რეგიონი, სადაც სახელმწიფო მედია ისევ არსებობს
ბათუმში, ქალაქის ცენტრში, თითქმის ყველა გზაჯვარედინზე სპეციალურად მოწყობილ თაროებზე გაზეთები იყიდება. თბილისიდან პრესა ყოველდღიურად პირველ საათზე ჩამოდის და დახლები მალევე ცარიელდება. "ბათუმური გაზეთების" უმრავლესობა კი კვირიდან კვირამდე ფერს კარგავს - ხუნდება.
"ქვეყანა თუ დაიქცა ეს უნდა ეწეროს და მაშინ იყიდება აქაური გაზეთები",- ამბობს გაზეთების გამყიდველი ლიკა.
გაზეთი "ბათუმის ქრონიკები" ბათუმელებს ძირითადად მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე აწვდის ინფორმაციას. სხვა ფუნქცია მას არ აქვს, რადგან ეს გაზეთი ბათუმის მერიამ დააფუძნა. "ბათუმის ქრონიკებს" დაფინანსებაც სოლიდური აქვს. გაზეთისთვის წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 90 ათასი ლარი გამოიყო. სახელმწიფო სახსრებით ფინანსდება კიდევ ერთი გაზეთი "აჭარა", ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ მას ავტონომიის ბიუჯეტი აფინანსებს.
დამოუკიდებელი გაზეთებია: "ბათუმელები" და "აჭარა პ.ს", რომელთა ტირაჟი, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, განახევრდა. "ბათუმელები" 2300 ეგზემპლარად იბეჭდება, აქედან 95% ხელმომწერებზე ვრცელდება. გაზეთის მფლობელებმა რეიტინგის დასადგენად კვლევა, 6 თვის წინ, სოციოლოგიურ ცენტრ BCG-ს შეუკვეთეს. მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე ამბობს, რომ "ბათუმელები" რეგიონში კონკურენციას ცენტრალურ გამოცემებს უწევს და რეიტინგით გაზეთ "კვირის პალიტრას" ჩამორჩება.
"მხოლოდ გაზეთი "ბათუმელები" ცდილობს ფაქტების ობიექტურ ანალიზს, რასაც დანარჩენი მედია ვერ უზრუნველყოფს", - ამბობს ჟურანლისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი სოფო ლორთქიფანიძე. მისთვის დედაქალაქში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ინფორმაციის ერთადერთი წყარო ინტერნეტი, ფორუმები და ჩათებია.
ბათუმში საზოგადოებრივი ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ მაღალია. ისე, როგორც მთელს საქართველოში, აქაც პრესის მთავარი კონკურენტი ტელევიზიაა.
დილით, ბათუმის ბულვარში სასეირნოდ გამოსულ ადამიანთა უმრავლესობა, წინა ღამეს, ტელეეთერში გასულ "დიალოგს" განიხილავს. ადგილობრივი ტოქ-შოუ "დიალოგი" ერთადერთი გადაცემაა მთელს აჭარაში, რომელიც პოლიტიკოსებისა და ექსპერტების დებატებს ეთმობა.
"დიალოგის" დასრულებისთანავე "25-ე არხი" თბილისის საკაბელო ტელევიზია "მაესტროს" გადაცემების ტრანსლირებას იწყებს. "25-ე არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე მაყურებელთა ზარების რაოდენობის მიხედვით ასკვნის, რომ "დიალოგი" და "მაესტროს" გადაცემები ტელეკომპანიის რეიტინგს ამაღლებს.
"ჩვენი არხის ღამის ეთერს ნაციონალური ტელეარხები კონკურენციას ვერ უწევენ", - ირწმუნება მერაბ მერკვილაძე. თუმცა, "25-ე არხის" ეთერი აჭარის მაღალმთიან რაიონებში ვერ ვრცელდება. მისი მაუწყებლობა დაბლობ ტერიტორიებს მოიცავს, მათ შორის ზღვისპირა ფოთს.
ტელევიზიაში, ტექნიკოსებისა და შენობის დაცვის თანამშრომლების ჩათვლით, 28 ადმიანი მუშაობს. დღემდე, ტელევიზიის სტაბილური შემოსავლი სამგლოვიარო განცხადებებიდან შემოსული თანხაა. სარეკლამო შემოსავალი მთელი შემოსავლის მხოლოდ 25%-ს შეადგენს. ტელეკომპანიას პრობლემებს ძველი საგადასახადო დავალიანება ურთულებს. ტელეკომპანიას ამ ვალის გამო, რომელიც საურავებით 330 ათას ლარს შეადგენს, საგადასახადო ინსპექციასთან სასამართლო დავა აქვს.
"ამ ვალს არ ვაღიარებთ, რადგან უკანონოდ დაგვარიცხეს", ამბობს "25-ე არხის" თანადამფუძნებელი, ""დავა ყველა ინსტანციაში მოვიგეთ, უზენაეს სასამართლოშიც კი, მაგრამ საგადასახადო ინსპექცია სასამართლო გადაწყვეტილებას არაფრად აგდებს და დავალიანების გადახდას ჯიუტად ითხოვს. ახლა, მორიგი სასამართლო პროცესი ბათუმის სასამართლოშია დანიშნული."
მერკვილაძემ უკმაყოფილება დონორი ორგანიზაციების მიმართაც გამოთქვა.
"დონორი ორგანიზაციები რეგიონის ერთადერთი დამოუკიდებელი ტელევიზიის მიმართ გულგრილნი არიან და მასთან არ თანამშრომლობენ", - ამბობს მერაბ მერკვილაძე.
ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია "თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის" ხელმძღვანელი, იურისტი ასლან ჭანიძე მიიჩნევს, რომ "რეგიონული მედიასაშუალებები არათანაბარ მდგომარეობაში მუშაობენ, ძირითადად, მედიას აქ მთავრობა ინახავს. საზოგადოების ნდობის ხარისხი კი მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ აფინანსებს მედიას."
აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტს აჭარის მთავრობამ წელს 5 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი დაუმტკიცა. მაუწყებელი სტატუსით კვლავ ადგილობრივი მთავრობის საქვეუწყებო დეპარტამენია, თანამშრომლები სახელმწოფო მოხელეები არიან, რომლებიც ყოველწლიურად ქონებრივ დეკლარაციას ავსებენ. აჭარის ტელე-რადიო დეპარტამენტის სტატუსის შეცვლაზე სპეციალურად შექმნილი სამეთვალყურეო საბჭო უკვე 2 წელია მუშაობს. ამ დრომდე საბჭო მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაციით შემოიფარგლა. აჭარის ტელევიზიას აქვს ამბიცია, რომ კონკურენცია გაუწიოს ნაციონალურ მაუწყებლებს, ამიტომაც, საინფორმაციო გამოშვებებში დიდი ადგილი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებს უჭირავს. ტელევიზიის რეიტინგი თავად არხის თანამშრომლებისთვისაც უცნობია, ამის დასადგენად კვლევები ს არ ჩატარებულა. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ცირა აბულაძე ამბობს, რომ შიდა კვლევების თანახმად ყველაზა პოპულარული დილის გადაცემაა, რომელიც აჭარის ტელევიზიის ეთერში მხოლოდ შაბათ-კვირას გადის.
საკაბელო ტელევიზია "ერა" ორ კვირში მთელს ბათუმს დაფარავს. ის ხუთი წლის წინ დაარსდა, რომელიც, ბოლო დრომდე, ძირითადად, ფილმების და კლიპების ჩვენებით იყო შემოფარგლული. საკაბელო ტელევიზიამ ერთი თვის წინ ტიტრების საშუალებით ახალი ამბების გაშვება დაიწყო. დილის გასართობი გადაცემა კი ეთერში 2 კვირაში გავა და რეგიონში აჭარის ტელევიზიის დილის გადაცემის ერთადერთი კონკურენტი იქნება..
"აჭარაში მედია-საშუალებებს შორის კონკურენცია არ არსებობს, რაც პროდუქციის უხარისხობას განაპირობებს. პრიორიტეტების განსაზღვრა საზოგადოებრივი ინტერესის გაუთვალისწიებლად ხდება. დაკარგულია ნდობა მედიის მიმართ. დამოუკიდებელი გაზეთები და ტელევიზია, მეტნაკლებად, ცდილობენ ახლოს იყვნენ მომხმარებელთან. სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი მედია კი უფრო მთავრობის პროპაგანდას ემსახურება, ვიდრე საზოგადოებას", - ამბობს რადიო "თავისუფლების" რეგიონული კორესპონდენტი ნატა იმედაიშვილი.
სამწუხაროდ, აჭარაში მხოლოდ ერთი და ისიც სახელმწიფო რადიოსადგური მაუწყებლობს. რადიო "აჭარა" FM დიაპაზონზე მხოლოდ მუსიკა და ორ საათში ერთხელ მოკლე საინფომაციო გამოშვებას გადასცემს.
"ჩვენთან რეგიონალური მედია-გარემო გაუარესებისკენ მიდის, სამწუხარო ტენდენციაა",- ამბობს ბათუმელი ეკა ჟღენტი.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკში ხუთი რაიონი შედის. წლების წინ ყოველ რაიონს საკუთარი გაზეთი ჰქონდა. უკანასკნელი რაიონული გაზეთი, რომელსაც ხელვაჩაურის გამგეობა ავრცელებდა, დაახლოებით, ორი წლის წინ დაიხურა. დღეს, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა ინფორმაციას მხოლოდ ცენტრალური არხებიდან ღებულობს.
სტატიის სათაურს ვეხმაურები)
ახალი კომენტარის გამოქვეყნება