მედიის განვითარების ფონდის მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული მედია უმცირესობების თემატიკას სტანდარტების დარღვევით აშუქებს
მედიის განვითარების ფონდი 2010 წლის 1 იანვრიდან ქართულენოვან მედია-საშუალებებში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების გაშუქებას აკვირდება. 11 მარტს, სახალხო დამცველის ოფისში, ფონდის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს 2 თვის განმავლობაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გააცნეს.
დაკვირვების ობიექტს 5 ნაციონალური ტელეკომპანია, 7 ცენტრალური და 8 რეგიონული გაზეთი წარმოადგენდა. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქართული მედია ნაკლებად აშუქებს უმცირესობების თემატიკას, თუმცა რაც შუქდება, იქიდან დიდი ნაწილი სტანდარტებს არ შეესაბამება.
კვლევის შედეგების მიხედვით, უმცირესობების თემა უფრო ხშირად გაზეთებში შუქდება ვიდრე ტელევიზიებში და, შესაბამისად, გაზეთებში უფრო ხშირად გვხვდება დისკრიმინაციული გამონათქვამები და არასწორი მიდგომა აღნიშნული თემის მიმართ.
მედიის განვითარების ფონდის დირექტორი ქეთი მსხილაძე აცხადებს, რომ პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, თუმცა, მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის შედეგების მიხედვით, შეუარცხმყოფელმა გამონათქვამებმა იკლო, რაც, მსხილაძის ვარაუდით, შესაძლოა, აღნიშნული პროექტის დამსახურებაც იყოს, რადგან მონიტორინგის ყოველკვირეული შედეგები 250- ზე მეტ ჟურნალისტს ეგზავნება.
პროექტი საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ვერაზიის თანამშრომლობის ფონდის პროგრამის "ეროვნული ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში" ფარგლებში, შეერთებული შატატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ავტორთა თქმით, მონიტორინგი ხორციელდება როგორც მედიაში გამოქვეყნებული მასალების რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი კუთხით. რაოდენობრივი მონიტორინგის მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად აქტიურად აშუქებს ქართული მედია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების თემატიკას, ხოლო ხარისხობრივი კვლევის მიზანია, გამოვლინდეს მედია სტანდარეტების დარღვევის ფაქტები. კერძოდ - თუ რამდენად ხშირია დისკრიმინაციის და სტერეოტიპიზაციის შემთხვევები.
კვლევა მიმდინარე წლის 1 იანვარს დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება. მონიტორინგის ინტერესის სფერო წარმოადგენს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, ასევე ტელეკომპანიების - "რუსთავი 2"-ის, "იმედის", "მაესტროს" და "კავკასიის" საინფორმაციო გამოშვებები. ასვეე გაზეთები: "24 საათი", "რეზონანსი", "ახალი თაობა", "ალია", "ასავალ დასავალი", "კვირის პალიტრა", ჯორჯიან თაიმსი". ასევე მონიტორინგის ობიექტია რაგიონალური პრესა, კერძოდ, გაზეთები- "პს" და "ახალი გაზეთი" (ქუთაისი), "სამხრეთის კარიბჭე (ახალციხე), "კახეთის ხმა" (კახეთი), "თავისუფალი სიტყვა" (ქართლი), "ბათუმელები" (აჭარა), "ღია ბოქლომი" (სამეგრელო), "გურია ნიუსი" (გურია).
თამარ ხორბალაძემ, მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელმა, Media.Ge-ს განუცხდა, რომ მონიტორინგის შედეგები ქვეყნდება არა კონკრეტული მედია საშუალების გასაკრიტიკებლად, არამედ იმიტომ, რომ მოხდეს შეცდომების თავიდან აცილება მომავალში.
სახლახო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, რომელმაც იცის მედიის განვითარების კვლევის შედეგები, Media.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ უმცირესობების თემის გაშუქება უმნიშვნელოვანესი საკითხია. მისი თქმით, ქართული მედია ამ თემას ან საერთოდ არ აშუქებს, ან რასაც აშუქებს უარყოფით კონტექსტში.
"მედიას აკისრია გადამწყვეტი როლი იმისთვის, რომ უმცირესობებმა სრულფასოვან მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ის შენიშვნები, რაც მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, აუცილებლად უნდა გაითავლისწინონ ქართველმა ჟურნალისტებმა. ისეთ მრავალეროვან ქვეყანაში როგორიც საქართველოა, ქსენოფობიური გამონათქვამები და უმცირესობების დისკრედიტაცია კატეგორიულად მიუღებელია", თქვა სახალხო დამცველმა.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება