5 მარტი, 2010 - 16:02

ფატიმა მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით ცხინვალში საპროტესტო აქცია გაიმართა

ფატიმა მარგიევას სასამართლო პროცესი

5 მარტს ცხინვალში,  ვაგზლის მოედანზე, უფლებადამცველისა და გაზეთ "პოზიციის" რედაქტორის,  ფატიმა მარგიევას,  გათავისუფლების მოთხოვნით  საპროტესტო აქცია  გაიმართა. აქცია რამდენიმე  დღის წინ დაიგეგმა, ამის შესახებ  ცხინვალელმა ჟურნალისტმა გაზეთ "21-ე საუკუნის" გამომცემელმა, თემურ ცხოვრებოვმა, საქმის კურსში ადგილობრივი  ხელისუფლებაც ჩააყენა, მაგრამ წინა დღით ადრე, 4 მარტს, აქციის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, რადგან მარგიევას სასამართლო პროცესის შემდეგ, აქციის ორგანიზატორი რამდენიმე საათით დაიკარგა, მის ტელეფონზე კი სრულიად სხვა ადამიანი პასუხობდა.

თემურ ცხოვრებოვის მეგობრებმა განგაში ატეხეს და მისი ძებნა დაიწყეს, მათი აზრით, ცხოვრებოვი უშიშროების სამსახურში ჰყავდათ და მას აქციის გადაფიქრებას სთხოვდნენ. მოგვიანებით, სახლში დაბრუნებულმა ცხოვრებოვმა მხოლოდ ის თქვა, რომ ტელეფონი გაუფუჭდა და არ დაუკონკრეტებია, 5 საათის განმავლობაში სად იმყოფებოდა, ეს ინფორმაცია Media.Ge-ს კორესპონდენტს ცხოვრებოვის მეგობრებმა მიაწოდეს და ივარაუდეს, რომ აქცია აღარ ჩატარდებოდა, მაგრამ დღეს მცირერიცხოვანი აქცია ცხინვალში მაინც გაიმართა, აქციას ოსი უფლებადამცველი ბესარიონ ასეევიც ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ვაგზლის მოედანზე  ჯერ გამნაღმველები მიიყვანა და იქვე მილიციელებიც დააყენა ექსცესების თავიდან ასაცილებლად.

ფატიმა მარგიევას  საქმეზე  ცხინვალში 4 მარტს  დაწყებული სასამართლო პროცესი  ერთი კვირით გადაიდო, განსასჯელმა  ადგილობრივი ადვოკატის  აცილება მოითხოვა და რუსი იურისტის დაქირავების სურვილი გამოთქვა. სასამართლომ მისი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მარგიევა 18 თებერვალს იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს. ოპოზიციური საქმიანობის გამო დაკავებული თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.  ცხინვალის უნივერსიტეტის პედაგოგი  საქართველოსგან ჩამოშორებული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ღია კრიტიკით გამოდიოდა და მას რუსული ფინანსური დახმარების მითვისებაში ადანაშაულებდა. როგორც ცხინვალში ისე ვლადიკავკაზში უფლებადამცველებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მარგიევას გათავისუფლების მოთხოვნით სპეციალური კომიტეტები შექმნეს და  ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათ რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის  უფლებადამცველ ორგანიზაციებს დახმარებისთვის მიმართვები გაუგზავნეს. ტექსტებში ედუარდ კოკოითი მოხსენებულია როგორც დიქტატორი და ტირანი, რომელიც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ რეპრესიებს ახორციელებს.

მარგიევამ  სასამართლო პროცსზე კოკოითის  ხელისუფლების მიერ დანიშნული  ადვოკატის ალბინა გაზაევას  კომპეტენტურობა ეჭქვეშ  დააყენა და მას ყალბდიპლომიანი  იურისტი უწოდა. როგორც  ოსური საინფორმაციო სააგენტო  ოსინფორმი იუწყება, გაზაევა მარგიევას პატივისა და ღირსების შელახვისთვის უჩივლებს. მარგიევა კი რუსეთიდან ადვოკატის ჩამოსვლას დაელოდება. როგორც ბესარიონ ასეევმა განაცხადა, მოწვეული ადვოკატის აკრედიტაციის პროცედურას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ, მისი აზრით, მარგიევას სასამართლო ვერც 11 მარტს დასრულდება.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • Allowed HTML tags: <a> <em> <strong> <cite> <code> <ul> <ol> <li> <dl> <dt> <dd> <p> <span> <img> <div> <pp_img> <pp_media> <h2> <h3> <h4> <h5> <h6> <blockquote> <table> <tbody> <tr> <th> <td> <br>
  • You may embed videos from the following providers archive, bliptv, flickr_sets, youtube. Just add the video URL to your textarea in the place where you would like the video to appear, i.e. http://www.youtube.com/watch?v=pw0jmvdh.
  • Insert images and media with <pp_img> or <pp_media>. See formatting options for syntax.
  • You may use [swf file="song.mp3"] to display Flash files and media.

More information about formatting options

By submitting this form, you accept the Mollom privacy policy.