ჟურნალ "სოლიდარობის" ახალი ნომრის პრეზენტაცია ქუთაისში
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ მომზადებული ჟურნალი "სოლიდარობა", ყოველ ორ თვეში ერთხელ გამოდის. რედკოლეგიის მიერ, ჟურნალის ახალი ნომრების პრეზენტაცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში და რეგიონებში იმართება. ამჯერად 2010 წლის "სოლიდარობის" პირველი ნომრის პრეზენტაცია 11 მარტს, სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისში შედგა.
არასამთავრობო სექტორსა და ჟურნალისტებს ახალი ნომერი ჟურნალის რედაქტორმა ნინო ცინცაძემ, რედკოლეგიის წარმომადგენელმა ბექა მინდიაშვილმა და ასევე დეკანოზმა კახაბერ კურტანიძემ (რომელიც, ამავე დროს, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია) წარუდგინეს.
ნინო ცინცაძის მიერ ჟურნალში განხილული თემების მოკლე აღწერის შემდეგ, კახაბერ კურტანიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე: "რელიგია და სახელმწიფო - ტოლერანტობის ბალანსი". ამის შემდეგ შეკრებილ საზოგადოებას საშუალება მიეცა სასურველი შეკითხვები დაესვა და დისკუსია წარემართა.
"ჩვენი მიზანი იყო გვესაუბრა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობაზე ტოლერანტობის ჩარჩოებში და იმ ძირითად ღირებულებებზე, რაზეც დგას დასავლური სამყარო. სიმართლე გითხრათ, მე ველოდი უფრო მეტ კრიტიკას და აგრესიას, თუმცა აგრესიის ნასახიც კი არ ყოფილა", - განუცხადა Media.Ge-ს კახაბერ კურტანიძემ.
ასეთივე შეხვედრა ქუთაისში ორი თვის შემდეგაც გაიმართება, მთავარი განსახილველი თემა "მემარცხენეობა - მემარჯვენეობა" იქნება.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება