ვენაში გაიმართება ჟურნალისტური სემინარი შიდსის საკითხებზე
ნაციონალური პრესის ფონდი (NPF-National Press Foundation) პროექტის The Journalist to Journalist-ის ფარგლებში გასცემს გრანტებს ოთხდღიან ტრენინგზე დასასწრებად, რომელიც ტარდება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. ტრენინგი ეხება აივ ინფექციას და ის ტარდება შიდსის საერთაშორისო მეთვრამეტე კონფერენციის დაწყებამდე. აღნიშნული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში მონაწილეობენ მეცნიერები და აივ ინფექციის სფეროში მომუშავე მნიშვნელოვანი სპეციალისტები.
NPF განსაკუთრებული ინტერესით ელოდება აპლიკანტებს აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. უპირატესობა იმ მონაწილეებს მიენიჭებათ, რომლებსაც წინა წლებში აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ორგანიზატორები დააფინანსებენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც აივ ინფექციასთან დაკავშირებულ საკითხებს ბოლო სამი წლის განმავლობაში აშუქებდნენ. დაფინასებაში შედის მგზავრობის, კვების, სასტუმროს და სხვა ყოველდღიური ხარჯების დაფარვა.
სემინარში მონაწილეობის მსურველებმა, აუცილებლად:
- შეავსეთ ონლაინ აპლიკაცია https://npf.wufoo.com/forms/j2j-hivaids-global-media-training-2010/ - ატვირთეთ სამოტივაციო წერილი; მაქსიმუმ 250 სიტყვით ახსენით რატომ და რისთვის გინდათ სემინარზე დასწრება; როგორ წაგადგებათ აქ მიღებული ცოდნა და ორიოდ სიტყვით აღწერეთ აივ ინფექციასთან დაკავშირებული მდგომარეობა თქვენს რეგიონში. - ატვირთეთ თქვენი თხრობითი ბიოგრაფია, მაქსიმუმ 200 სიტყვა. არ გამოგზავნოთ CV - მიმღები კომისია მას არ განიხილავს. ბიოგრაფიის ნიმუში შეგიძლიათ ნახოთ მისამართზე: http://www.nationalpress.org/usr_doc/Fellow_Biographies_FINAL.pdf - ატვირთეთ თქვენი ნამუშევრები: 1. ბეჭდური და ონლაინ მედიის ჟურნალისტებმა აპლიკაციაში ატვირთეთ თქვენი ორი სტატია ან მიუთითეთ სტატიის ბმული.2. ტელეჟუნრალისტებმა მიუთითეთ თქვენი საუკეთესო ტელესიუჟეტის ვიდეოს ბმული. თუ სიუჟეტი არსად არ არის ატვირთული, ის თქვენ უნდა ატვირთოთ სხვადასხვა საიტებზე, როგორიცაა YouTube, Vimeo, და ა.შ. 3. რადიოჟურნალისტებმა მიუთითეთ თქვენი რადიოსიუჟეტის ბმული.
ყურადღება: თხრობითი ბიოგრაფია, სამოტივაციო და სარეკომენდაციო წერილები უნდა გამოგზვანოთ როგორც ტექსტი ან როგორც PDF ფაილი. არ გამოგზავნოთ JPG ფორმატის ფაილები. თითოეული დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი ინგლისურად. აპლიკანტებს მოეთხოვება ინგლისური ენის კარგად ცოდნა. ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადა არის 6 აპრილი. შერჩეულ მონაწილეებს ორგანიზატორები ელ. ფოსტით დაუკავშირდებიან.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ქალბატონ მაჰა მასუდს (Ms. Maha Masud) მისამართზე: programs@nationalpress.org.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება