ჯავახეთში მედიასაც უჭირს
როცა მოხუც კანიონებსა და შემოძარცვულ ხეებს, მთის სტეპები და მიწიდან ამოზრდილი ლოდები ენაცვლება, ხვდები, რომ უკვე ჯავახეთში ხარ.რეგიონის მოსახლეობის 75% ეთნიკური სომეხია, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ქართული ენა არ ესმის.
ახალქალაქის ასფალტაყრილ ქუჩას ძველი შენობებისაკენ მივყავართ, მათგან ერთ-ერთში, ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სომხურენოვანი ტელეკომპანია "ატვ 12" ია განთავსებული.
როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებლის, ვარდან კტოიანისაგან ვიგებ, მათ აპარატურა რამდენიმე წლის წინ ფონდ "ინტერნიუსის" გრანტით შეიძინეს. აქ 2 ჟურნალისტი და 2 ოპერატორია დასაქმებული.
"ატვ 12" მაყურებელს 3 პროგრამას სთავაზობს: ყოველდღიურ საინფორმაციო გამოშვებას, ლიტერატურულ საუბრებსა და გადაცემას რელიგიურ საკითხებზე. ამჟამად კი ჟურნალისტები დოკუმენტურ ფილმზეც მუშაობენ, რომელიც ადგილობრივი მეცენატის მოღვაწეობას ეხება. გარდა ამისა, ტელეკომპანია "პირველი არხის" საინფორმაციო გამოშვებას ყოველდღიურად თარგმნის და ადგილობრივებს სომხურ ენაზე აწვდის.
ჟურნალისტებს საქმიანობა მძიმე პირობებში უწევთ. შენობა, რომლის თავზეც ბალახი ბიბინებს, იჯარითაა აღებული. ახალქალაქში, სადაც ინტერნეტით თითქმის ყველა ოჯახი სარგებლობს, ტელევიზიას ეს ფუფუნება არ აქვს, რადგან უსახსრობის გამო ყოველთვიურ გადასახადს ვერ იხდის. მაგრამ მთავარ პრობლემად მაინც ინფორმაციის ნაკლებობა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა რჩება. "გამგებელი და მისი აპარატის წევრები უარს ამბობენ ინტერვიუს მოცემაზე, ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე" - აცხადებს ჟურნალისტი არმენ მინოსიანი. თუმცა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის ფაქტს ის ვერ იხსენებს.
ტელევიზია თვითდაფინანსებაზეა. შემოსავლის მთავარ წყაროს მორბენალი სტრიქონი და ნეკროლოგები წარმოადგენს.
გზის პირას მდებარე მომცრო ჯიხურში კიდევ ერთი ტელეკომპანია "ჯავახკი" მაუწყებლობს. ატვ-სგან განსხვავებით, ეს ტელევიზია მაყურებელს მხოლოდ ნეკროლოგებს და განცხადებებს აუწყებს. აქ ექვსი ადამიანია დასაქმებული. "ჯავახკის" მფლობელი კონკურენტ ტელეარხს აკრიტიკებს და ობიექტურობას უწუნებს. მისი თქმით, მაყურებლისათვის პროგრამების შეთავაზებას უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ. სპონსორი კი არ ჩანს.
"მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას სატელიტური ანტენების მეშვეობით ხელი მიუწვდება ქართულ ტელეარხებზე, ისინი მაინც ნაკლები პოპულარობით სარგებლობენ. მოსახლეობა სომხურენოვანია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო ენას ვერ ფლობს, ამიტომ ტელემაყურებელი ინფორმაციას რუსული და სომხური საინფორმაციო საშუალებებით იღებს", - აცხადებს რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტი მაია იველაშვილი.
არანაკლებ რთული მდგომარეობაა პრესის გავრცელების მხრივ. "გაზეთებს აქ ვინ კითხულობს? ეს ჯავახეთია ცავატანემ",- დამტვრეული რუსულით მეუბნება მოხუცი მამაკაცი. მართლაც, დღის ოთხ საათზე, ქალაქში გასულმა, გულმოდგინედ ძებნის მიუხედავად, პრესის ვერც ერთი სტენდი ვერ აღმოვაჩინე.
ნინოწმინდაში არსებული ერთადერთი ტელეკომპანია "ფარვანა" კონსტანტინ ვართანიანმა 1999 წელს დაარსა. ტელევიზიას დღეს გამართული აპარატურა, სტუდია და მრავალფეროვანი პროგრამა აქვს. შტატში 21 თანამშრომელია.
საინფორმაციო გამოშვება ყოველდღიურია და ერთ საათს გრძელდება. მაუწყებლობა სომხურ ენაზეა, ხოლო დაფარვის ზონა ნინოწმინდასა და ახალქალაქს მოიცავს. ტელევიზია თავს გრანტებითა და რეკლამით ირჩენს. კონსტანტინ ვართანიანის თქმით, ძირითადი დამკვეთი მობილური ოპერატორები არიან, ხოლო განცხადებებითა და ნეკროლოგებით შემოსული თანხა შემოსავლის 20 % შეადგენს.
"ფარვანა" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოსთან" თანამშრომლობს და გრანტის ფარგლებში 12 დოკუმენტურ ფილმს ამზადებს. "მოსახლეობის მხრიდან ინტერესი დიდია, ხელისუფლებაც სიამოვნებით თანამშრომლობს ჩვენთან, რადგან "ფარვანა" ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელიც ნინოწმინდაში მაუწყებლობს",-ამტკიცებს ჟურნალისტი რუზანა მკრტჩიანი.
ნინოწმინდის მოსახლეობის უმრავლესობას სატელიტური ანტენა აქვს და ინფორმაციას რუსული და სომხური არხებიდან იღებს.
მიმდინარე წლის აპრილში, ნინოწმინდაში ერთადერთმა რადიო "ნორმა" შეწყვიტა მაუწყებლობა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მას სათემო მაუწყებლობის ლიცენზიის მინიჭებაზე უარი განუცხადა. სათემო რადიო "სტუდია რე" ს პროექტი იყო და მისი სრული სახელწოდება "სათემო რადიო ნინოწმინდაში" გახლდათ. "ნორი" ყოველდღიურად ორი საათის განმავლობაში მაუწყებლობდა ქალაქის ჩენტრში დადგმული გამნაძლიერებლებით, "პროგრამაში" ძირითადად მუსიკა და 5-წთიანი ახალი ამბები შედიოდა. თუმცა კვირაში ორჯერ რადიოჟურნალი მზადდებოდა, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ამბებს აშუქებდა. 'სტუდია-რე"-ს ხელმძღვანელი მამუკა ყუფარაძე უკმაყოფილებას ვერ მალავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით და რადიოსთვის ლიცენზიის არმინიჭება ხელოვნური ბარიერი ჰგონია. "ჩვენ არ ვაპირებთ ამ ფაქტს შევეგუოთ. გვაქვს გეგმები და ვეცდებით დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", აცხადებს ყუფარაძე.
რეგიონში გამოიცემა გაზეთი "სამხრეთის კარიბჭე". იგი სომხურ და ქართულ ენაზე იბეჭდება. სომხურენოვანი გამოცემის რედაქცია ახალქალაქში მდებარეობს. მისი ტირაჟი 1000 ცალია, ღირებულება კი 50 თეთრს შეადგენს. "ვინაიდან ნინოწმინდაში პრესის გავრცელების არც ერთი სტენდი არ არსებობს, გაზეთს ხელმომწერების საშუალებით ვავრცელებთ", ამბობს "სამხრეთის კარიბჭის" რედაქტორი ლელა ინასარიძე.
40 წლის ლალი მიქაძე-პეტროსიანი ნინოწმინდის ბაზარში წვრილმანებით ვაჭრობს. ქართულ ჟურნალ-გაზეთებს ყოველთვის გვიან ეცნობა. "ჩემი ოჯახის წევრები ძირითადად სომხურ არხებს უყურებენ, ქართული მხოლოდ მე ვიცი და გაზეთებსაც ახლობლები მიგზავნიან ახალციხიდან", - ამბობს ლალი და "სარკის" ორი კვირის წინანდელ ნომერს მაჩვენებს. თუმცა ნინოწმინდაში მსგავსი პრობლემა დღეს ცოტას აწუხებს. მოსახლეობის მთავარი საზრუნავი სოციალურ სიდუხჭირესთან და მკაცრ კლიმატთან გამკლავებაა.
მგონია რომ სტატიის ავტორი
avtoris subieqturoba
სტატია საკმაოდ კარგად ასახავს
rarac dasasruli ar momewona
როცა საუბარია, რომ ჯავახეთის
ახალი კომენტარის გამოქვეყნება