პრეზიდენტი სააკაშვილი "პირველი კავკასიურის" გათიშვას საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეარხ "პირველი კავკასიურის" (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი) გათიშვას საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს.
ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განცხადა, 2 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, "პირველი კავკასიურის" ირგვლივ შექმნილი პრობლემები უკვე ქვეყნის ფარგლებს გასცდა. საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს არხის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს და მიიჩნევს, რომ ეს არის საერთაშორისო პოლიტიკური ცენზურის ძალიან საშიში პრეცედენტი.
"ეს იგივეა, რომ საქართველოს "ბი-ბი-სი", "სი-ენ-ენი" ან რომელიმე ფრანგული არხი გაეთიშა პოლიტიკური ნიშნით", აღნიშნა პრესსპიკერმა.
პრეზიდენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში რუსული არხები სწორედ დასავლური სატელიტების მეშვეობით მაუწყებლობენ.
"ჯერ რუსეთში მოხდა თავისუფალი აზრის დაბლოკვა, შემდეგ "გაზპრომმა" მოახერხა დასავლეთში ბევრ მედიასაშუალებაზე კონტროლის მოპოვება, სცადა პარალელური რეალობის შექმნა. ახლა კი რუსეთის ფარგლებს გარეთაც ხდება ალტერნატიული აზრის დაბლოკვა, რათა "გაზპრომის" პარალელური რეალობა ერთადერთ ჭეშმარიტებად გაასაღონ", მიიჩნევს პრეზიდენტი.
ამასთანავე, პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს არხის ჟურნალისტებს და აძლევს მათ დამოუკიდებლობის, პროფესიულ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიას.
"გაზპრომთან" კაპიტულაციის ასეთი პრეცედენტის დაშვება პირველ რიგში საშიშია თავად ევროპული დემოკრატიისთვის", მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი.
საფრანგეთის სატელიტურმა ოპერატორმა კომპანიამ EUTELSAT "პირველი კავკასიურის" ევროპაზე მაუწყებლობა გათიშა, რასაც ქართული მხარე რუსეთის ზეწოლად მიიჩნევს.
საზოგადოებრივი მაუწყებელი ფრანგული კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება