სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთი ვაკანტური თანამდებობისთვის 5 კანდიდატი იბრძვის
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა "საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთი ვაკანტური თანამდებობის მაძიებელი კანდიდატების სია.
აღნიშნულ თანამდებობაზე ღია კონკურსი პრეზიდენტის 29 იანვრის განკარგულების საფუძველზე მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა ზურაბ ხარატიშვილმა დატოვა. ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.
ღია კონკურსში 5 კანდიდატი მონაწილეობს, ესენია:
1. მარიამ შავგულიძე - "უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობის ცენტრის" დირექტორი;
2. გიორგი მელაძე - "თავისუფლების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი;
3. ნინო გოგიბერიძე - საჯარო სამართლის იურიდიული პირის - "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის" რექტორის მრჩეველი იურიდიული პროგრამების შემუშავების საკითხებში;
4. მალხაზ ნარინდოშვილი - "საქართველოს გაეროს ასოციაცია" - ეროვნული ინტეგრაციისა და ტოლერანტობის პროგრამის კოორდინატორი;
5. ლია სანიკიძე - დროებით უმუშევარი.
კანდიდატურების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა.
მოქმედი კანონმდებლობით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს პრეზიდენტი ნიშნავს, მას შემდეგ, რაც მის მიერ შერჩეულ კანდიდატს პარლამენტი დაამტკიცებს. პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტში Media.Ge-ს განაცხადეს, რომ სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველთა კანდიდატურები პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტისთვის ჯერ არ წარუდგენია.
15-წევრიანი სამეურვეო საბჭოში კიდევ ერთი ვაკანსიის დასაკავებლად, რომელიც საბჭოს წევრის მამუკა ფაჩუაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ გაჩნდა, ღია კონკურსი 2 მარტს დაიწყო. განაცხადების წარდგენის ვადა მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
უკვე ცნობილია, რომ ვაკანტური თანამდებობის ერთ-ერთი მაძიებელი რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე იქნება. ის რეგიონულ გაზეთ "გურია ნიუსის" დამფუძნებელიც არის.
როგორც ია მამალაძემ, Media.Ge-ს განუცხადა, მისი კანდიდატურა კოალიციამ "სამოქალაქო განვითარებისთვის" წარადგინა. მამალაძის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა დაახლოებით, 30-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანმა არჩევნებმა", "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა".
" რეგიონების ხმა არსად ისმის და საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან მწირად აშუქებს იქ მიმდინარე პროცესებს. ჩემი მიზანია, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რეგიონებს უფრო მეტი დრო დაუთმოს", განაცხადა რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
ია მამალაძის სურვილია, რომ მის კანდიდატურას მხარი დაუჭირონ მედია ორგანიზაციებმაც.
"როცა საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ, პრესკონფერენციას მოვიწვევ და ჩემს კანდიდატრურას ოფიციალურად გამოვაცხადებ", თქვა მამალაძემ.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება