2008 წელს საქართველოს სარეკლამო ბაზრის თითქმის 78 პროცენტი ტელევიზიებს ეკავა, ინტერნეტს - 0,2%
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, 2009 წლის განმავლობაში წარმოებული კვლევების შედეგები წარუდგინა.
შეხვედრა, რომელიც სასტუმრო "ვერე პალასში", 26-27 თებერვალს გაიმართა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", ექსპერტებმა ჟურნალისტებს, სწორედ ამ კვლევების შედეგები გააცნეს, რომელთა შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად, საქართველოში მედიის მდგომარეობაცაა წარმოდგენილი.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანალიტიკოსმა მატიას ჰუტერმა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, განხორციელებული პროექტის საქართველოს მედიის სიღრმისეული კვლევის შედეგები შეაჯამა. პროექტი ევროკავშირის მიერ დაფინანსდა. კვლევა 2009 წლის აგვისტო-ნოემბერში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მასში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულმა 2 ათასმდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
მატიას ჰუტერის განცხადებით, აღნიშნული კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ ბეჭდვითი მედის ბაზარზე, პრობლემებია პროფესიონალური მედია მენეჯმენტის, მცირე ცირკულაციის, დაბალი ხარისხის რეპორტინგის, საინტერესო სტატიების სიმცირის, არაეფექტური და ძვირი დისტრიბუციის სისტემის, რეკლამის ნაკლებობის, მფლობელობის გაუმჭვირვალობის, მცირე ბაზრის, გამომცემლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობისა და მდგრადობის კუთხით.
დისტრიბუციაზე საუბრისას, მატიას ჰუტერმა გამოყო, ქუჩებში გაზეთ-ჟურნალების გაყიდვების მონოპოლიზაციის მცდელობა. მისივე თქმით, "გაუმართავია საფოსტო სერვისი და დისტრიბუციის სისტემა, არ არსებობს გამომცემელთა შორის კოორდინაცია."
მატიას ჰუტერმა, "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ გაუმჭვირვალეა მედიამფლობელობა და სუბსიდიები ბეჭდვით მედიაში. ანალიტიკოსი ასევე განაცხადა, რომ გაუმჭვირვალეა სარეკლამო ბაზარი, რომელსაც რამდენიმე ადამიანი აკონტროლებს. მატიას ჰუტერმა საილუსტრაციოდ საქართველოს სარეკლამო ბაზარის 2008 წლის კვლევის შედეგები მოიყვანა, რომლის მიხედვით, სატელევიზიო რეკლამამ მთელი სარეკლამო ბაზრის 77,6% შეადგინა, რადიორეკლამამ - 6,7%, ქუჩის რეკლამამ - 5,9%, საგაზეთომ - 5,1%, ჟურნალებში გასული რეკლამის წილმა - 4,6%, ხოლო ინტერნეტ-რეკლამამ - 0,2%.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება