დედოფლისწყაროში ადგილობრივი კორესპონდენტის წინააღმდეგ პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის" ჟურნალისტს თამილა გურაშვილს გამგეობის თანამშრომლის გოჩა ყაჭაშვილის ცემაში ადანაშაულებენ.
ინტერნეტ-გაზეთ „ქიზიყის" ცნობით, გამოძიებას შს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო აწარმოებს.
თამილა გურაშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელმა გოჩა ყაჭაშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ტელეფონი დაუზიანა, რა დროსაც ის თავის დაცვას ცდილობდა.
„სოფელ ოზაანის გამგებელმა გოჩა ყაჭაშვილმა და გამგეობის თანამშრომელმა გია ფოცხვერაშვილმა ჯერ მაგინეს ქუჩაში, მერე ყაჭაშვილმა ტელეფონი დამიზიანა, ბოლოს კი გამარტყა და მცემდა, რა დროსაც ბლოკნოტი მოვიქნიე, ამის შემდეგ წავიდა და პოლიციაში იჩივლა, თითქოს ვცემე, რაზედაც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და დაკავებით მემუქრებიან", - მოჰყავს ინტერნეტ-გაზეთს თამილა გურაშვილის სიტყვები.
მომხდართან დაკავშირებით ფოცხვერაშვილი და ყაჭაშვილი კომენტარს არ აკეთებენ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან ბაღაშვილის ხელთ არსებული ინფორმაციით კი, რომელსაც ინტერნეტ-გაზეთი აქვეყნებს, გურაშვილმა გოჩა ყაჭაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ყაჭაშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღო.
გაზეთის რედაქცია მომხდარს ჟურნალისტების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და არასამთავრობო თუ უფლებადაცვით ორგანიზაციებს თანადგომისკენ მოუწოდებს.
ახალი კომენტარის გამოქვეყნება