საქართველოს პრეზიდენტი რეგიონულ ტელევიზიებს საგადასახადო ამნისტიას სთავაზობს
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 26 თებერვალს, პარლამენტში საანგარიშო მოხსენებით გამოსვლის დროს, პარლამენტარებს ტელევიზიებისთვის საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება შესთავაზა.
პლენარულ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს ყველა ქართულ რეგიონული ტელევიზიას გამოუცხადოს საგადასახადო ამნისტია, რათა მათ "შეძლონ განვითარება, პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებასა და დემოკრატიის განვითარებაში თავიანთი წვლილი შეიტანა."
ამასთან, პრეზიდენტმა ბათუმის ტელეკომპანია "ტელეარხ 25''-ზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დავალიანების რესტრუქტურიზაციაც მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არხი მთავრობის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია.
"ტელეარხ 25'' რამდენიმე წელია დავა აქვს საგადასახადო სამსახურებთან, იმ საგადასახადო ვალდებულების გამო, რომელიც ტელეკომპანიას წლების განმავლობაში წარმოეშვა. ტელეკომპანია მხოლოდ 70 ათასლარიან დავალიანებას აღიარებს, თუმცა მას, საერთო ჯამში, 300 ათას ლარამდე აქვს დარიცხული.
რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია კუპრაშვილმა განაცხადა, რომ საგადასახადო ამნისტია რეგიონულ მაუწყებლებს ძალიან ბევრ პრობლემას მოუხსნის.
"ტელეკომპანიებს საგადასახადო დავალიანება ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს წარმოეშვათ, ბევრს ხელოვნურად, და ზეწოლის საკმაოდ სერიოზულ ბერკეტს წარმოადგენდა", განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება