17 მაისი, 2010 - 00:08

მასმედია გურიაში

გურიაში გამომავალი პრესა საქართველოს სხვა რეგიონული მედიებისგან რამდენიმე ნიშნით განსხვავდება, ეს არის:. საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი;  ტირაჟი;  მზარდი კონკურენცია და შედარებით ნაკლები ფინანსური პრობლემები.

გურიაში გამომავალი გაზეთების ნაწილს  საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი აქვს აწყობილი,  ან უახლოეს მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. შესაბამისად, გაზეთების ნაწილი გურიის ყელაზე მივარდნილ სოფლებშიც კი ჩააქვთ.

რეგიონის ადგილობრივი გაზეთების ტირაჟი რამდენიმე ათასს აჭარბებს. ზოგიერთი მათგანი კვირაში ორჯერ, ან სამჯერ მაინც გამოდის.  ასეთ პირობებში გაზეთებს შორის დღითიდღე იზრდება კონკურენცია და თითოეული მათგანი ცდილობს ყოველთვის უპასუხოს მომხმარებლის მოთხოვნებს. მზარდი ტირაჟისა და კონკურენციის პირობებში, გაზეთებს ნაკლები ფინანსური პრობლემები აქვთ და მათთან ადგილობრივ  მცირე თუ მსხვილ მეწარმეებს რეკლამებიც ხშირად მიაქვთ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, გურიაში არიან  რედაქციები, რომლებსაც უჭირთ, არც ნორმალური სამუშაო გარემო აქვთ  და არც მაღალი ტირაჟი.

გურიის სამ ქალაქში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და  ჩოხატაურში დღეისათვის ექვსი ადგილობრივი გაზეთი გამოდის: "ჰო და რა"; "ლანჩხუთი პლუსი"; "ლანჩხუთის მოამბე"; "გურიის მოამბე"; "ალიონი"; "გურია ნიუსი". ოზურგეთში ასევე მაუწყებლობს ტელეკომპანია "გურია".  გურულებს ადგილობრივი რადიომაუწყებლობა არ აქვთ. ამას, ნაწილობრივ, გურიის რთული რელიეფითა და რადიოს დაფუძნებისთვის საჭირო ფინანსების არარსებობით ხსნიან.

გაზეთი "ჰო და არა"

"ჰო და არა" უკვე ათი წელია  გამოდის.  გაზეთმა სახელწოდება ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან აიღო: "ჰო და არა ჭიდილია, ერთადერთი  გზა  ჭეშმარიტების აღმოჩენისა და პოვნისა."

ოთხგვერდიანი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი გამოდის კვირაში სამჯერ. ვრცელდება მხოლოდ ლანჩხუთის რაიონში.  ტირაჟი -  3 ათასი ეგზემპლარი. გაზეთს საკუთრი სადისტრიბუციო ქსელი აქვს შექმნილი. "ჰო და არასთან" სულ 63 დისტრიბუტორი თანამშრომლობს.    დამფუძნებლის, ნონა გიგინეიშვილის, თქმით, გაზეთს ერთგული  მკითხველები ჰყავს და წინასწარ იციან,  რამდენი ეგზემპლარი გაიყიდება.

საგაზეთო გვერდების  80% სხვადასხვა რეკლამა-განცხადებებს უჭირავს, მათ შორის მრავლდაა მილოცვები, სამგლოვიარო განცხადებები, ბინების ყიდვა-გაყიდვა და ა.შ. გაზეთში სულ 10-მდე ადამიანი მუშაობს.   "ჰო და არა" საკუთარი შემოსავლებით ცხოვრობს, თუმცა   მიღებული აქვს გრანტებიც.  "იმდენი საქმე გვაქვს, გრანტისთვის საბრძოლველად ვეღარ ვიცლით", -ამბობს მთავარი რედაქტორი. ვებგვერდი hodaara.ge რედაქციამ საკუთარი სახსრებით შექმნა. ადრე გაზეთი  ქუთაისის სტამბებში იბეჭდებოდა, რედაქციას  ოფისიც დაქირავებული ჰქონდა.  რამდენიმე თვის წინ კი გამოცემამ  საკუთარი სტამბა და ახალი ოფისი შეიძინა.  ნონა გიგინეიშვილი ამბობს, რომ მუშაობის პროცესში ჟურნალისტები პრობლემებს თითქმის არ აწყდებიან.  ის იხსენებს, რომ წლების წინ პოლიციის უფროსიც კი უვარდებოდათ რედაქციაში.

გაზეთი  "ლანჩხუთი  plus"

ყოველკვირეული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "ლანჩხუთი plus" 1995 წელს ლანჩხუთში დაარსდა. დამფუძნებელია ზაზა ნაკაშიძე.

"გაზეთი თავისუფალია და არ გამოხატავს არც ერთი პოლიტიკური პარტიისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინტერესებს, ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. გამოდის კვირაში ორჯერ, ტირაჟი 1000 ცალი, ვრცელდება ქალაქ ლანჩხუთში და რაიონის სოფლებში", -ვკითხულობთ გაზეთის ვებგვერდზე.

დაარსების დღიდან გაზეთი სხვადასხვა პერიოდულობით გამოდიოდა, დროთა განმავლობაში განსხვავებული იყო გავრცელების არეალი. ამჟამად გაზეთი 8-გვერდიანია და გამოდის კვირაში ორჯერ. გაზეთი ხელმომწერებზეც ვრცელდება.

მთვარი რედაქტორი ქეთევან ნაკაშიძე  ამბობს, რომ გაზეთის ინტერესის სფეროში შედის პოლიტიკა, ეკონომიკა, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები, კულტურა, სპორტი. გაზეთი არ შემოიფარგლება მხოლოდ რაიონის ამბებით. ის რეგულარულად აწვდის მკითხველს ინფორმაციას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გაზეთში ხუთი ჟურნალისტი მუშაობს, ოფისში მოძველებულია ტექნიკა. კომპიუტერები წლების წინ სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებით  შეიძინეს. რედაქციას ჯერჯერობით ტექნიკის გასაახლებლად ფინანსები არ ჰყოფნის.  რედაქტორის თქმით, ჟურნალისტებს ინფორმაციის მიღება ყველაზე მეტად სამართალდამცველი სტრუქტურებიდან უჭირთ.  უმარტივეს კითხვაზე ნებისმიერი პოლიციელის პასუხი ასეთია: "მიმართეთ სამინისტროს პრესცენტრს". ბოლო დროს მსგავსი ტენდენცია შეინიშნება სასკოლო დაწესებულებებში. სკოლის დირექტორებიც ერიდებიან ჟურნალისტებთან ურთიერთობას.

გაზეთი "გურია ნიუსი"

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი "გურია ნიუსი" დაარსდა 1991 წელს. დამფუძნებელია შპს "ჩოხატაურის მაცნე", რომლის ხელმძღვანელია ია მამალაძე.   დღესდღეობით გაზეთის ერთი ნომრის ტირაჟი 3600-3900 ეგზემპლარია, კვირაში ორჯერ გამოდის და ვრცელდება გურიის სამივე რაიონის ყველა სოფელში.  გაზეთს სოფლებსა და ქალაქებში  "გურია ნიუსის" 100-ზე მეტი დისტრიბუტორი ავრცელებს.  ორშაბათის ნომერი 12-გვერდიანია და ფერად ქაღალდზე იბეჭდება, ხუთშაბათის ნომერი კი შავ-თეთრი და 8-გვერდიანია.

გაზეთს აქვს წარმომადგენლობები ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და თბილისში.  კვირაში ერთხელ "გურია ნიუსი" გამოსცემს გაზეთს "21-ს ქვემოთ", რომელიც "გურია ნიუსთან" ერთად ვრცელდება.  გაზეთის გამოწერა თვეში სამი ლარი ღირს.  სრული დატვირთვით მუშაობს სარეკლამო განყოფილება. რეკლამის სიმრავლის გამო დამკვეთებს ხშირად რამდენიმე დღე მოცდა უწევთ, რომ მათი რეკლამა გაზეთში მოხვდეს. რედაქცია ტექნიკურად სრულყოფილად არის აღჭურვილი. იბეჭდება თბილისში.

დამატების "21-ს ქვემოთ"  რედაქტია ჟურნალისტი ნატო გოგელია.  მისი თქმით, ისინი ხშირად წერენ ახალგაზრდულ პრობლემებზე, სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე და ა.შ.  გაზეთი ხშირად ატარებს გამოკითხვას იმის დასადგენად, თუ რა თემატიკა აინტერესებს ახალგაზრდობას.

ნატო გოგელის  თქმით, ხშირია სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჟურნალისტების გადაბირების ფაქტები. " ლანჩხუთის და ჩოხატაური გამგეობის  პრესსამსახურებში ჩვენი რედაქციიდან წასულ  ადამიანები  მუშაობენ. ხელისუფლება საარჩევნოდ უშვებს ახალ გაზეთებს და ცდილობენ გადაიბირონ ჩვენი დისტრიბუტორები", -ამბობს ნატო გოგელია

"გურია ნიუსის" ოზურგეთის ოფისის  ხელმძღვანელი თემურ მარშანიშვილი  იგივეს იმეორებს.   ის ასევე ამბობს, რომ  ისეთ საკითხებზე, რაც ეხება ბიუჯეტს, ეკონომიკას, ინფრასტრუქტურას, ხშირია ინფორმაციის დაფარვის მცდელობები. ასევე არჩევნების პერიოდში სცადეს მთლიანი ტირაჟის შეძენა.  მარშანიშვილის თქმით, ხდება  ფაქტები, როცა ხელისუფლებას არ აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებზე ჟურნალისტების  დასწრება. "სამართალდამცველთა მხრიდან საერთოდ შეუძლებელია ინფორმაციის მიღება.  მაგალითად, მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელშიც მოჰყვა გამგებლის მოადგილე. გვინდოდა  ამ ფაქტის დადასტურება პოლიციის მხრიდან და საერთოდ არ გააკეთეს კომენტარი." -იხსენებს ჟურნალიტი. მისი თქმით საკრებულოს სხდომებზე დასწრება თვისუფალი და ჟურნალისტებისთვის შეუზღუდავია, ამაში მათ ხელს არავინ უშლის.

2010 წლის იანვარში ჟურნალისტმა შორენა ღლონტმა სასამართლოს მიმართა. მიზეზი ლანჩხუთის თვითმმართველობის მიერ საჯარო ინფორმაციის დაფარვა გახდა.  ჟურნალისტს გამოთხოვილი ინფორმაციის ნაწილის გადმოცემაზე უარი უთხრეს, მეორე ნაწილის გადმოცემა კი დროში გააჭიანურეს.  შორენა ღლონტი ითხოვდა 2009 წლის ლანჩხუთის ბიუჟეტის შინანგან საქმეთ სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინასებიდან განხორციელებული შესყიდვების დოკუმენტების ასლებს. ასევე სარეზერვო ფონდის ხარჯებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს. გაზემა პირველი ინსტანციის სასამართლო წააგო. "გურია ნიუსმა" საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.

გაზეთი "გურიის მოამბე"

ფონდმა "ღია  საზოგადოება საქართველომ"  2004 წელს გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ჟურნალისტთა ჯგუფმა ლადო მენაბდის ხელმძღვანელობით.  გრანტის მოპოვების შემდეგ ჩამოაყალიბეს გაზეთი "გურიის მოამბე".   გაზეთის 60%-ის მფლობელია ლადო მენაბდე, რომელიც, ამავე დროს, გაზეთის მთავარი რედაქტორიცაა. დანარჩენი 40% "გურიის მოამბის" სამ ჟურნალისტზეა გადანაწილებული.

"გურიის მოამბე" გამოდის კვირაში ორჯერ, ორშააბათის ნომერი 8-12-გვერდიანია, ხუთშაბათის კი 4-8-გვერდიანი.  გაზეთის გამოწერა თვეში ორი ლარი ღირს. მის გავრცელებაში თავად ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას. სოფლებში გაზეთი ავტობუსის მძღოლებს ჩააქვთ, ქალაქში კი მაღზიებსა და სავაჭრო ჯიხურებში იყიდება. რედაქცია მიმდინარე წლიდან საკუთრი სადისტრიბუციო ქსელის შექმნას აპირებს. გაზეთის ტირაჟი ზაფხულსა და ზამთრში ორი  ათასია, შემოდგომასა და გაზაფხულზე კი 3 ათასი.

"ჩვენი ძირითადი დამფინასებლები არიან დონორი ორგანიზაციები. ახლა ტელეკომპანია "გურიასთან"  ერთად ვახორციელებთ პროექტს  "რეგიონული მედია რეგიონებისათვის". პროექტის ბიუჯეტი 24 ათასი  აშშ დოლარია.   პროექტის ფარგლებში უნდა მომზადდეს 200-მდე რეპორტაჟი 10 თვის განმავლობაში. ასევე, უნდა შეიქმნას 14 წარმომადგენლობა  გურიის სამივე რაიონში. ამჟამად "გურიის მოამბეს" ტექნიკურად კარგად აღჭურვილი სამი ოფისი  აქვს ოზურგეთში, ლანჩხუთსა  და ჩოხატაურში", -ამბობს  ლადო მენაბდე.

მისი თქმით, ჟურნალისტებს პრობლემები ძირითად   ინფორმაციის მოძიებისას ექმნებათ. ჭიანურდება ინფორმაციის  მიღება სახელმწიფო უწყებებისგან.  ზოგისგან კი ამის მიღება საერთოდ  შეუძლებელია.  პრესრელიზების  სისტემა სახელმწიფო სტრუქტურებს  საერთოდ არა აქვს.

"ამ სამი წლის განმავლობაში, მე არ მახსოვს, რომ მათგან პრესრელიზი მიმეღოს. ძირიათდად ტელეფონით  გვატყობინებენ ახალ ამბებს", -ამბობს ლდო მენაბდე.  მისი თქმით, ანაზღაურების  გამო ჟურნალისტების შენარჩუნება  ძალიან ძნელია. ზოგი ცენტრალურ  მედიაში გადადის, ზოგი კი  ხელისუფლებაში.

სამომავლოდ,  სადისტრიბუციო ქსელის ამუშავებასთან ერთად, იგეგმება სარეკლამო სამსახურის შექმნა.ამჟმად სწორედ ჟურნალისტებს უხდებათ  ამ ფუნქციის შეათავსება.  "გურიის მოამბეში" ათამდე ჟურნალისტი მუშაობს.   გაზეთმა  2009 წელს ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოსგან" ვებგვერდის შესაქმნელად გრანტი მიიღო.  საიტზე პარალელურად ქვეყნდება    ტელეკომპანია "გურიის" საინფორმაციო გამოშვების ვიდეოჩანაწერები.

გაზეთი "ალიონი"

გაზეთი 1990 წლიდან გამოდის ახალი სახელწოდებით - "ალიონი".  მეოცე საუკუნეში გაზეთი "ლენინის დროშის" სახელით გამოდიოდა. გაზეთის რედაქტორია ნუგზარ ასათაინი. მის გარდა რედაქციაში კიდევ სამი ჟურნალისტი მუშაობს.  "ალიონი" 4- გვერდიანი (ზოგჯერ რვა) ყოველკვირეული გამოცემაა, ტირაჟი 500 ეგზემპლარამდეა, ვრცელდება ოზურგეთში, მისი ღირებულება  20 თეთრია. რედაქცია ტექნიკურად ცუდად არის აღჭურვილი. ოფისში არა აქვთ სამუშაო კომპიუტერები. მასალებზე მუშაობისას ჟურნალისტები რედაქტორის სახლში არსებულ პერსონალურ კომპიუტერს იყენებენ.

ნუგზარ ასათიანის თქმით, გაზეთის რედაქცია არაერთხელ გაიძარცვა. განადგურდა კომპიუტერული ცენტრი. 2005 წელს მომხდარმა  ხანძარმა "ალიონის" რედაქცია მთლიაანდ გაანადგურა. "

"2006 წელს ამირჩიეს გაზეთ "ალიონის" რედაქტორად. 2008 წლის 5 იანვარს არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალების გამო  პოლიციაშიც კი დამიბარეს. ხელისუფლება გაზეთის დისტრიბუციასაც კი ბლოკავს",  ამბობს  ნუგზარ ასათიანი.

ტელეკომპანია "გურია"

ტელეკომპანია "გურია"   ეთერში პირველად  1992 წლის 2 ნოემბერს გავიდა, მისი დამფუძნებელი იყო ყოფილი პარლამენტარი მერაბ სიორიძე.  წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 12 თებერვლიდან ტელევიზია დაუბრუნდა პირვანდელ მფლობელს.  "გურიის" გენერალური  დირექტორი  ზურაბ გობრონიძეა.  ტელეარხის სიგნალი ვრცელდება გურიაში და ნაწილობრივ აფხაზეთშიც.  რთული რელიეფიდან გამომდინარე, ტელეკომპანიის სიგნალის დაჭერას ვერ ახერხებენ გურიის ტერიტორიის დიდ ნაწილში.

"წელიწადზე მეტია  ჩვენი გადამცემი სადგური სოფელ ჯუმათში გადავიტანეთ.  ამით დაფარვის ზონა გაიზარდა, მაგრამ ეს მდებარეობს ქუთისის გადამცემის საპირისპირო მხარეს. 2006 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში  ეთერში არ გავდიოდით, რის გამოც მაყურებელი დავკარგეთ. მოსახლეობას კი ანტენა ქუთისისკენ აქვს შეტრიალებული და ძირითადად ცენტრალურ არხებს უყურებს, -ამბობს ტელეკომპანია "გურიას" აღმასრულებელი დირექტორი ავთანდილ გველებიანი.

ტელეკომპანიას აქვს 18 საათიანი მაუწყებლობა.  საინფორმაციო  პროგრამა კვირაში სამჯერ, 15-დან 25-წუთამდე ქრონომეტრაჟით გადის. შუქდება მხოლოდ ადგილობრივი ახალი ამბები. ეთერში ასევე გადის სმს შოუ, კლიპები და მხატვრული ფილმები. არაპერიოდულად  მზადდება ტელედებატები.

სხვა გადაცემებს ტელეკომპანია არ ამზადებს. ძირითად შტატში მუშაობს სამი ადამიანი, ასევე არიან სტაჟიორები. აშშ-ს  საელჩოს დაფინასების შედეგად, ტელეარხის ბაზაზე შეიქმნა  მობილური ჯგუფები, რომლებიც კვირაში სამჯერ ჩადიან სხვადასხვა სოფლებში და ამზადებენ სიუჟეტებს. ტელეკომპანიის ორი  ძირითადი ჟურნალისტი გაზეთ "გურიის მოამბეშიც"  მუშაობს.

ტელეკომპანია არსებობს მცირე რეკლამებისა და დონორი ორგანიზაციების ხარჯზე  ასევე  ყიდიან საინფორმაციო დროს გამგეობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

ასეთი აქტიური რეგიონი არ

ასეთი აქტიური რეგიონი არ მეგულება საქართველოში. უყვართ გურულებს გაზეთი და ინფორმაცია, 5 გაზეთი ერთი ბეწო გურიისათვის მართლა ბევრია. სოფელი მაქვს გურიში და ვიცი. რა ინტერესით ეცნობა ხალხი გაზეთს. თუმცა მაინც ვფიქრობ რომ ტირაჟი ამხელა არა აქვთ, ცოტას აზვიადებენ. :)) წარმატებებს ვუსურვებ გურიის მედიას :)

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.