ჟურნალისტებმა "გაზეთ ბათუმელების" მხარდამჭერი აქცია გამართეს
ბათუმის "გაზეთ ბათუმელების" მხარდამჭერი აქცია გაიმართა 1 დეკემბერს, თბილისში, კინოთეატრ "ამირანთან".
აქციაზე, რომელიც სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტების და ასევე ბლოგერების ინიციატივით მოეწყო, დაახლოებით 100-მდე მონაწილე შეიკრიბა. ჟურნალისტებთან ერთად აქციაზე მივიდნენ უფლებადამცველები და ოპოზიციის წარმომადგენლები.
გამოტანილი იყო პლაკატები: "საქმე აღიძრას "ბათუმელების ზეწოლის ფაქტზე"; "თავისუფლება მედიას"; "იდევნება თავისუფალი სიტყვა".
"მხარს ვუჭერთ ბათუმელ კოლეგებს, რადგან ხვალ, შესაძლებელია, შანტაჟის მსხვერპლნი ჩვენც გავხდეთ", თქვა აქციის მონაწილე თაზო კუპრეიშვილმა, ბლოგერმა და გაზეთ "რეზონანსის" ჟურნალისტმა. "ის ფაქტი, რომ აქციაზე ამდენი ადამიანი მოვიდა, იმედს მიტოვებს, რომ ჩვენს სოლიდარობას შედეგი მოჰყვება", დასძინა მან.
"გაზეთ ბათუმელების" რედაქციის ცნობით, 2009 წლის 25 ნოემბერს სამართალდამცავები
ცდილობდნენ გაზეთის ჟურნალისტური გამოძიების ჯგუფის ხელმძღვანელის, თედო ჯორბენაძის დაშანტაჟებას და ამით მის გადაბირებას, რითაც, სავარაუდოდ, გეგმავდნენ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას ფარულად.
"თედო ჯორბენაძის დასაშანტაჟებლად ამჯერად ქართულმა სპეცსამსახურებმა გამოიყენეს ისეთივე მეთოდები, როგორსაც იყენებდა საბჭოთა კგბ - სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული სტიგმის გამო, ჯორბენაძეს აჩვენეს შიშველი მამაკაცების ფოტოები და უთხრეს, რომ ერთ-ერთი მათგანი თვითონ იყო, უთხრეს, რომ აქვთ ვიდეომასალები და თუ მათთან არ ითანამშრომლებს, ამ მასალებს გაუგზავნიან მის მშობლებს, თანამშრომლებს, ატვირთავენ ინტერნეტში", ნათქვამია გაზეთის გამომცემლის მზია ამაღლობელის მიმართვაში, რომელიც მან 1 დეკემბერს საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნა.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება