შემოგვიერთდი

03.06.2013 16:41

საქართველოს კანონი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ამ კანონის მიზანია შექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი და სრულყოფილი ინსტიტუციური გარემო საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების სტაბილური ფუნქციონირებისათვის, რათა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში უზრუნველყოფილი იქნეს ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსება, მომსახურებისა და საქონლის ეფექტიანი ფასწარმოქმნა და მიწოდება.

2. ეს კანონი აწესებს: საქართველოში მოქმედი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობას ყოველგვარი პოლიტიკური ზეწოლისაგან, სახელმწიფო ორგანოთა თუ სხვა პირთა არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ხელყოს მათი დამოუკიდებლობა; კონკრეტული სფეროს სრულყოფილი რეგულირების განხორციელების უფლებამოსილებას; პასუხისმგებლობას გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურის გამჭვირვალობისა და საიმედოობის უზრუნველყოფაზე. 

მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე;

ბ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაზე;

გ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოზე (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, მე-13 მუხლით და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებებისა);

დ) ყველა იმ ორგანოზე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მომავალში ექნება კონკრეტული სფეროს დამოუკიდებელი რეგულირების ფუნქცია და რომელიც ამ კანონისა და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს. 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა - პირის ქმედება, კერძოდ, ზემოქმედება, ჩარევა, ხელის შეშლა ან სხვაგვარი ზეგავლენა დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში მიმდინარე განხილვების შედეგებზე ან მის მიერ გადაწყვეტილებების მიღებაზე ან კომისიონერის თავისუფალ და დამოუკიდებელ მსჯელობებზე ან აპარატის თანამშრომელთა საქმიანობაზე, იმ გზით, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონს და საქართველოს კანონმდებლობას, იმ მიზნით, რომ მიიღოს სარგებელი ან განსაკუთრებული მოპყრობა;

ბ) გადაწყვეტილება - დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული სამართლებრივი აქტი (დადგენილება, გადაწყვეტილება და ა.შ.);

გ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო - სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანო, რომელიც დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისაგან და მოქმედებს შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში (ამ კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სტატუსი ვრცელდება აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოზე.);

დ) დამოუკიდებლობა - როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, ისე კომისიონერის შესაძლებლობა, არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის გარეშე განახორციელოს მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება, მათ შორის, განიხილოს, გამოიკვლიოს და გადაწყვიტოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხები; დაუშვებელია ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს ჩარევა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით;

ე) კომისიონერი - პირი, რომელიც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით დადგენილი წესით და სათანადო აქტის საფუძველზე დანიშნულია ამ მარეგულირებელი ორგანოს წევრად, აგრეთვე საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსი;

ვ) ოჯახის წევრი - კომისიონერის მამა, დედა, მეუღლე და შვილი;

ზ) პოლიტიკური ზეწოლა - არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევის განხორციელება, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკური მოსაზრებებით, ან პირის (ან პირთა ჯგუფის) მიერ პოლიტიკური მიზნების მიღწევის სურვილით;

თ) უფლებამოსილება - დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი კანონით განსაზღვრული და ამ მარეგულირებელ ორგანოზე სპეციალურად დელეგირებული უფლებები და მოვალეობები;

ი) უფლებაუნარიანობა - პირის შესაძლებლობა, იქონიოს უფლებები და მოვალეობები;

კ) შესაბამისი კანონი - საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ძირითად ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს;

ლ) პირი - ფიზიკური პირები და ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მქონე იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოები, სხვა სახელმწიფო ორგანოები;

მ) რეგულირება - შესაბამისი კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ სამართლებრივი აქტების მიღება, მონიტორინგის, ზედამხედველობისა (კონტროლისა) და კოორდინაციის განხორციელება. 

მუხლი 4. კანონის პრინციპები

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.

2. დაუშვებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი ან აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.

3. დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია:

ა) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;

ბ) დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს და კომისიონერთა პასუხისმგებლობის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) კომისიონერთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით;

დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა.

4. თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოდ.

5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას.

6. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

თავი II

უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები

 

მუხლი 5. უფლებამოსილება

1. შესაბამისი კანონი განსაზღვრავს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს. ეს უფლებამოსილება თავისუფალია არასათანადო ზემოქმედებისა და არასამართლებრივი ჩარევისაგან.

2. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს და კომისიონერს მინიჭებული აქვთ სრული დამოუკიდებლობა შესაბამისი კანონის ფარგლებში მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღებისას და კანონიერი ქმედებების განხორციელებისას. კომისიონერის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულებისას დაუშვებელია მის მიმართ არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა.

3. არასათანადო ზემოქმედება და არასამართლებრივი ჩარევა ან ამგვარი ზემოქმედების და ჩარევის მცდელობა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს, კომისიონერის ან აპარატის თანამშრომლის გეგმის, რწმენის, გადაწყვეტილების, მოქმედების ან უმოქმედობის მიმართ უკანონოა, ხოლო არასათანადო ზემოქმედებით და არასამართლებრივი ჩარევით გადაწყვეტილების მიღება იწვევს ასეთი გადაწყვეტილების ბათილობას.

4. კომისიონერი უფლებამოსილია შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს მის მიმართ არასათანადო ზემოქმედების და არასამართლებრივი ჩარევის თავიდან აცილების ან/და აღკვეთის მიზნით. 

მუხლი 6. დამოუკიდებლობა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო და კომისიონერი თავისი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელნი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მასზე დელეგირებულია შესაბამისი კანონით.

2. ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია.

3. ნებისმიერი პირის მცდელობა, განახორციელოს იურისდიქცია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა.

4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრიანდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა იქონიოს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს.

5. დაუშვებელია, დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

მუხლი 7. ფინანსური დამოუკიდებლობა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ხარჯები ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლებიდან.

2. ყველა პირი, რომელიც ახორციელებს ან აპირებს განახორციელოს საქმიანობა დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროში, ვალდებულია გადაიხადოს რეგულირების საფასური.

3. რეგულირების საფასური ისე უნდა დადგინდეს, რომ საკმარისი იყოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტით განსაზღვრული ხარჯების დასაფარავად. იგი გადაირიცხება ცალკე საბანკო ანგარიშზე (ხოლო საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს შემთხვევაში - სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალური შემოსავლების ანგარიშზე) შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს სარგებლობისათვის, რომელსაც ექნება სრული უფლებამოსილება მათ მიზნობრივ გამოყენებაზე.

4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიმდინარე წელს გამოუყენებელი სახსრები გადადის მომდევნო წლის ანგარიშში და გაითვალისწინება რეგულირების საფასურის ცვლილებისას.

5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ რეგულირების საფასურის მიღება არ წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას. 

მუხლი 8. ბიუჯეტი

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში შეიმუშავებს საკუთარ ბიუჯეტს. 

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი უნდა შედგებოდეს შესაბამისი კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველწლიურად აუცილებელი მიმდინარე და კაპიტალური ხარჯებისაგან, აგრეთვე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯებისაგან.

3. დაუშვებელია, დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა ორგანომ საკუთარი ბიუჯეტიდან შექმნას საქველმოქმედო თუ სხვა მსგავსი ფონდები და გაიღოს ისეთი ხარჯები (მათ შორის, სხვადასხვა სახის დახმარების, სპონსორობის გაწევის მიზნით), რომელიც არ შეესაბამება მისთვის შესაბამისი კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებში (ასოციაციებში) და ფონდებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადახდილ საწევრო შენატანებზე. 

მუხლი 9. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 

მუხლი 10. სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილება

1. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს ლიცენზიები და ნებართვები, შეაჩეროს მათი მოქმედება, გააგრძელოს მათი მოქმედების ვადა, მოახდინოს მათი მოდიფიცირება, გააუქმოს ისინი.

2. დაუშვებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სალიცენზიო და სანებართვო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილებაზე კონტროლის განხორციელება.

3. შესაბამისი კანონით განსაზღვრულ რეგულირების სფეროში მოქმედი ორი ან მეტი ლიცენზიის მფლობელის გაერთიანების (გამსხვილების) შემთხვევაში დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს ანტიმონოპოლიურ სამსახურს.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური შეთანხმებულ ვადაში წარუდგენს დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს "მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საექსპერტო დასკვნას, რომლითაც ეს მარეგულირებელი ორგანო ხელმძღვანელობს გადაწყვეტილების მიღებისას. 

მუხლი 11. სატარიფო უფლებამოსილება

1. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოს აქვს სრული უფლებამოსილება, დაადგინოს და არეგულიროს ტარიფები თავისი კომპეტენციის სფეროში, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

2. დაუშვებელია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სატარიფო უფლებამოსილებაში ჩარევა და ამ უფლებამოსილებაზე კონტროლის განხორციელება. 

მუხლი 12. დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. 

მუხლი 13. მომხმარებელთა უფლებების დაცვა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა. განცხადებები და საჩივრები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს.

2. მომხმარებლის განცხადება და საჩივარი განიხილება საჯარო მოსმენის წესით, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი გამონაკლისებისა და იმ შემთხვევებისა, როდესაც სადავო საკითხების გადაწყვეტა არ მოითხოვს ორგანიზებული პროცედურების განხორციელებას. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები საჯარო მოსმენის ჩატარებამდე არანაკლებ 7 დღით ადრე. მოწვევის შესახებ ცნობის გამოქვეყნება შეიძლება ნებისმიერი საშუალებით, სადაც უნდა მიეთითოს საკითხი, მოსმენის ჩატარების თარიღი, ადგილი და დრო.

3. საჯარო მოსმენას თავმჯდომარეობს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოთხოვა და დამსწრე პირთა მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლების განხორციელება. საჯარო მოსმენის შესახებ დგება ოქმი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საჯარო მოსმენის ძირითადი მიზანი უნდა იყოს მხარეთა შორის სადავო საკითხის მორიგებით გადაწყვეტა.

5. საჯარო მოსმენის შესახებ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მხარეებისათვის სავალდებულოა შესასრულებლად. გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.

6. განცხადებებისა და საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის სხვა პროცედურული საკითხები განისაზღვრება დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით.

7. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცესის ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში იქმნება სპეციალური ერთეული (სამსახური). 

მუხლი 14. კომისიონერი

1. კომისიონერი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით.

2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიონერი დაკავებული თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა;

გ) პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში;

დ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანა კომისიონერის ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების თაობაზე;

ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;

ვ) გადადგომა;

ზ) გარდაცვალება.

3. კომისიონერს უფლება აქვს გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

მუხლი 15. ეთიკის ნორმები

1. ეთიკასთან და ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებით კომისიონერზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესი.

2. კომისიონერი ვალდებულია შეაჩეროს პოლიტიკური პარტიის წევრობა კომისიონერად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. დაუშვებელია დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში და მის აპარატში პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციისა და მათი სტრუქტურული ერთეულების შექმნა.

3. კომისიონერს და მისი ოჯახის წევრს, აგრეთვე დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ ჰქონდეთ პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი ლიცენზიის მფლობელის მიმართ, ან ეკავოთ თანამდებობა ლიცენზიის მფლობელ საწარმოში.

4. კომისიონერს და აპარატის თანამშრომელს უფლება არა აქვთ მიიღონ საჩუქარი იმ პირისაგან ან ორგანიზაციისაგან, რომელიც ექვემდებარება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას, ან ისარგებლონ ამავე პირის ან ორგანიზაციის შეღავათიანი ან უფასო მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ყველასთვის ხელმისაწვდომია.

5. კომისიონერს და აპარატის თანამშრომელს უფლება აქვთ იყვნენ იმ პირის მომხმარებელნი, რომელიც ექვემდებარება შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილებას.

6. კომისიონერი ვალებულია ყოველწლიურად შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციები "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

თავი III

საჯაროობა

 

მუხლი 16. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სხდომები.

ინფორმაციის კონფიდენციალობა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს სხდომები საჯაროა, გარდა შესაბამისი კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნდება დადგენილი წესით.

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია შეინახოს სხდომის ოქმები და სხვა სათანადო დოკუმენტაცია არანაკლებ 7 წლით. კომისიონერს და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად მიიღონ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში არსებული ყველა ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია.

3. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს ყველა გადაწყვეტილება, ჩანაწერი და სხვა დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის. დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოში არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის წესს განსაზღვრავს ეს მარეგულირებელი ორგანო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია ლიცენზიების გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, აგრეთვე ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე მოაწყოს საჯარო განხილვები აღნიშნულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებამდე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით. ასეთი პროცედურის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ბათილია. 

მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა

1. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გადაწყვიტოს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესრულების აუდიტის ჩატარება. ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შერჩეული აუდიტორის საკომპენსაციო სახსრებს ყველა შემთხვევაში გაიღებს დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

2. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

3. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად, შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს.

4. კომისიონერი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხი გასცეს საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ დასმულ შეკითხვას დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის ანგარიშისა და ფინანსური აუდიტის შედეგების შესახებ.

5. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა ატარებს საჯარო მოსმენას, რომელზედაც თავისი საქმიანობის ანგარიშსა და ფინანსური აუდიტის შედეგებს წარუდგენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საზოგადოებას. კომისიონერი ვალდებულია ამ მოსმენაზე პასუხი გასცეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენელთა შეკითხვებს.

6. საქართველოს კონტროლის პალატა უფლებამოსილია დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების საქმიანობაში ჩაურევლად განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებანი "საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. 

მუხლი 18. გასაჩივრება

დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება განსჯადობის შესაბამისად შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და საქართველოს საერთო სასამართლოებში. დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებას საერთო სასამართლოების სისტემაში პირველი ინსტანციით განიხილავენ მხოლოდ საოლქო სასამართლოები. 

მუხლი 19. პასუხისმგებლობა

ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

თავი IV

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 20. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებები

1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 5 თვის ვადაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაონ და მიიღონ შემდეგი მარეგულირებელი წესები:

ა) კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების პროფესიული და ეთიკური ქცევის შესახებ, მათ შორის, ექს პარტე შეტყობინების წესები და კომისიის ყოფილი წევრებისა და აპარატის ყოფილი თანამშრომლების ქცევის წესები კომისიასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში;

ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის პროცედურების შესახებ;

გ) კომისიის გადაწყვეტილებების, ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტაციის, მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის და განხილვების დროს მიღებული ინფორმაციის შენახვისა და ხელმისაწვდომობის შესახებ;

დ) რეგულირების პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საჯარო განხილვების ჩატარების პროცედურების შესახებ;

ე) ლიცენზიების, ტარიფებისა და კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა საკითხების თაობაზე განცხადებების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ;

ვ) კომისიის გადაწყვეტილებების მომზადებისა და გამოქვეყნების პროცედურების შესახებ;

ზ) კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო დარღვევის ფაქტების გამოკვლევისა და და მათზე რეაგირების შესახებ;

თ) ლიცენზიის მფლობელებს შორის, აგრეთვე ლიცენზიის მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის დავების განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ;

ი) მომხმარებელთა საჩივრების მიღების, განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურების შესახებ.

2. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი "მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ამ კანონით განსაზღვრული დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების მიერ რეგულირებად სფეროებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით.

თავი V

დასკვნითი დებულება

 

მუხლი 21. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 15 ოქტომბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                       ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 13 სექტემბერი.

N1666-Iს

 

ცვლილებები დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებლების შესახებ კანონში იხილეთ საქართველო პარლამენტის ვებ-გვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test