view counter

გამოკითხვა

მიუთითეთ ყველაზე გაუმჭვირვალე სახელმწიფო უწყება :

30 ივნისი, 2010 - 11:30

იქ, სადაც რადიოს ხმა ძლივს ისმის

სოფელი

ქალაქ დუშეთის ცენტრში, თეთრ გისოსებიან,  ერთსართულიან შენობაში,  წიგნის მაღაზია "ბიბლუსია" განთავსებული, სადაც  წიგნებთან ერთად ჟურნალ-გაზეთებიც იყიდება.  ეს ქალაქში ერთადერთი ადგილია, სადაც  მოსახლეობას პრესის შეძენა შეუძლია, თუმცა  მსურველი ცოტაა. მაღაზიის  გამყიდველი ამ ფაქტს მოსახლოების მატერიალური სიდუხჭირით  ხსნის: "ჟურნალ-გაზეთების   ღირებულება მინიმუმ 1 ლარია, რისი საშუალებაც მოსახლეობას არა აქვს".

დუშეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ჟურნალი "გზა" და "სარკე" იყიდება (კვირაში 30-40 ეგზემპლარი), გაზეთი " ქრონიკა" ( 20 ეგზემპლარი). შედარებით ძვირი და ნაკლებად მოთხოვნადია  ჟურნალი "ბომონდი" - 2-3 ეგზემპლარი კვირაში.

"კვირის პალიტრის" მკითხველი ვარ, მრავალფეროვანი შინაარსი აქვს და ჩემთვის მისაღებია", მეუბნება  ერთი ქალბატონი პრესის ჯიხურთან, თან საბავშვო ენციკლოპედიას ფურცლავს, ეტყობა, ჯერ ვერ გადაუწყვეტია, იყიდოს თუ არა.

დუშეთში  მცხოვრებმა 47 წლის პაატა ოდიშვილმა მხედველობა 14 წლის ასაკში დაკარგა. მთელ დღეს სახლში ატარებს და  მისთვის ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროს ტელევიზია  წარმოადგენს. ოდიშვილების ტელევიზორი  მხოლოდ სამ, ნაციონალურ არხს უჩვენებს: "იმედი" რუსთავი-2" და "პირველი არხი"

"აქ რადიოს ვერ ვიჭერ, ამიტომ ტელევიზორი მთელი დღის განმავლობაში მაქვს ჩართული.  ძირითადად "პირველი არხის" საინფორმაციო  გამოშვებებს ვუსმენ. ისე კი, ჩემი ოჯახის წევრები   "პროფილის" და    "შუა ქალაქის"  მაყურებლები არიან, "შუა ქალაქის"  ხუმრობებზე მეც ვხალისობ".

ოდიშვილების მსგავსად, დუშეთელების უმრავლესობას ხელი მხოლოდ 3 ნაციონალურ არხზე მიუწვდება,  სატელიტური ანტენა მხოლოდ რამდენიმე ოჯახსა და ადგილობრივ სასტუმროს აქვს.  რუსული საინფორმაციო არხები აქაც დაბლოკილია.

ქალაქში ინტერნეტ-კაფეს ამაოდ ვეძებ, კომპიუტერსაც მხოლოდ ადგილობრივ ლომბარდში ვაგნებ. დუშეთში ინტერნეტიზაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა და ლომბარდიც  ერთ-ერთი მობილური ოპერატორის მოდემს იყენებს.

დუშეთიდან სოფელ "ძველი ოსებისკენ" ტაქსით მივემართები, პატარა და მთიან დასახლებაში ავტობუსი კვირაში მხოლოდ 3- ჯერ ადის, გზა დანგრეულია  და ბოლო მონაკვეთს ფეხით  ვაგრძელებ.

შუახნის ქალბატონი თაკარა მზის ქვეშ   ბოსტანს ამუშავებს, საქმიანობას არ ვაწყვეტინებ და სოფლის "ცენტრში" შეკრებილ ხალხს ვესალმები.  საუბარი სოფლის პრობლემების განხილვით იწყება.

 

"ძველ ოსებს"  ერთსართულიანი  ხის სკოლა აქვთ, ფანჯრები ჩამტვრეულია, გარე კედლები წვიმისგან ჩამორეცხილია, თუმცა  ძველი საღებავის კვალი ალაგ-ალაგ მაინც ატყვია. როგორც მითხრეს, დაწყებითი სკოლაში სულ   ათიოდე ბავშვი დადის. უფროსკლასელები სასწავლებლად  მეზობელ სოფელში ლაფანაანთკარში დადიან, მაგრამ  იქამდე 3 კილომეტრის გავლა,  უგზოობის გამო,  ძალიან უჭირთ.

საუბარში ბავშვები ერთვებიან, რომლებიც ჯერ ჩემი  ვინაობით ინტერესდებიან, გვარის გაგონებისას კი ჩემი და ერთ-ერთი ტელეწამყვანის ნათესაურ კავშირს არკვევენ.

სოფლის მკვიდრისგან, ასე, 50 წლის  გიორგი წოწკოლაურისგან, ვიგებ, რომ სოფელში პრესა არ აღწევს, ინფორმაციის მთავარი წყარო ტელევიზიაა.

„20-კომლიან სოფელში სატელიტური ანტენა მხოლოდ 3 ოჯახს აქვს. რადიო არ იჭერს. ინტერნეტზე ხომ საუბარიც ზედმეტია", ამბობს გიორგი წოწკოლაური.

"აქ მხოლოდ "პირველი არხი" აჩვენებს მაღალი ხარისხით, „რუსთავი-2"-ს და „იმედს" ცუდად  ვიჭერთ", დასძენს სოფლის მკვიდრი.

ციცინო ხოსაშვილი   პრესის არარსებობას სულაც არ განიცდის: "მთელი დღის განმავლობაში   ბევრი საქმე გვაქვს,  მიწაზე ვმუშაობთ,    პირუტყვს ვუვლით და თავს ამით ვირჩენთ, საღამოს დაღლილი, ტელევიზორს თუ შევავლებ თვალს, რომ დავისვენო და გავიგო ამქვეყნად რა ხდება, გაზეთების საყიდლად არც ფული მემეტება და არც სამაგისო დრო მაქვს".

"ძველი ოსებიდან" მცხეთას ვსტუმრობ.

ქალაქის ისტორიულ ნაწილში  სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, წყალგაყვანილობა გაყავთ და გზას აგებენ. მცხეთაში ტურისტების სიმრავლე შეინიშნება. ღია ბარებში მონიტორებს ამონტაჟებენ და ფეხბურთის გულშემატკივართა მოზიდვას ცდილობენ.

ქალაქის ცენტრში ხუთი  პრესის ჯიხური დგას, მეც გარეუბანში ვინაცვლებ, მცხეთაში ჟურნალ-გაზეთები ყველა გაჩერებაზე იყიდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში არც ადგილობრივი ტელევიზია მაუწყებლობს და გაზეთიც არ გამოდის.

ქალაქში სატელიტური ანტენების სიმრავლე შეინიშნება, გარდა ამისა, მოსახლეობა ადგილობრივი საკაბელო  ქსელითაც სარგებლობს.  ოფიციალური მონაცემები ინტერნეტში ჩართულ აბონენტთა შესახებ არ არსებობს, თუმცა  ადგილობივი ინტერნეტ-კაფეს მეპატრონის მტკიცებით,  მცხეთაში ინტერნეტიზაციის პროცესი 3 წლის წინ დაიწყო და ამჟამად მასზე ხელი თითქმის ყველა ოჯახს მიუწვდება.

ახალი კომენტარის გამოქვეყნება

ამ ველის კონტენტი პირადია და არ გამოჩნდება.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.
view counter
.