სკოლის დირექტორები ჟურნალისტებთან ურთიერთობის წინ განათლების სამინისტროს პრესცენტრს უნდა დაუკავშირდნენ
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების თავმჯდომარის მანანა ღურჭუმელიძის განცხადებით, განათლების სამინისტროს განკარგულების თანახმად საჯარო სკოლების დირექტორებს და პედაგოგებს, ჟურნალისტებთან ყოველგვარი კომენტარის გაკეთება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესცენტრთან შეუთანხმებლად, ეკრძალებათ. ამის შესახებ მანანა ღურჭუმელიძემ თბილისში მედიის წარმომადგენლებთან, 25 იანვარს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"ის ფაქტი, რომ დირექტორებისათვის დაგეგმეს, ჟურნალისტებთან ურთიერთობის შეზღუდვა, მიმაჩნია, რომ ეს არის სერიოზული საფრთხე. ჩვენ მივმართეთ სკოლის დირექტორების გაერთიანების ხელმძღვანელს დავით ლაგვილავას და ვთხოვეთ განცხადება გაეკეთებინა ამის შესახებ. რადგან სკოლის დირექტორთა დიდი ნაწილი აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას, ანუ არიან ჩვენი ორგანიზაციის წევრები, დამატებით კიდევ ახალი დაბრკოლებების შექმნაზე, გაჩუმებას და შეგუებას არ ვაპირებთ,"-აცხადებს ღურჭუმელიძე.
მედია.გე-ს შეკითხვაზე-თუ რა მექანიზმები არსებობს მათი მხრიდან ამ შეზღუდვის აღსაკვეთად, ღურჭუმელიძემ გვიპასუხა, რომ ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდებიან გაფიცვების მოწყობას.
"არსებობს გაფიცვის მექნიზმი, რომელიც კონსტიტუციით ნებადართულია,"-განაცხადა ღურჭუმელიძემ. მისივე თქმით, ცენტრალურ ტელევიზიებზე, შეგნებულად იბლოკება, პედაგოგთა პროფკავშირების ღონისძიებები და ინიციატივები, რასაც ის ხელისუფლების მხრიდან, მათი ორგანიზაციის ვაკუუმში მოქცევას უკავშირებს.
21 იანვარს საზოგადოებრივი ტელევიზიის გადაცემაში "დიალოგი დავით პაიჭაძესთან", განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, რომ მისი განკარგულებით სკოლის დირექტორებმა, ჟურნალისტებისთვის ინტერვიუს მიცემის ან ინფორმაციის მიწოდების შესახებ განათლების სამინისტროს პრესცენტრს წინასწარ უნდა შეატყობინოს, რათა ეს უკანასკნელი "დაეხმაროს" დირექტორებს ჟურნალისტებთან "კომუნიკაციის დამყარებაში."
გადაცემის წამყვანმა დავით პაიჭაძემ შენიშნა, რომ მინისტრის ხსენებულ განკარგულებამდე სკოლის დირექტორები "გაცილებით საინტერესოდ" საუბრობდნენ ჟურნალისტებთან.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება