11 მარტი, 2010 - 20:00

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ჟურნალისტების სარჩელები გაიგზავნება

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი" უახლოეს დღეებში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ტელეკომპანია "იმედის" ყოფილი ჟურნალისტების ინდივიდუალურ სარჩელებს წარადგენს.

"ტელეიმედის" ყოფილი თანამშრომლები ასაჩივრებენ  მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, რომელიც თან სდევდა  2007 წლის 7 ნოემბერში "ტელეიმედის" დარბევას.   ჟურნალისტები ასევე ასაჩივრებენ საქართველოს პროკურატურის არაეფექტურ გამოძიებას.

არასამთავრობო ორგანიოზაცია სტრასბურგში ამ ეტაპზე 12 ინდივიდუალურ სარჩელს გააგზავნის.

მომჩივანები არიან: თეა სიჭინავა, დიანა ტრაპაიძე, ჯონი კალანდაძე, გიორგი ახვლედიანი (ამჟამად პარლამენტარი), ირაკლი მოსეშვილი, თენგიზ მეზურნიშვილი, ნინო საყვარელიძე, გიორგი რუხაძე, ანა გოჩაშვილი, ნათია მიქიაშვილი, ლევან ვეფხვაძე (პარლამენტარი ) და მაგდალინა ანიკაშვილი (დღეს უკვე პარლამენტარი).

2007 წლის 7 ნოემბერს, ოპოზიციის მრავალდღიანი საპროტესტო აქცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით,  პოლიციის სპეცრაზმის მიერ განხორციელებული დარბევით დასრულდა. დაზარალდნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც პროტესტანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებს აშუქებდნენ. იმავე დღეს სპეცრაზმი ტელეკომპანია "იმედში" შეიჭრა და იქაურობა დაარბია, დააზიანა აპარატურა. ხელისუფლებამ შემდეგ ტელეკომპანიის მაუწყებლობა დროებით გათიშა. ხელისუფლებამ ტელეკომპანიას ბრალი დასდო პოლიტიკური დაძაბულობის პროვოცირებაში.

ლია მუხაშავრიას განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს,  გარდა იმისა, რომ  ჟურნალისტებს ხელი შეუშალეს პროფესიულ   საქმიანობაში,   დაირღვა მათი  სიცოცხლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის უფლება, პირადი ცხოვრებისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლება, რაც ევროპული კონვენციით მკაცრად დაცული უფლებებია.

"ყველა გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ ჟურნალისტებზე განხორციელდა მიზანმიმართული ზეწოლა, სწორედ,  პროფესიული ნიშნით. მართალია,  პროკურატურა,  გამოძიება დაიწყო, მაგრამ დღემდე არცერთი ჟურნალისტი არ დაუკითხავთ და გამოძიება წინ ოდნავადაც არ წასულა, ამიტომ ჩვენ ამ საჩივრებს წარვადგენთ სტრაზბურგის სასამართლოში.   მოხდება პრეცედენტი, როცა საქართველოს  ხელისუფლება თავისი დანაშაულისთვის პასუხს აგებს ", - უთხრა  Media.Ge-ს   ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ.

მისივე თქმით, არსებული 12  საჩივარი საბოლოო რაოდენობა არ არის - საჩივრების მომზადება კვლავ გრძელდება.

" ჩვენი კარი ღიაა ასევე სხვა დაზარალებული ჟურნალისტისთვის  და ველოდებით მათ, აქ საუბარი არ არის მოხლოდ "იმედის" ჟურნალისტებზე, ჩვენ დავეხმარებით ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც 7 ნოემბერს მუშოაბდა და მისი უფლება შეილახა. ყველა სარჩელი არის ინდივიდუალური და ამ სარჩელებს ვაგზავნით ინდივიდუალურად",- თქვა  ლია მიხაშავრიამ.

2007 წლის ნოემბერში "იმედის" ჟურნალისტებმა საქართველოს პროკურატურაში ერთობლივი საჩივარი შეიტანეს, სადაც ტელეკომპანიის 130-მდე თანამშრომელი საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. მომჩივანმა მხარემ ორი შეხსენებითი განაცხადითაც მიმართა  პროკურატურას, მაგრამ ამ საქმეს დღემდე არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. საჩივარი,  მას შემდეგ, რაც ის   ჯოზეფ ქეის ( რომელიც 2008 წლის გაზაფხულზე    ტელეკომპანიის  ფაქტიური მფლობელი გახდა)  გააცნეს,  სტრასბურგში აღარ გაუგზავნიათ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ სახელმწიფომ ტელეკომპანიას, სასამართლოს ჩაურევლად,  3  500 000 ლარი გადაუხადა, დარბევის შედეგად განცდილი ტექნიკური ზარალის საკომპენსაციოდ.

"იმედის" ყოფილი ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე, რომელიც ერთ-ერთია იმ 12 ჟურნალისტიდან, ვინც საჩივარი დაწერა, ამბობს, რომ მას უნდა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს სიმართლე, ვინ არის  დამნაშავე 7 ნოემბრის მოვლენებში, ჟურნალისტები თუ ხელისუფლება.

"მინდა გაირკვეს რა მოხდა 7 ნოემბერს? იქნებ მართლა მე ვიყავი დამნაშავე და სახელმწიფო გადატრიალებას ვაწყობდი? მინდა ამის სამართლებრივად გარკვევა. 7 ნოემბერს ჩემი უფლებები შეილახა.

ამ სარჩელს, რომელსაც სტრაზბურგის სასამართლოში შევიტანთ, ჩვენ ვუწოდებთ, სარჩელს არა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არამედ, სარჩელს უკეთესი საქართველოსთვის, სადაც ჟურნალისტებს ისე აღარ მოექცევიან, როგორც 7 ნოემბერეს მოექცნენ",- თქვა  დიანა ტრაპაიძემ.

პარლამენტარი  გიორგი ახვლედიანი, რომელიც ასევე "იმედის" ყოფილი ჟურნალისტია,  აცხადებს, რომ ხელისუფლება ადრე თუ გვიან ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აუცილებლად აგებს და ამის განაჩენს მას სტრაზბურგის სასამართლო გამოუტანს.

ჟურნალისტი თეა საჭინავა, აცხადებს, რომ ის ორი წელია სვამს შეკითხვას,  თუ რა ხდება გამოძიების კუთხით "იმედის" დარბევასთან დაკავშირებით და ამაზე პასუხი დღემდე ვერ მიიღო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რის გამოც სარჩელის დაწერა გადაწყვიტა.

" თუ კი ერთხელ მაინც შეიქმნება  პრეცედენტი, რომ დანაშაულისთვის ვინმეს პასუხს მოსთხოვენ და,  მით უმეტეს,  თუ ეს ვინმე ხელისუფლება იქნება, გაცილებით დაცულად იგრძნობს ყველა თავს ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით მედია გახდება დაცული",- განუცხადა Media.Ge -ს  თეა სიჭინავამ.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.