ჯერია.
არა, ქართულ ფილმებს არ ვგულისხმობ. ქართულ ფილმებში რომ ქართულად საუბრობენ, მაგ საუბარს ისევ უცხო ენაზე ჯობია ლაპარაკი.
ვგულისხმობ უცხოურ, ძირითადად ინგლისურენოვან ფილმებს, რომელთა შესახებაც ჩვენმა დედა-პარლამენტმა უკვე მიიღო ფრიად საინტერესო კანონი.
ვინც არ იცით, გეტყვით - ჩვენმა პარლამენტმა მართლა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, საქართველოს ტელევიზიების ეთერში გასული კინოფილმების დუბლირება ქართულ ენაზე იკრძალება.
ანუ, აქამდე რომ ქართულ გახმოვანებაზე ვშაყირობდით ხოლმე, ახლა შაყირის მიზეზიც სანატრელი გაგვიხდება. როგორც შენგელიძე მარო იტყოდა - ერთი კინოსღა ვუყურებდით ჩვენ გემოზე და ეგეც აღარ დაგვანებოთ!
მცირე შენიშვნა პარლამენტართათვის, რომელთაც ეს კანონი მიიღეს - ცნება "დემოკრატიული მედია" მხოლოდ საინფორმაციო სამსახურებისა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობას არ ნიშნავს (და ჩარევას, მით უმეტეს).
ძალიან საინტერესო იყო ჩვენი დედა-პარლამენტის თავმჯდომარის, ბ-ნი დავით ბაქრაძის კომენტარი: ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მომავალმა თაობამ და არა მხოლოდ მათ უკეთესად ისწავლონ ინგლისური ენა-ო! - განაცხადა მან.
ახლა განვიხილოთ ბაქრაძის ეს კონკრეტული განცხადება: ჩვენი დედა-პარლამენტი რომ ჩვენზე ზრუნავს, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია (და რომ ზრუნავს, ამაში თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, შემიძლია მწარედ დავიგინო... დედაზე), მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში (თავი I, მუხლი 35) გარკვევით წერია, რომ:
"1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.
2. სახელმწიფო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან.
3. სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო, დაწყებითი განათლება სავალდებულოა. სახელმწიფო თავის ხარჯზე უზრუნველყოფს საბაზო განათლებას. მოქალაქეებს უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით და განსაზღვრულ ფარგლებში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოდ მიიღონ საშუალო, პროფესიული და უმაღლესი განათლება.
4. სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით."
ანუ, კონსტიტუციაში, რომელიც იდეაში სახელმწიფოს ძირითადი კანონია (მაგრამ სახელმწიფოს ძირითადი კანონი რომ მუშაობდეს, ჯერ, როგორც მინიმუმ, სახელმწიფო უნდა გქონდეს), გარკვევით წერია, რომ განათლების მიღება ყველა ადამიანის უფლებაა.
უფლება და არა მოვალეობა!
ჩემი უფლებაა, რომელი ენაც მინდა, ის ვისწავლო და რა ფორმითაც მინდა, იმ ფორმით ვისწავლო: მე თუ მინდა, სკოლის მასწავლებელთან ვიმეცადინებ, თუ მინდა, ილონა დავიდოვას ექსპრეს-მეთოდს მივმართავ და თუ მინდა, უცხო ენაზე მოსაუბრე საყვარელს გავიჩენ და ე. წ. "სლეეპინგ დიცტიონარყ"-ს გამოვიყენებ, ეს ჩემი უფლებაა და არავის, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარესაც კი არა აქვს უფლება, მე ეს უფლება შემიზღუდოს.
ახლა შევხედოთ მეორე კუთხით: დაწყებითი განათლება სავალდებულოა.
ანუ, ლოგიკურად, ორი ვარიანტია: ან დედა-პარლამენტის თავმჯდომარე, ბ-ნი დავით ბაქრაძე არღვვევს კონსტიტუციას, ან კიდევ მასაც და ამ კანონპროექტის ავტორებსაც მე და თქვენ დაწყებითი განათლების არმქონენი ვგონივართ და იმიტომ გვასწავლიან ასე მზრუნველობით ინგლისურ ენას.
ინგლისურს იმიტომ ვამბობ, რომ ბაქრაძემ თქვა ასე, თორემ მე, მაგალითად, დიდი სიამოვნებით ვუყურებ ხოლმე იაპონურ საშინელებათა ფილმებს.
საინტერესოა, რამდენი ენა უნდა ვისწავლოთ ფილმების ყურებით?
ჩვენ ისეთი პატარა ქვეყანა ვართ, რომ ჩვენთან მრავალ ენაზე მოსაუბრე ერთი კაციც სრულიად საკმარისია. მაინც მარტო ეგ კაცი ლაპარაკობს მაგ ენებზე და დანარჩენებიც მაინც იმას ახმოვანებენ, რაც მაგ ერთ პოლიგლოტს უნდა.
დავუბრუნდეთ კონსტიტუციას - სახელმწიფო უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო წესებთან და სტანდარტებთან.
საინტერესოა, რომელი ქვეყნის სტანდარტია, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის გართობის საკითხს ჩემი ქვეყნის დედა-პარლამენტი მიწყვეტდეს?
ეს რომ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში მომხდარიყო, ამ კანონის მიღების შემდეგ ტელეეთერში სუბტიტრებიანი ფილმების მაგიერ ამ კანონის მიმღებ-შემმუშავებელთა ფოტოები იქნებოდა ნაჩვენები, რომელთა ქვეშ ერთადერთი სუბტიტრი იტრიალებდა: იძებნება!
მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სახელმწიფოში რომ ასეთი რამ მოხდეს, ამისათვის ჯერ სახელმწიფო უნდა არსებობდეს.
გასაგებია, და უცხო არავისთვისაა, რომ ქართული გახმოვანების ხარისხი შორსაა იდეალურისგან და ხანდახან საკმაოდ საინტერესო და სახალისო კაზუსებსაც აქვს ხოლმე ადგილი, მაგრამ ამისთვის დუბლიაჟის გაუქმება შეიძლება?
როცა რესტორანში მზარეულმა კერძის მომზადება არ იცის, რომელი ჯობია -ახალი მზარეულის დაქირავება, ძველის გადამზადება თუ ამ კერძის ამოღება მენიუდან?
მაგრამ ჩვენი უბედურებაც ეგაა, რომ ჩვენთან კლიენტი კი არა, ვისაც გავლენიანი ბიძაშვილი ჰყავს, ყოველთვის ისაა მართალი, მზარეული კი არა, მიმტანიც რომ იყოს, მაინც.
ასე რომ არ იყოს, აქამდე მრავალი პოლიტიკოსი, მზარეული და შოუ-მენი უნდა ამოგვეღო მენიუდან, მაგრამ, როგოც იტყვიან, ვისი ჩეკი ვის ლურსმანზეა, ვერ გაიგებ.
რადიო 105-სა არ იყოს, არ გაბლატავდნენ ეს მინისტრები და ოფიციანტები?!
ვიცი, ახლა მეტყვით, მაინცდამაინც ახლა რატომ აიკვიატე ეს თემა, როცა ეს კანონი კარგა ხანია მიიღესო? გიპასუხებთ - ამ სტატიის დაწერა დიდი ხანია, მინდოდა, მაგრამ კომპიუტერს არ ეცალა - სხვადასხვა საიტებიდან ქართულად დუბლირებულ ფილმებს ვქაჩავდი, შვილებს მინდა ვაჩვენო, როცა დაიზრდებიან, რომ ოდესღაც, როცა ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვიყავით, გვქონდა სტუდიები, სადაც, ავად თუ კარგად, ფილმებს ქართულად მაინც ვახმოვანებდით-მეთქი!
დროებით!
eg kanoni mec nervebs
ახალი კომენტარის გამოქვეყნება