შემოგვიერთდი

03.06.2013 15:06

საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია, დაიცვას საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები), აგრეთვე ზოგიერთი მათი მომიჯნავე უფლება, დაკავშირებული შემსრულებლებთან, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებთან და მაუწყებლობის ორგანიზაციებთან (მომიჯნავე უფლებები).

მუხლი 2. საერთაშორისო ხელშეკრულებები

თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, დადგენილია ამ კანონისაგან განსხვავებული წესები, მაშინ გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულებათა წესები.

მუხლი 3. კანონის მოქმედების სფერო

ეს კანონი ვრცელდება:

ა) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომლებზედაც საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებათა მფლობელია საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ფიზიკური პირი ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი;

ბ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომლებიც პირველად გამოიცა საქართველოს ტერიტორიაზე. ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა ასევე ჩაითვლება საქართველოში პირველად გამოცემულად, თუ საზღვარგარეთ პირველი გამოცემიდან ოცდაათი დღის განმავლობაში ისინი გამოიცა საქართველოს ტერიტორიაზე;

გ) შესრულებაზე, რომელიც პირველად განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე; შესრულებაზე, რომელიც ჩაწერილია ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად; შესრულებაზე, რომელიც არ არის ჩაწერილი ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე, მაგრამ ჩართულია მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემაში, რომლის დაცვაც ხდება ამ მუხლის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად;

დ) იმ მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაფუძნებული იურიდიული პირები და პროგრამებს გადასცემენ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული გადამცემების მეშვეობით;

ე) არქიტექტურულ ნაწარმოებებზე, რომლებიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიაზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც ჩართულია შემადგენელ ნაწილად საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ არქიტექტურულ ნაწარმოებში, მიუხედავად მათი ავტორების მოქალაქეობისა და მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა;

ვ) მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებებზე, შესრულებაზე, ფონოგრამაზე, ვიდეოგრამასა და მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებიც დაცულია იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) "ავტორი" – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები;

ბ) "აუდიოვიზუალური ნაწარმოები" – ნაწარმოები, რომელიც შედგება თანამიმდევრული გამოსახულებებისაგან ხმის თანხლებით ან/და უამისოდ, ქმნის მოძრაობის შთაბეჭდილებას და შეიძლება აღქმულ იქნეს მხედველობით ან/და სმენით. აუდიოვიზუალურ ნაწარმოებს მიეკუთვნება კინემატოგრაფიული და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც გამოხატულია კინემატოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით (ტელე-, ვიდეო-, დიაფილმები და სხვა);

გ) "აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელი (პროდიუსერი)" – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა ასეთი ნაწარმოების დამზადებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებ-ლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე;

დ) "გამოქვეყნება" – ავტორის ან საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელის თანხმობით განხორციელებული მოქმედება, რომლის შედეგადაც პირველად ხდება ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის საზოგადოებისათვის გაცნობა გამოცემის, საჯარო ჩვენების, საჯარო შესრულების, საჯარო გადაცემისა და სხვა გზით;

ე) "გამოცემა" – ავტორის ან საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელის თანხმობით ნაწარმოების, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის ეგზემპლარების სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება გაყიდვის ან გაქირავების, ანდა ნაწარმოების, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის ეგზემპლარებზე საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით, იმ რაოდენობით, რომელიც აკმაყოფილებს საზოგადოების გონივრულ მოთხოვნილებებს. ნაწარმოები, ფონოგრამა და ვიდეოგრამა ასევე ჩაითვლება გამოცემულად, თუ ისინი ხელმისაწვდომია ინფორმაციის ელექტრონულ სისტემათა მეშვეობით;

ვ) "გაქირავება" – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ორიგინალის ან ასლის ხელმისაწვდომობა დროის განსაზღვრულ პერიოდში სარგებლობისათვის მოგების მიღების მიზნით;

ზ) "ვიდეოგრამა" – გამოსახულებათა თანამიმდევრობის ჩანაწერი რაიმე ობიექტური ფორმით, ხმის თანხლებით ან უამისოდ;

თ) "ვიდეოგრამის დამამზადებელი (პროდიუსერი)" – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა გამოსახულებათა თანამიმდევრობის პირველი ჩანაწერის ხმის თანხლებით ან უამისოდ განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ვიდეოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ვიდეოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე;

ი) "კაბელით გადაცემა" – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გადაცემა კაბელით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ან სხვა ანალოგიური მოწყობილობით. ("კაბელით ხელახალი გადაცემა" წარმოადგენს ერთდროულ, შეუცვლელ და შეუკვეცავ ხელახალ გადაცემას მიკროტალღური სისტემის მეშვეობით საზოგადოების მიერ მისთვის განკუთვნილი ტელე- და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემის მისაღებად სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით.);

კ) "კომპიუტერული პროგრამა" – ინსტრუქციათა ერთობლიობა სიტყვების, კოდების, სქემების ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, რომელიც საშუალებას იძლევა აამოქმედოს კომპიუტერი განსაზღვრული შედეგების მისაღწევად. ტერმინი მოიცავს კომპიუტერული პროგრამის დიზაინის მოსამზადებელ მასალას;

ლ) "მაუწყებლობა" – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გადაცემა უმავთულო კავშირგაბმულობით, მათ შორის, თანამგზავრის მეშვეობით. ("თანამგზავრი" ნიშნავს ყველა თანამგზავრს, რომელიც მუშაობს სიხშირეთა იმ დიაპაზონში, რომელიც ტელესაკომუნიკაციო წესების მიხედვით განკუთვნილია საზოგადოებისათვის მისაწოდებელი სამაუწყებლო სიგნალებისათვის. "თანამგზავრის მეშვეობით გადაცემა" გულისხმობს პროგრამების მატარებელი სიგნალების მიღებას მაუწყებლობის ორგანიზაციის კონტროლისა და პასუხისმგებლობის პირობებში. საზოგადოებისათვის განკუთვნილი პროგრამები მიიღება კავშირის უწყვეტი ჯაჭვის სახით – ზევით სატელიტისა და ქვევით დედამიწის მიმართულებით. თუ პროგრამის მატარებელი სიგნალები დაშიფრულია, სატელიტური კავშირი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლობის ორგანიზაცია თანახმაა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის გაშიფვრის საშუალებათა მიწოდება.);

მ) "მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა" – პროგრამა, რომელიც შექმნილია თვით საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ, ან მისი შეკვეთითა და მისივე სახსრებით სხვა ორგანიზაციის მიერ. პროგრამა, რომელიც მხოლოდ ხელახლა გადაიცა კაბელით საკაბელო ორგანიზაციის მეშვეობით, არ წარმოადგენს ამ საკაბელო ორგანიზაციის გადაცემას;

ნ) "მონაცემთა ბაზა" – სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების, დამოუკიდებელი ინფორმაციის, მონაცემებისა და სხვა მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ მოიცავს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;

ო) "რეპროდუცირება" – ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ერთი ან ერთზე მეტი ასლის დამზადება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მათ შორის, ხმისა და ვიდეოჩანაწერის ფორმით. რეპროდუცირებად ასევე ჩაითვლება ჩაწერა დროებითი ან მუდმივი შენახვისათვის, ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით, გარდა გამოცემისა;

პ) "რეპროგრაფიული გამრავლება (ასლის გადაღება)" – წერილობითი ან გრაფიკული ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის ფაქსიმილური რეპროდუცირება გადიდებული თუ შემცირებული ზომით, ფოტოკოპირების ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. რეპროგრაფიულ გამრავლებად არ ჩაითვლება ჩაწერა ელექტრონული (ციფრულის ჩათვლით), ოპტიკური ან მანქანით წაკითხვადი სხვა ფორმით;

ჟ) "საჯარო გადაცემა (გადაცემა საყოველთაო გაცნობისათვის)" – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის გამოსახულების ან/და ხმის გადაცემა ეთერში, კაბელით ან სხვა საშუალებით ისე, რომ გადაცემის გამოსახულება ან/და ხმა შეიძლება აღქმულ იქნეს იმ პირთა მიერ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, ადგილზე (ადგილებზე), რომლის (რომელთა) დაშორებაც გადაცემის ადგილიდან ისეთია, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ან/და ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მითითებულ ადგილზე (ადგილებზე);

რ) "საჯარო შესრულება" – ნაწარმოების, შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის წარმოდგენა დეკლამაციის, თამაშობის, სიმღერის, ცეკვის ან სხვა სახით, უშუალოდ (ცოცხალი შესრულება) ან ნებისმიერი მოწყობილობის მეშვეობით, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო შესრულება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო შესრულებად ითვლება ნაწარმოების გამოსახულებათა ჩვენება თანამიმდევრობით;

ს) "საჯარო ჩვენება" – ნაწარმოების, შესრულების, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის დემონსტრირება, უშუალოდ ან ეკრანზე ფირის, სლაიდის, კადრის მეშვეობით ან სხვაგვარად, ადგილზე (ადგილებზე), სადაც საჯარო ჩვენება შეიძლება აღქმულ იქნეს საჯარო გადაცემის აუცილებლობის გარეშე და სადაც ესწრებიან ან შეიძლება ესწრებოდნენ პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს. აუდიოვიზუალური ნაწარმოების საჯარო ჩვენებად ითვლება ნაწარმოების გამოსახულებათა ჩვენება თანამიმდევრობის გარეშე;

ტ) "ტექნიკური საშუალება" – მოწყობილობა ან მისი კომპონენტი, რომელიც განკუთვნილია საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ნებისმიერი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთად;

უ) "უფლების მართვის ინფორმაცია" – ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია ავტორი, ნაწარმოები, შემსრულებელი, შესრულება, ფონოგრამა, ფონოგრამის დამამზადებელი, ვიდეოგრამა, ვიდეოგრამის დამამზადებელი, მაუწყებლობის ორგანიზაცია, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემა, მონაცემთა ბაზა, მონაცემთა ბაზის დამამზადებელი და ამ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების მფლობელი, ანდა ინფორმაცია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების ვადებისა და პირობების შესახებ, ციფრები და კოდები, რომლებშიც ასახულია ეს ინფორმაცია, როდესაც ამ ინფორმაციის შემადგენელი ნაწილები ერთვის ნაწარმოებს, ჩაწერილ შესრულებას, ფონოგრამას, ვიდეოგრამას ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემას ან ჩნდება ნაწარმოების, ჩაწერილი შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის საზოგადოებისათვის გაცნობის დროს;

ფ) "ფონოგრამა" – შესრულების ან სხვა ხმების მხოლოდ ხმოვანი ჩანაწერი. ტერმინი არ მოიცავს გამოსახულებებთან ერთად ჩაწერილი ბგერების ჩანაწერს, როგორიცაა აუდიოვიზუალური ნაწარმოების მუსიკალური ფონი;

ქ) "ფონოგრამის დამამზადებელი" – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც თავის თავზე აიღო ინიციატივა და იკისრა პასუხისმგებლობა შესრულების ან სხვა ხმების პირველი ხმოვანი ჩანაწერის განხორციელებისათვის; თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება, ფონოგრამის დამამზადებლად მიიჩნევა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სახელი ან/და დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ფონოგრამაზე ან/და მის ფუტლარზე;

ღ) "ჩაწერა" – ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით გამოსახულების ან/და ხმის ფიქსაცია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მათი არაერთჯერადი აღქმის, რეპროდუცირებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა;

ყ) "შემსრულებელი" – მსახიობი (თეატრისა, კინოსი და ა.შ.), მომღერალი, მუსიკოსი, მოცეკვავე ან სხვა პირი, რომელიც თამაშობს როლს, კითხულობს, მღერის, ახდენს დეკლამირებას, უკრავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე ან სხვაგვარად ასრულებს ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებს, მათ შორის, საესტრადო, საცირკო, თოჯინურ ან ფოლკლორულ ნომერს.

თავი II

საავტორო უფლებები

მუხლი 5. საავტორო უფლების ობიექტები

1. საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.

2. საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე, რომელიც არსებობს რაიმე ობიექტური ფორმით.

3. საავტორო უფლება არ ვრცელდება იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე, საშუალებებზე, კონცეფციებზე, პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.

მუხლი 6. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებები

1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებია:

ა) ლიტერატურული ნაწარმოები (წიგნი, ბროშურა, სტატია, კომპიუტერული პროგრამა და სხვა);

ბ) დრამატული ან მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, ქორეოგრაფიის ან პანტომიმის ნაწარმოები და სხვა სასცენო ნაწარმოები;

გ) მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით ან უტექსტოდ;

დ) აუდიოვიზუალური ნაწარმოები (კინო-, ტელე-, ვიდეოფილმი და სხვა);

ე) სკულპტურის, ფერწერის, გრაფიკის, ლითოგრაფიის, სახვითი ხელოვნებისა და სხვა მსგავსი ნაწარმოები;

ვ) დეკორატიულ-გამოყენებითი ან მონუმენტური ხელოვნების ნაწარმოები;

ზ) თეატრალურ-დეკორატიული ხელოვნების ნაწარმოები;

თ) არქიტექტურული, ქალაქმშენებლობის ან საბაღე-საპარკო ხელოვნების ნაწარმოები;

ი) ფოტოგრაფიული ნაწარმოები ან ფოტოგრაფიის ანალოგიური საშუალებებით შექმნილი ნაწარმოები. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ცალკეული გამოსახულება არ ითვლება ფოტოგრაფიულ ნაწარმოებად;

კ) რუკა, გეგმა, ესკიზი, ილუსტრაცია და სხვა მსგავსი ნაწარმოები, რომელიც მიეკუთვნება გეოგრაფიას, კარტოგრაფიას ან სხვა დარგებს;

ლ) გადამუშავებული ნაწარმოები, კერძოდ, თარგმანი, მხატვრული ნაწარმოების პწკარედი, ადაპტაცია, ეკრანიზაცია, მიმოხილვა, ინსცენირება, კომპილაცია, მუსიკალური არანჟირება და მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა სხვაგვარი გადამუშავება;

მ) შედგენილი ნაწარმოები, კერძოდ, კრებული (ენციკლოპედია, ანთოლოგია, მონაცემთა ბაზა) და სხვა ნაწარმოები, რომელიც მასალის შერჩევისა და განლაგების მიხედვით ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს;

ნ) სხვა ნაწარმოებები.

2. გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებათა დაცვა ხორციელდება მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა საავტორო უფლების ობიექტებს ის ნაწარმოებები, რომლებსაც ემყარებიან ან შეიცავენ ისინი.

3. გადამუშავებულ და შედგენილ ნაწარმოებთა დაცვა ხორციელდება ორიგინალური ნაწარმოების თანაბრად.

4. კომპიუტერული პროგრამის დაცვა ვრცელდება ყველა სახის კომპიუტერულ პროგრამაზე (ოპერაციული სისტემების ჩათვლით), რომელიც შეიძლება გამოიხატოს ნებისმიერი ენით და ფორმით, საწყისი ტექსტისა და ობიექტური კოდის ჩათვლით.

მუხლი 7. საავტორო უფლების დამოუკიდებლობა საკუთრების უფლებისაგან

1. საავტორო უფლება არ არის დამოკიდებული იმ მატერიალური ობიექტის საკუთრების უფლებაზე, რომელშიც გამოხატულია ნაწარმოები.

2. მატერიალური ობიექტის საკუთრების ან მფლობელობის გადაცემა თავისთავად არ იწვევს ამ ობიექტში გამოხატულ ნაწარმოებზე საავტორო უფლების გადაცემას, გარდა ამ კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

მუხლი 8. ნაწარმოებები, რომლებზედაც არ ვრცელდება საავტორო უფლება

1. საავტორო უფლება არ ვრცელდება შემდეგ ნაწარმოებებზე:

ა) ოფიციალურ დოკუმენტებზე (კანონები, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადმინისტრაციული და ნორმატიული ხასიათის სხვა ტექსტები), აგრეთვე მათ ოფიციალურ თარგმანებზე;

ბ) სახელმწიფოს ოფიციალურ სიმბოლოებზე (დროშა, გერბი, ჰიმნი, ჯილდოები, ფულის ნიშნები, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური ნიშნები და სიმბოლოები);

გ) ინფორმაციებზე ფაქტებისა და მოვლენების შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტში აღნიშნულ ნაწარმოებთა სხვისი სახელით გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია ავტორის სახელის უფლების დაცვა.

მუხლი 9. საავტორო უფლების წარმოშობა

1. საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა.

2. საავტორო უფლების წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილე-ბელი არ არის ნაწარმოების რეგისტრაცია, სპეციალური გაფორმება ან სხვა ფორმალობათა დაცვა.

3. საავტორო უფლების მფლობელს უფლება აქვს ნაწარმოები რეგისტრაციაში გაატაროს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტოს რეესტრში. რეგისტრაციის შემდეგ რეგისტრანტს ეძლევა სერტიფიკატი, რომელიც თავისთავად არ წარმოშობს ავტორობის პრეზუმფციას.

4. განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს საავტორო უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

ა) ლათინური ასო C წრეწირში: ©;

ბ) განსაკუთრებული საავტორო უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);

გ) ნაწარმოების პირველი გამოცემის წელი.

მუხლი 10. ავტორობის პრეზუმფცია

1. პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ეს დებულება გამოიყენება ასევე ნაწარმოების ფსევდონიმით გამოქვეყნებისას, თუ ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია.

2. როდესაც ნაწარმოები ქვეყნდება ფსევდონიმით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავტორი ამ ფსევდონიმით საყოველთაოდ ცნობილია) ან ანონიმურად, გამომცემელი, რომლის სახელი ან დასახელებაც სათანადო წესით აღნიშნულია ნაწარმოებზე, ითვლება ავტორის წარმომადგენლად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. მას, როგორც წარმომადგენელს, უფლება აქვს დაიცვას ავტორის უფლებები და უზრუნველყოს მათი განხორციელება. ეს დებულება გამოიყენება მანამ, სანამ ასეთი ნაწარმოების ავტორი არ გაამჟღავნებს თავის ვინაობას.

მუხლი 11. თანაავტორობა

1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი შრომის შედეგად შექმნა ორმა ან მეტმა პირმა (თანაავტორობა), ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს, იმის მიუხედავად, ეს ნაწარმოები წარმოადგენს ერთ განუყოფელ მთლიანობას თუ შედგება ნაწილებისაგან, რომელთაგან თითოეულს დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს. თანაავტორთა ურთიერთობა შეიძლება განისაზღვროს მათ შორის დადებული ხელშეკრულებით.

2. არც ერთ თანაავტორს არა აქვს უფლება, აკრძალოს ნაწარმოების გამოყენება საამისოდ საკმაო საფუძვლების არსებობის გარეშე.

3. თანაავტორებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ ნაწარმოები ერთობლივი, საზიარო ფსევდონიმით.

4. ყოველ თანაავტორს აქვს უფლება, გამოიყენოს ნაწარმოების ის ნაწილი, რომელიც მის მიერ არის შექმნილი და რომელსაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. თანაავტორობით შექმნილი ნაწარმოების ნაწილი ჩაითვლება დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონედ, თუ იგი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწარმოების სხვა ნაწილების გარეშეც.

მუხლი 12. შედგენილი ნაწარმოების ავტორის (შემდგენლის) უფლებები

1. შედგენილი ნაწარმოების ავტორს (შემდგენელს) ეკუთვნის საავტორო უფლება მასალის შერჩევასა და განლაგებაზე, რაც მისი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს.

2. შემდგენელმა უნდა დაიცვას შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორების საავტორო უფლება.

3. შედგენილ ნაწარმოებში შესულ ნაწარმოებთა ავტორებს უფლება აქვთ გამოიყენონ თავიანთი ნაწარმოებები შედგენილი ნაწარმოებისაგან დამოუკიდებლად, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. შემდგენლის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, განახორციელონ იმავე მასალის შერჩევა და განლაგება თავიანთ შედგენილ ნაწარმოებ-თა შესაქმნელად.

მუხლი 13. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის უფლებები

1. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორს ეკუთვნის საავტორო უფლება მის მიერ განხორციელებულ გადამუშავებაზე.

2. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორმა უნდა დაიცვას ამ ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება.

3. გადამუშავებული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება ხელს არ უშლის სხვა პირებს, გადაამუშაონ იგივე ნაწარმოები.

მუხლი 14. გამომცემლის განსაკუთრებული უფლებები

1. ენციკლოპედიების, ენციკლოპედიური ლექსიკონების, მეცნიერული ნაშრომების, პერიოდული და ერთმანეთის გამგრძელებელი კრებულების, გაზეთების, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების გამომცემლებს ეკუთვნით ამ გამოცემებში შესულ ნაწარმოებთა გამოყენების განსაკუთრებული უფლება. გამომცემელს უფლება აქვს, ასეთ ნაწარმოებთა ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ გამოცემებში შესულ ნაწარმოებ-თა ავტორები ინარჩუნებენ თავიანთი ნაწარმოებების გამოყენების განსაკუთრებულ უფლებას, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 15. საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე

1. აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის.

2. აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე ხელშეკრულების დადება იწვევს ავტორთა (თანაავტორთა) მიერ ამ ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლების გადაცემას აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებლისათვის, ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების პირობით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ავტორი მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის, ინარჩუნებს უფლებას, მიიღოს ჰონორარი ასეთი მუსიკალური ნაწარმოების გამოყენებისათვის, აუდიოვიზუალური ნაწარმოების ყოველი საჯარო შესრულებისა და საჯარო ჩვენების დროს. ამ უფლების განხორციელება შესაძლებელია ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით.

3. აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს უფლება აქვს, ასეთი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი ან მოითხოვოს მისი მითითება.

4. ავტორი ადრე შექმნილი ნაწარმოებისა, რომელიც გადამუშავებულია ან ჩართულია შემადგენელ ნაწილად აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში, აგრეთვე ავტორი ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია აუდიოვიზუალური ნაწარმოების შე-ქმნის პროცესში, ინარჩუნებენ საავტორო უფლებას დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე თავიანთ ნაწარმოებებზე. მათ უფლება აქვთ დამოუკიდებლად ისარგებლონ ამ ნაწარმოებებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იმ პირობით, რომ ასეთი სარგებლობა ხელს არ შეუშლის აუდიოვიზუალური ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას.

მუხლი 16. საავტორო უფლება სამსახურებრივ ნაწარმოებზე

1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც შექმნილია სამუშაოს მიმცემის უშუალო სამსახურებრივი დავალების შესრულების წესით (სამსახურებრივი ნაწარმოები), ეკუთვნის სამსახურებრივი ნაწარმოების ავტორს.

2. სამსახურებრივი ნაწარმოების ისეთი გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რომელიც შეპირობებულია დავალების შინაარსითა და მიზნით, ეკუთვნის პირს, რომელთანაც ავტორს აქვს შრომითი ურთიერთობა (სამუშაოს მიმცემი), თუ მას და ავტორს შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. კომპიუტერულ პროგრამასთან დაკავშირებით სამუშაოს მიმცემი სარგებ-ლობს შექმნილი კომპიუტერული პროგრამის გამოყენების განსაკუთრებული ქონებრივი უფლებებით, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

4. ავტორის მიერ სამუშაოს მიმცემისათვის ნაწარმოების გადაცემიდან 5 წლის შემდეგ მისი გამოყენების განსაკუთრებული უფლება გადადის ავტორზე, თუ მას და სამუშაოს მიმცემს შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. თუ სამუშაოს მიმცემი ნაწარმოების გადაცემიდან 3 წლის განმავლობაში არ გამოიყენებს ნაწარმოებს, მისი გამოყენების განსაკუთრებული უფლება გადადის ავტორზე. ეს დებულება გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნაწარმოების გამოყენება საპატიო მიზეზის გარეშე შეწყვეტილია 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. აღნიშნული ვადა შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

6. სამუშაოს მიმცემს უფლება აქვს სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას მიუთითოს თავისი სახელი (დასახელება) ან მოითხოვოს ასეთი მითითება.

7. სამსახურებრივი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისას საავტორო გასამრჯელოს (ჰონორარის) ოდენობა და გადახდის წესი შეიძლება განისაზღვროს ავტორსა და სამუშაოს მიმცემს შორის ხელშეკრულებით.

8. ეს მუხლი არ ვრცელდება გადამუშავებულ სამსახურებრივ ნაწარმოებზე.

მუხლი 17. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები

1. ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებებია:

ა) აღიარებულ იქნეს ნაწარმოების ავტორად და მოითხოვოს ასეთი აღიარება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, ავტორის სახელის მითითების მოთხოვნის უფლების ჩათვლით (ავტორობის უფლება);

ბ) მიუთითოს ფსევდონიმი სახელის ნაცვლად და მოითხოვოს ასეთი მითითება ნაწარმოების ყოველ ეგზემპლარზე ან/და ნებისმიერი სახით გამოყენებისას, სათანადო წესით, აგრეთვე უარი თქვას სახელის აღნიშვნაზე (სახელის უფლება);

გ) პირველად გამოაქვეყნოს ნაწარმოები;

დ) ნება დართოს სხვა პირებს, შეიტანონ ცვლილებები როგორც თვით ნაწარმოებში, ისე მის სახელწოდებაში (სათაურში) და ავტორის სახელში, აგრეთვე წინ აღუდგეს მისი თანხმობის გარეშე ნაწარმოებში ცვლილებების შეტანას (ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლება);

ე) დაიცვას ნაწარმოები ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს ავტორის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება);

ვ) ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა);

ზ) მოითხოვოს ნაწარმოების გამოყენების შეწყვეტა (ნაწარმოების გამო-ხმობის უფლება). ამ შემთხვევაში ავტორი ვალდებულია საჯაროდ განაცხადოს გამოხმობის შესახებ. ნაწარმოების გამოხმობის უფლება არ ვრცელდება სამსახურებრივ ნაწარმოებზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების განხორციელება ხდება ავტორის ხარჯზე. ავტორმა ნაწარმოების მოსარგებლეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, მიუღებელი მოგების ჩათვლით. ავტორს აგრეთვე უფლება აქვს, სამოქალაქო ბრუნვიდან თავისი ხარჯებით ამოიღოს გავრცელების მიზნით ადრე დამზადებული ნაწარმოების ეგზემპლარები.

3. პირადი არაქონებრივი უფლებები ავტორს ეკუთვნის მისი ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და უნარჩუნდება ამ უფლებების დათმობის შემთხვევაშიც.

4. დაუშვებელია პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. მათი განხორციელება ავტორის გარდაცვალების შემდეგ ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 18. ნაწარმოების ავტორის ქონებრივი უფლებები

1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.

2. ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება);

ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელება გაყიდვის ან გაქირავების, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება);

გ) ნაწარმოების ეგზემპლართა იმპორტირება გავრცელების მიზნით, იმ ეგზემპლართა ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება);

დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი;

ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება);

ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, ეთერში ან კაბელით პირველი ან/და შემდგომი გადაცემის ჩათვლით (საჯარო გადაცემის უფლება);

ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება);

თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება).

3. ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).

4. თუ მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოების ეგზემპლარები იყიდება, მაშინ დაშვებულია მათი შემდგომი გავრცელება ავტორის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე.

5. ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოების, აუდიოვიზუალური ნაწარმოების, კომპიუტერული პროგრამის, მონაცემთა ბაზის, ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორებს ან საავტორო უფლებათა სხვა მფლობელებს ეკუთვნით აღნიშნულ ნაწარმოებთა ორიგინალის ან ასლების გაქირავებით გავრცელების განსაკუთრებული უფლება, ამ ორიგინალზე ან ასლებზე საკუთრების უფლების მიუხედავად.

6. არქიტექტურული, ქალაქმშენებლობისა და საბაღე-საპარკო პროექტების გამოყენების განსაკუთრებული უფლება მოიცავს ასეთი პროექტების განხორციელების უფლებას.

7. საავტორო ჰონორარის ოდენობა, მისი გამოანგარიშების წესი ეგზემპლარის ნებისმიერი გამოყენებისათვის დგინდება საავტორო ხელშეკრულებით, აგრეთვე მოსარგებლეებსა და ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულებით.

8. პირს, რომელიც საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ პირველად გამოაქვეყნებს ადრე გამოუქვეყნებელ ნაწარმოებს, ამ ნაწარმოებზე წარმოეშობა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქონებრივი უფლებები.

9. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებათა შეზღუდვები განისაზღვრება ამ კანონის 21–28-ე მუხლებით, იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის კანონიერ ინტერესებს.

მუხლი 19. ქონებრივი უფლებები კომპიუტერულ პროგრამებზე და მონაცემთა ბაზებზე

1. კომპიუტერული პროგრამის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) კომპიუტერული პროგრამის რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ. თუ ასეთი რეპროდუცირება ესაჭიროება კომპიუტერული პროგრამის ჩატვირთვას, ჩვენებას, მუშაობას, გადაცემას (ტრანსმისიას) ან შენახვას, აუცილებელია ავტორის თანხმობა;

ბ) კომპიუტერული პროგრამის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება იმ პირის უფლებების დაცვით, რომელიც ცვლის კომპიუტერულ პროგრამას;

გ) კომპიუტერული პროგრამის ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელება ნებისმიერი ფორმით, გაქირავების ჩათვლით. საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით პროგრამის ასლების პირველი რეალიზაციით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ასეთი ასლების გავრცელების კონტროლის უფლება, გარდა უფლებისა – გააკონტროლოს პროგრამის ორიგინალის ან ასლების შემდგომი გაქირავება.

2. მონაცემთა ბაზის ავტორი ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრულ უფლებებთან ერთად სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) მონაცემთა ბაზის დროებითი ან მუდმივი რეპროდუცირება ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანად ან ნაწილობრივ;

ბ) მონაცემთა ბაზის თარგმნა, ადაპტირება, სისტემატიზება ან სხვაგვარი ცვლილება და მიღებული შედეგების რეპროდუცირება, საჯარო გადაცემა, ჩვენება ან შესრულება;

გ) მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლების საზოგადოებაში გავრცელება ნებისმიერი ფორმით. საქართველოში ავტორის მიერ ან მისი თანხმობით ბაზის ასლების პირველი რეალიზაციით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ასეთი ასლების გაყიდვის კონტროლის უფლება;

დ) ნებისმიერი გადაცემა, ჩვენება ან შესრულება საზოგადოების წინაშე, დიალოგური, პირდაპირი ტრანსლაციის ჩათვლით.

მუხლი 20. სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლებები

1. სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ავტორს უფლება აქვს მოსთხოვოს ნაწარმოების მესაკუთრეს, მისცეს საშუალება განახორციელოს თავისი ნაწარმოების რეპროდუცირება (დაშვების უფლება). ამასთან, მესაკუთრეს არ შეიძლება მოეთხოვოს ნაწარმოების მიტანა ავტორთან.

2. სახვითი ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალის პირველად გასხვისების შემდეგ მისი საჯაროდ გაყიდვის (აუქციონის, სამხატვრო სალონის, სახვითი ხელოვნების გალერეის, მაღაზიის ან სხვა საშუალებით) ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ავტორს ან მის მემკვიდრეებს უფლება აქვთ მიიღონ გამყიდველისაგან ჰონორარი გასაყიდი ფასის 5 პროცენტის ოდენობით. ამ უფლების განხორციელება შესაძლებელია ავტორთა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მეშვეობით. გამყიდველები ვალდებულნი არიან აღნიშნულ ორგანიზაციას მისი მოთხოვნით მიაწოდონ ინფორმაცია გაყიდვების შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გასხვისება ავტორის სიცოცხლეში. იგი კანონით ან ანდერძით გადადის მხოლოდ მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადით.

თავი III

ქონებრივი უფლებების შეზღუდვა

მუხლი 21. ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის

1. დაშვებულია მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება:

ა) არქიტექტურული ნაწარმოებების შენობა - ნაგებობათა ფორმით რეპროდუცირებისას;

ბ) ელექტრონული მონაცემთა ბაზების რეპროდუცირებისას;

გ) კომპიუტერული პროგრამების რეპროდუცირებისას, გარდა ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) წიგნების (მთლიანად), ნოტებისა და სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების რეპროგრაფიული გამრავლებისას;

ე) აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების რეპროდუცირებისას.

3. ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას აუდიოვიზუალური ნაწარმოების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს, ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული წესისაგან განსხვავებით, უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი ჰონორარი.

4. ჰონორარი გადაიხდება პირადი სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა (აუდიო- და ვიდეომაგნიტოფონებისა და სხვა მოწყობილობათა) და მატერიალურ მატარებელთა (ფონო- და ვიდეოფირების, კასეტების, ლაზერული ფირფიტების, კომპაქტფირფიტებისა და სხვა მატერიალურ მატარებელთა) მწარმოებლებისა და იმპორტიორების მიერ.

5. ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს, ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად. თუ შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჰონორარი ნაწილდება შემდეგნაირად: 40 პროცენტი – ავტორებს, 30 პროცენტი – შემსრულებლებს, 30 პროცენტი – ფონოგრამების დამამზადებლებს. აღნიშნულ ორგანიზაციებს უფლება აქვთ ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან, მათ შორის, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან მოითხოვონ ინფორმაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ მოწყობილობათა და მატერიალურ მატარებელთა წარმოებისა და იმპორტის შესახებ.

6. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, აღნიშნულ მწარმოებლებსა და იმპორტიორებს და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა, შემსრულებელთა და ფონოგრამების დამამზადებელთა ქონებრივ უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო.

7. ჰონორარი ნაწილდება იმ ნაწარმოებთა ავტორებსა და საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელებს შორის, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებში და რომლებიც, სავარაუდოა, რომ რეპროდუცირებას ახდენდნენ პირადი სარგებლობისათვის.

8. ჰონორარი არ გადაიხდევინება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ მოწყობილობებსა და მატერიალურ მატარებლებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოადგენს:

ა) ექსპორტის საგანს;

ბ) პროფესიულ მოწყობილობას, რომელიც არ არის განკუთვნილი საშინაო გამოყენებისათვის.

9. ჰონორარი აგრეთვე არ გადაიხდევინება ფიზიკურ პირთა მიერ აღნიშნული მოწყობილობებისა და მატერიალური მატარებლების პირადი მიზნით იმპორტირების შემთხვევაში.

მუხლი 22. ნაწარმოების რეპროგრაფიული გამრავლება ბიბლიოთეკების, არქივებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ

დაშვებულია რეპროგრაფიული გამრავლება პირდაპირი და არაპირდაპირი მოგების მიუღებლად, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში – იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით. ასეთი რეპროგრაფიული გამრავლება დაიშვება:

ა) ერთეულ ეგზემპლარად, მართლზომიერად გამოცემული ნაწარმოებების განადგურებულ, დაკარგულ ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარ ეგზემპლართა შესაცვლელად ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ; სხვა ბიბლიოთეკების ფონდებიდან დაკარგულ, განადგურებულ ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარ ეგზემპლართა შესაცვლელად ამ ბიბლიოთეკებისათვის გადაცემის მიზნით, თუ ასეთი ეგზემპლარების მიღება ჩვეულებრივ პირობებში სხვა გზით შეუძლებელია;

ბ) ერთეულ ეგზემპლარად, მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) ბიბლიოთეკებისა და არქივების მიერ, ფიზიკურ პირთა მოთხოვნით, სასწავლო, სამეცნიერო ან პირადი მიზნით;

გ) მართლზომიერად გამოცემული ცალკეული სტატიებისა და სხვა მცირე მოცულობის ნაწარმოებების ან წერილობითი ნაწარმოების მოკლე ნაწყვეტებისა (კომპიუტერული პროგრამების გარდა) საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მეცადინეობისათვის.

მუხლი 23. ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე

დაშვებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით:

ა) მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოებების ორიგინალიდან ან თარგმანიდან ციტირება სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან მოკლე ნაწყვეტების ბეჭდვითი მიმოხილვისათვის რეპროდუცირების ჩათვლით;

ბ) მართლზომიერად გამოქვეყნებული ნაწარმოებებიდან მოკლე ნაწყვეტების გამოყენება ილუსტრაციის სახით, გამოცემებში, რადიო- და ტელეგადაცემებში, სასწავლო ხასიათის ფონო- და ვიდეოჩანაწერებში, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;

გ) მიმდინარე ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და რელიგიურ საკითხებზე პერიოდულ გამოცემებში მართლზომიერად გამოქვეყნებული სტატიების ან ეთერში გადაცემული მსგავსი ნაწარმოებების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა სპეციალურად არ არის აკრძალული ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთი ნაწარმოების კრებულში გამოქვეყნების უფლება;

დ) მიმდინარე მოვლენების პროცესში დანახული ან მოსმენილი ნაწარმოების რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში ფოტოგრაფირების, ეთერში ან კაბელით გადაცემის გზით, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით;

ე) საჯაროდ წარმოთქმული პოლიტიკური მოხსენების, სიტყვის, ლექციის, მიმართვის, ქადაგების და მსგავსი ნაწარმოებების, მათ შორის, სასამართლო პროცესებზე წარმოთქმული სიტყვების რეპროდუცირება ჟურნალ-გაზეთებისა და სხვა პერიოდული გამოცემების მეშვეობით ან საჯარო გადაცემა, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია საინფორმაციო მიზნით. ამასთან, ავტორს უნარჩუნდება ასეთ ნაწარმოებთა ცალკე კრებულად ან წიგნად გამოცემის განსაკუთრებული უფლება;

ვ) მართლზომიერად გამოქვეყნებული, რელიეფური წერტილოვანი შრიფტით ან სხვა სპეციალური საშუალებით უსინათლოთათვის შექმნილი ნაწარმოების რეპროდუცირება მოგების მიღების მიზნის გარეშე, გარდა იმ ნაწარმოებებისა, რომლებიც სპეციალურად არის შექმნილი გამოყენების ასეთი საშუალებებისა- თვის.

მუხლი 24. თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებული ნაწარმოების გამოყენება

დაშვებულია თავისუფალი დასწრებისათვის ღია ადგილებში მუდმივად განლაგებულ არქიტექტურულ, ფოტოგრაფიულ, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა რეპროდუცირება ან საჯარო გადაცემა ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაწარმოების გამოსახულება წარმოადგენს ასეთი რეპროდუცირების ან საჯარო გადაცემის ძირითად ობიექტს ანდა გამოიყენება მოგების მიღების მიზნით.

მუხლი 25. მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება ცერემონიების დროს

დაშვებულია მართლზომიერად გამოქვეყნებული მუსიკალური ნაწარმოების საჯარო შესრულება ოფიციალური, სამგლოვიარო და რელიგიური ცერემონიების დროს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ასეთი ცერემონიის ხასიათით.

მუხლი 26. ნაწარმოების რეპროდუცირება სასამართლო წარმოებისათვის

დაშვებულია ნაწარმოების რეპროდუცირება ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე, სასამართლო წარმოებისათვის, მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით.

მუხლი 27. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ ნაწარმოების მოკლევადიანი ჩაწერა

საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაცია უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის დამატებითი ჰონორარის გადახდის გარეშე, მოკლევადიანი სარგებლობისათვის ჩაწეროს ის ნაწარმოები, რომლის ეთერში გადაცემის უფლებაც მიიღო ამ ორგანიზაციამ, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ჩანაწერის დამზადება საკუთარი მოწყობილობის მეშვეობით, საკუთარი გადაცემისათვის;

ბ) ჩანაწერის განადგურება დამზადებიდან 6 თვის შემდეგ, თუ უფრო ხანგრძლივი ვადა არ იყო შეთანხმებული ჩაწერილი ნაწარმოების ავტორთან. ავტორის თანხმობის გარეშე ოფიციალურ არქივში შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ დოკუმენტური ხასიათის ჩანაწერი.

მუხლი 28. კომპიუტერული პროგრამისა და მონაცემთა ბაზის მფლობელთა უფლებების შეზღუდვები

1. პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე:

ა) შეიტანოს კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ჩაწერა და კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა (ერთი კომპიუტერისათვის ან ქსელის ერთი მომხმარებლისათვის), აშკარა შეცდომების გასწორება, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) დაამზადოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი იმ პირობით, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ არქივისათვის და მართლზომიერი მფლობელის დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის შესაცვლელად.

2. კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპ- ლარი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული მიზნით და უნდა განადგურდეს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის მფლობელობის უფლების შეწყვეტისთანავე.

მუხლი 29. კომპიუტერული პროგრამის თავისუფალი გამოყენება (დეკომპილირება)

პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის დეკომპილაცია (კვლავაწარმოოს და გარდაქმნას ობიექტური კოდი საწყის ტექსტში), აგრეთვე დაავალოს დეკომპილირება სხვა პირებს იმ შემთხვევაში, როცა ეს აუცილებელია მის მიერ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად, შემდეგი პირობების დაცვით:

ა) ეს მოქმედებები განახორციელა პირმა, რომელსაც ჰქონდა პროგრამის ეგზემპლარის გამოყენების უფლება, ან მისი სახელით სხვა პირმა, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ნებართვა;

ბ) ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად საჭირო ინფორმაცია სხვა წყაროებიდან ადრე არ ყოფილა ხელმისაწვდომი მისთვის;

გ) ეს მოქმედებები ეხება დეკომპილირებული პროგრამის იმ ნაწილებს, რომლებიც აუცილებელია ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად;

დ) დეკომპილირების შედეგად მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ დამოუკიდებლად შექმნილ კომპიუტერულ პროგრამასა და სხვა პროგრამებს შორის ურთიერთმოქმედების უნარის მისაღწევად. ეს ინფორმაცია არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს ან გამოყენებულ იქნეს ახალი კომპიუტერული პროგრამის შესამუშავებლად, რომელიც არსებითად მსგავსია დეკომპილირებული პროგრამისა, ან სხვა ისეთი მოქმედების განსახორციელებლად, რომელიც არღვევს საავტორო უფლებას.

მუხლი 30. მონაცემთა ბაზის თავისუფალი გამოყენება

მონაცემთა ბაზის ორიგინალის ან ასლის მართლზომიერ მოსარგებლეს შეუძლია მონაცემთა ბაზის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობის გარეშე განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრული მოქმედებები, როცა ეს აუცილებელია ბაზაში შეღწევისათვის და მისი ნორმალური გამოყენებისათვის. თუ მართლზომიერ მოსარგებლეს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის გამოყენების უფლება, აღნიშნული უფლება ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე.

თავი IV

საავტორო უფლების მოქმედების ვადა

მუხლი 31. საავტორო უფლების წარმოშობა და მისი მოქმედების ხანგრძლივობა

1. საავტორო უფლება წარმოიშობა ნაწარმოების შექმნისთანავე და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგ 70 წლის განმავლობაში, გარდა ამ კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ამ მუხლით და ამავე კანონის 32-ე მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველს წარმოადგენდა.

მუხლი 32. საავტორო უფლებათა მოქმედების ვადები

1. საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ფსევდონიმით ან ანონიმურად გამოქვეყნდა, მოქმედებს 70 წლის განმავლობაში მისი მართლზომიერად გამოქვეყნების თარიღიდან. თუ ამ ვადაში ავტორი გაამჟღავნებს თავის ვინაობას ან თუ მისი ვინაობა ეჭვს არ იწვევს, გამოიყენება ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი.

2. საავტორო უფლება თანაავტორობით შექმნილ ნაწარმოებზე მოქმედებს თითოეული თანაავტორის სიცოცხლეში და უკანასკნელი თანაავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

3. თუ ნაწარმოები ქვეყნდება ტომებად, ნაწილებად, გამოშვებებად ან ეპიზოდებად, ხოლო საავტორო უფლების დაცვის ვადა აითვლება მართლზომიერი გამოქვეყნების თარიღიდან, ეს ვადა გამოითვლება თითოეული ასეთი ნაწარმოებისათვის.

4. საავტორო უფლება ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებში აღნიშნულ ნაწარმოებებზე მოქმედებს 70 წლის განმავლობაში მათი მართლზომიერი გამოქვეყნების თარიღიდან, ხოლო თუ ნაწარმოები არ გამოქვეყნებულა – მისი შექმნის თარიღიდან.

5. საავტორო უფლება აუდიოვიზუალურ ნაწარმოებზე მოქმედებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ავტორთაგან (თანაავტორთაგან) უკანასკნელის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში.

6. იმ პირის ქონებრივი საავტორო უფლება, რომელმაც მართლზომიერად გამოაქვეყნა ადრე გამოუქვეყნებელი ნაწარმოები (ამ კანონის მე-18 მუხლის მე-8 პუნქტი), მოქმედებს 25 წლის განმავლობაში მისი მართლზომიერი გამოქვეყნების თარიღიდან.

მუხლი 33. უვადო საავტორო უფლებები

1. ნაწარმოებთან დაკავშირებული ავტორობის უფლების, სახელის უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა ხორციელდება უვადოდ.

2. საავტორო უფლების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია სხვა ავტორის მიერ ნაწარმოების სახელწოდების გამოყენება იმავე ჟანრის ნაწარმოებისათვის, თუ ასეთმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ავტორთა აღრევა, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

3. დაუშვებელია ნაწარმოების გამოქვეყნება ისეთი ფსევდონიმით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადრე გამოქვეყნებული სხვა ნაწარმოების ავტორთან გაიგივება, რამაც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

მუხლი 34. ვადაგასული საავტორო უფლების გამოყენება

1. ნაწარმოები, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია, შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა პირმა საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე. ამასთან, დაცული უნდა იყოს ავტორობის, სახელის, ნაწარმოების ხელშეუხებლობისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლებები. ეს წესი ვრცელდება იმ ნაწარმოებზედაც, რომელიც არ იყო დაცული საქართველოს ტერიტორიაზე.

2. საქართველოს კანონმდებლობით შეიძლება დადგინდეს სპეციალური ანარიცხები საქართველოს ტერიტორიაზე იმ ნაწარმოების გამოყენებისათვის, რომელზედაც საავტორო უფლების მოქმედების ვადა გასულია. ასეთი ანარიცხებიდან მიღებული შემოსავალი გადაეცემა ავტორთა პროფესიულ ფონდებს და ორგანიზაციებს, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ავტორთა ქონებრივ უფლებებს. ანარიცხების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ნაწარმოების გამოყენების შედეგად მიღებული მოგების 3 პროცენტს.

თავი V

საავტორო უფლების გადაცემა

მუხლი 35. საავტორო უფლების გადაცემის საფუძვლები

1. საავტორო უფლება გადაეცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით.

2. კანონით მემკვიდრეებზე საავტორო უფლების მოქმედების ვადის ფარგლებში გადადის ამ კანონის მე-18 მუხლში აღნიშნული ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლებები, თუ ანდერძით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. ავტორობის, სახელისა და ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. მემკვიდრეებს უფლება აქვთ განახორციელონ აღნიშნულ პირად უფლებათა დაცვა. მათი ეს უფლებამოსილება ვადით არ იზღუდება.

4. თუ ავტორის მიერ მის სიცოცხლეში სხვა რამ არ იყო განსაზღვრული, მისი პირადი უფლებებიდან მემკვიდრეობით გადადის უფლება, ნება დართოს სხვა პირებს, დაურთონ ნაწარმოებს სხვა ავტორთა ნაწარმოებები (ილუსტრაცია, წინასიტყვაობა, ბოლოსიტყვაობა, კომენტარი, განმარტება და სხვა). აღნიშნული უფლება მემკვიდრეებზე გადადის საავტორო უფლების მოქმედების ვადით.

5. ავტორს უფლება აქვს მიუთითოს პირი, რომელსაც ის ნიშნავს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული უფლებების დამცველად. ეს პირი თავის მოვალეობას ასრულებს ავტორის გარდაცვალებამდე.

6. თუ მემკვიდრეები არ არსებობენ ან არაჯეროვნად ახორციელებენ ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ უფლებებს, ამ უფლებების დაცვას აწარმოებს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო.

მუხლი 36. ავტორის ქონებრივი უფლების გადაცემა

1. ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს შეუძლია თავისი ქონებრივი უფლებები გადასცეს უფლებამონაცვლეს. უფლებამონაცვლეზე გადადის ნაწარმოების გამოყენების ყველა განსაკუთრებული უფლება, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-18 მუხლით.

2. განსაზღვრული სახით ნაწარმოების გამოყენების ნებართვა გაიცემა განსაკუთრებული ან ჩვეულებრივი ლიცენზიის გაცემის შესახებ საავტორო ხელშეკრულების საფუძველზე.

მუხლი 37. განსაკუთრებული ლიცენზია

1. განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის საავტორო ხელშეკრულების მიხედვით (განსაკუთრებული ლიცენზია), ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები განსაზღვრული სახით და ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში, გადასცემს მხოლოდ ლიცენზიატს და მასვე აძლევს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.

2. ნაწარმოების სხვა პირთა მიერ გამოყენების აკრძალვის უფლება შეიძლება განახორციელოს ავტორმა, თუ ლიცენზიატი არ აწარმოებს ამ უფლების დაცვას.

მუხლი 38. ჩვეულებრივი ლიცენზია

1. ჩვეულებრივ უფლებათა გადაცემის საავტორო ხელშეკრულების მიხედვით (ჩვეულებრივი ლიცენზია), ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ნებას რთავს ლიცენზიატს, გამოიყენოს ნაწარმოები იმ პირთა თანაბრად, რომლებმაც მიიღეს ასეთი ნაწარმოების იმავე სახით გამოყენების უფლება.

2. საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლება ჩაითვლება ჩვეულებრივ უფლებად, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მუხლი 39. ნაწარმოების გამოყენება განსაკუთრებული ლიცენზიის გადაცემის შემდეგ

ნაწარმოების გამოყენებაზე განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის (განსაკუთრებული ლიცენზია) შემთხვევაშიც კი ავტორს ამ ნაწარმოების გამოყენების უფლება უნარჩუნდება თავის ნაწარმოებთა მხოლოდ სრული კრებულის გამოქვეყნებისას, თუ განსაკუთრებულ უფლებათა გადაცემის შედეგად ნაწარმოების გამოქვეყნებიდან გავიდა 5 წელი. ამასთან, ავტორს არა აქვს უფლება, გამოიყენოს ასეთი ნაწარმოები სრული კრებულისაგან დამოუკიდებლად.

მუხლი 40. საავტორო ხელშეკრულება

1. საავტორო ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს: გამოსაყენებელი ნაწარმოების ზუსტ აღწერას (მოცულობა, ჟანრი, სახელწოდება), ნაწარმოების გამოყენების კონკრეტულ სახეს, უფლების გადაცემის ვადას და ტერიტორიას, ჰონორარის ოდენობის განსაზღვრის წესს ან ჰონორარის ოდენობას ნაწარმოების გამოყენების ყოველი სახისათვის, მისი გადახდის წესსა და ვადას, აგრეთვე სხვა პირობებს, რომლებსაც მხარეები არსებითად მიიჩნევენ.

2. ნაწარმოების ყველა იმ სახით გამოყენების უფლება, რომელიც საავტორო ხელშეკრულებით პირდაპირ არ არის გათვალისწინებული, ეკუთვნის ავტორს.

3. თუ საავტორო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული ნაწარმოების გამოყენების კონკრეტული სახე (საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული კონკრეტული უფლებები), ხელშეკრულება ითვლება დადებულად ნაწარმოების ისეთ გამოყენებაზე, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს აუცილებლად მხარეთა იმ განზრახვის შესრულებისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ ხელშეკრულების დადებისას.

4. თუ საავტორო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული უფლების გადაცემის ვადა, ხელშეკრულება შეიძლება გააუქმოს ავტორმა მისი დადებიდან 3 წლის შემდეგ. მოსარგებლეს ამის თაობაზე უნდა ეცნობოს წერილობით, ხელშეკრულების გაუქმებამდე 6 თვით ადრე.

5. თუ საავტორო ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული უფლების გადაცემის ტერიტორია, ხელშეკრულებით გადაცემული უფლება მოქმედებს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე.

6. საავტორო ხელშეკრულებაში ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.

7. თუ გამოცემის ან ნაწარმოების სხვაგვარი რეპროდუცირების საავტორო ხელშეკრულებაში ჰონორარი განისაზღვრება ფიქსირებული თანხით, ხელშეკრულებით დადგენილი უნდა იყოს ნაწარმოების მაქსიმალური ტირაჟი.

8. საავტორო ხელშეკრულებით გადაცემული უფლებები შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ გადაეცეს სხვა პირებს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მუხლი 41. საავტორო ხელშეკრულების ბათილობა

1. ბათილია საავტორო ხელშეკრულების ის პირობა, რომელიც ზღუდავს ავტორის უფლებას, შექმნას მომავალში ნაწარმოები განსაზღვრულ თემაზე ან განსაზღვრულ დარგში.

2. საავტორო ხელშეკრულების საგანი არ შეიძლება იყოს იმ ნაწარმოებზე უფლების გადაცემა, რომელიც შეიძლება მომავალში შექმნას ავტორმა.

მუხლი 42. საავტორო ხელშეკრულების ფორმა

საავტორო ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. პერიოდულ ბეჭდვით გამოცემებში ნაწარმოების გამოყენების საავტორო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირადაც. ზეპირად შეიძლება დაიდოს აგრეთვე ზეპირი ნაწარმოების ტელევიზიით ან რადიოთი ერთჯერადი გადაცემის ხელშეკრულება.

მუხლი 43. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულება

1. ნაწარმოების შექმნის ხელშეკრულების მიხედვით ავტორი კისრულობს ვალდებულებას, შექმნას ნაწარმოები ხელშეკრულების პირობების მიხედვით და გადასცეს იგი შემკვეთს, ხოლო შემკვეთი კისრულობს ვალდებულებას, მიიღოს ნაწარმოები და გადაუხადოს ავტორს ჰონორარი.

2. ავტორი ვალდებულია პირადად შექმნას ნაწარმოები, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ნაწარმოების შექმნაში სხვა პირის (პირების) ჩართვა დასაშვებია მხოლოდ შემკვეთის თანხმობით.

3. შემკვეთი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისთანავე დაათვალიეროს ნაწარმოები და წერილობით შეატყობინოს ავტორს ნაწარმოების მოწონების ანდა ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მისი დაწუნების ან მასში შესწორებათა შეტანის აუცილებლობის შესახებ.

4. თუ ავტორს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, ნაწარმოები შემკვეთის მიერ მოწონებულად ითვლება.

5. ავტორისათვის ავანსის გადახდის წესი, ვადა და ავანსის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

მუხლი 44. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

მხარემ, რომელმაც არ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა საავტორო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეორე მხარეს უნდა აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით.

თავი VI

საავტორო უფლებათა მომიჯნავე უფლებები

მუხლი 45. მომიჯნავე უფლებები

1. ამ თავით გათვალისწინებული საავტორო უფლებათა მომიჯნავე უფლებების დაცვა არ აბრკოლებს საავტორო უფლებათა დაცვას.

2. მომიჯნავე უფლებები ხორციელდება საავტორო უფლებათა პატივისცემის გზით. ამ თავის არც ერთი დებულება არ განიმარტება, როგორც საავტორო უფლებათა დაცვის შელახვა.

მუხლი 46. მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები

1. მომიჯნავე უფლებათა სუბიექტები არიან: შემსრულებლები, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები.

2. ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლები და მაუწყებლობის ორგანიზაციები ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებენ ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერილი ანდა ეთერში ან კაბელით გადაცემული ნაწარმოების ავტორსა და შემსრულებელთან დადებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

3. შემსრულებელი ამ თავით გათვალისწინებულ უფლებებს ახორციელებს შესრულებული ნაწარმოების ავტორის უფლებათა დაცვის პირობით.

4. მომიჯნავე უფლებათა წარმოშობისა და განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის რაიმე ფორმალობათა დაცვა. ფონოგრამის დამამზადებელს ან შემსრულებელს თავისი უფლების განცხადებისათვის შეუძლია გამოიყენოს მომიჯნავე უფლების დაცვის ნიშანი, რომელიც დაისმება ფონოგრამის ყოველ ეგზემპლარზე ან/და მის ფუტლარზე და შედგება სამი ელემენტისაგან:

ა) ლათინური ასო P წრეწირში: ;

ბ) განსაკუთრებული მომიჯნავე უფლების მფლობელის სახელი (დასახელება);

გ) ფონოგრამის პირველი გამოცემის წელი.

მუხლი 47. შემსრულებლის უფლებები

1. შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს შემდეგი პირადი და ქონებრივი უფლებები:

ა) სახელის უფლება;

ბ) უფლება, დაიცვას შესრულება ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვა-გვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს შემსრულებლის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება);

გ) უფლება, გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.

2. შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე არ იყო ჩაწერილი;

ბ) შესრულების ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესრულება ჩაწერილია შემსრულებლის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;

გ) შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, ანდა შესრულების სხვაგვარი საჯარო გადაცემა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა;

დ) შესრულების ჩანაწერის გადაცემა ეთერში ან კაბელით, თუ თავდაპირველად ამ შესრულების ჩაწერა არ მომხდარა მოგების მიღების მიზნით;

ე) იმ გამოქვეყნებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის გაქირავება, რომელზედაც ჩაწერილია შესრულება შემსრულებლის მონაწილეობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა შე-მსრულებლის მიერ, ხოლო შემსრულებელთა კოლექტივის შესრულებაზე ნებართვა – ასეთი კოლექტივის ხელმძღვანელის მიერ, მოსარგებლესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

4. შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთი გამოყენების შემთხვევაში შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება აღნიშნული ხელშეკრულებით.

5. შემსრულებელსა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს შორის ხელშეკრულების დადება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებათა გადაცემას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემსრულებლის მიერ ასეთი უფლებების გადაცემა შემოიფარგლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოყენებით და, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ შეიცავს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში დაფიქსირებული ხმისა და გამოსახულების ცალ-ცალკე გამოყენების უფლებას.

6. შემსრულებელსა და ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებელს შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ფონოგრამაზე ან ვიდეოგრამაზე ჩაწერის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ ფონოგრამის ან ვიდეოგრამის გაქირავების უფლების გადაცემას. ამასთან, შემსრულებელს უნარჩუნდება ასეთი ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარების გაქირავებისათვის ჰონორარის მიღების უფლება.

7. იმ შესრულებაზე, რომელიც შემსრულებლის მიერ შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან სამუშაოს მიმცემის დავალების შესრულების წესით, შემსრულებელს ეკუთვნის სახელის უფლება. ასეთი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის პირს, რომელთანაც შემსრულებელს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

მუხლი 48. ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები

1. ფონოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ფონოგრამა ნებისმიერი ფორმით, ფონოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.

2. ფონოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) ფონოგრამის რეპროდუცირება;

ბ) ფონოგრამის ეგზემპლართა პირველი გავრცელება;

გ) ფონოგრამის ეგზემპლართა გაქირავება;

დ) ფონოგრამის ეგზემპლართა გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან გაქირავების, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ე) ფონოგრამის ეგზემპლართა იმპორტირება გავრცელების მიზნით, იმ ეგზემპლართა ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ფონოგრამის დამამზადებლის თანხმობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

მუხლი 49. ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები

1. ვიდეოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ვიდეოგრამა ნებისმიერი ფორმით, ვიდეოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.

2. ვიდეოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) ვიდეოგრამის რეპროდუცირება;

ბ) ვიდეოგრამის ეგზემპლართა პირველი გავრცელება;

გ) ვიდეოგრამის ეგზემპლართა გაქირავება;

დ) ვიდეოგრამის ეგზემპლართა გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან გაქირავების, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით;

ე) ვიდეოგრამის ეგზემპლართა იმპორტირება გავრცელების მიზნით, იმ ეგზემპლართა ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

მუხლი 50. მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლებები

1. მაუწყებლობის ორგანიზაციას ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გა-მოიყენოს თავისი გადაცემა ნებისმიერი ფორმით, გადაცემის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ანაზღაურების მიღების უფლების ჩათვლით.

2. გადაცემის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს:

ა) გადაცემის ჩაწერა;

ბ) გადაცემის ჩანაწერის რეპროდუცირება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაცემა ჩაწერილია მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობით და რეპროდუცირება ხორციელდება იმავე მიზნით, რისთვისაც მოხდა მისი ჩაწერა;

გ) გადაცემის ერთდროულად გადაცემა ეთერში და კაბელით შესაბამისად საეთერო და საკაბელო მაუწყებლობის სხვა ორგანიზაციის მიერ;

დ) გადაცემის გადაცემა ეთერში ან კაბელით;

ე) გადაცემის საჯარო გადაცემა ადგილებში, სადაც შესვლა ფასიანია.

ვ) გადაცემის ჩანაწერის გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან გაქირავების, ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის გზით.

მუხლი 51. მომიჯნავე უფლებათა ობიექტების თავისუფალი გამოყენება

1. ამ კანონით გათვალისწინებულ მომიჯნავე უფლებათა შეზღუდვები ხელს არ უშლის შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის კანონიერ ინტერესებს.

2. დაშვებულია შესრულების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობისა და მათთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, შემდეგ შემთხვევებში:

ა) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან ციტირებისას, სამეცნიერო, კვლევითი, პოლემიკური, კრიტიკული და საინფორმაციო მიზნებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც გამართლებულია ციტირების მიზნით;

ბ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ილუსტრაციის სახით გამოყენებისას სწავლებისათვის ან მეცნიერული გამოკვლევებისათვის – მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც განსაზღვრულია დასახული მიზნით;

გ) შესრულებიდან, ფონოგრამიდან, ვიდეოგრამიდან, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემიდან მოკლე ნაწყვეტების ჩართვისას მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვაში.

3. დაშვებულია ფიზიკურ პირთა მიერ შესრულების, მაუწყებლობის ორგანიზაციის გადაცემისა და მათი ჩანაწერების გამოყენება, აგრეთვე პირადი სარგებლობისათვის ფონოგრამის ან ვიდეოგრამის რეპროდუცირება შემსრულებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობის გარეშე. ასეთი რეპროდუცირება ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ხორციელდება ჰონორარის გადახდის პირობით.

მუხლი 52. მოგების მიღების მიზნებით დამზადებული ფონოგრამის გამოყენება

1. დაშვებულია მოგების მიღების მიზნით დამზადებული ფონოგრამის დამამზადებლის და ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოების შემსრულებლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ჰონორარის გადახდით:

ა) ფონოგრამის საჯარო შესრულება;

ბ) ფონოგრამის გადაცემა ეთერში ან კაბელით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჰონორარის შეგროვებასა და განაწილებას ახორციელებს იმ ორგანიზაციათაგან ერთ-ერთი, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ შემსრულებელთა და ფონოგრამის დამამზადებელთა უფლებებს, ამ ორგანიზაციათა შორის შეთანხმების შესაბამისად.

3. ჰონორარის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება, ერთი მხრივ, ფონოგრამებით მოსარგებლეთა და, მეორე მხრივ, ერთ-ერთ იმ ორგანიზაციას შორის შეთანხმებით, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ფონოგრამების დამამზადებელთა და შემსრულებელთა უფლებებს. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, ჰონორარის ოდენობას განსაზღვრავს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო. ჰონორარის ოდენობა დგინდება ფონოგრამის გამოყენების ყოველი ფორმისათვის.

4. ფონოგრამებით მოსარგებლეებმა ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ორგანიზაციებს უნდა წარუდგინონ პროგრამები (გეგმები), რომლებიც შეიცავს ზუსტ ცნობებს ფონოგრამების გამოყენების ოდენობის შესახებ, აგრეთვე სხვა ცნობები და საბუთები, რომლებიც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.

მუხლი 53. საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციის მიერ შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის

საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციას უფლება აქვს შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის თანხმობის გარეშე განახორციელოს შესრულების ან გადაცემის ჩაწერა მოკლევადიანი სარგებლობისათვის და ასეთი ჩანაწერის რეპროდუცირება შემდეგი პირობების დაცვით:

ა) წინასწარი თანხმობის მიღება ამ შესრულების ან პროგრამის გადაცემაზე;

ბ) მოკლევადიანი ჩანაწერის დამზადება და რეპროდუცირება საკუთარი მოწყობილობით, საკუთარი გადაცემისათვის;

გ) მოკლევადიანი ჩანაწერის განადგურება იმ პირობით, რომელიც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა მოკლევადიანი ჩანაწერებისათვის.

თავი VII

სპეციალური დებულებები მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შესახებ

მუხლი 54. მონაცემთა ბაზის დამამზადებელი

1. მონაცემთა ბაზის დამამზადებელი, რომელიც ადასტურებს, რომ მან განახორციელა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი კაპიტალდაბანდება მონაცემთა ბაზის შემცველობის შეძენის, დაზუსტების ან წარმოდგენის მხრივ, სარგებლობს განსაკუთრებული უფლებით, არ დაუშვას მისი მთლიანი შემცველობის ან ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული მნიშვნელოვანი ნაწილის ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება.

2. ამ თავის მიზნებისათვის, ამოღება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის მუდმივად ან დროებით გადატანას სხვა მატერიალურ მატარებელზე ნებისმიერი საშუალებითა თუ ფორმით, ხოლო ხელახალი გამოყენება გულისხმობს მონაცემთა ბაზის მთლიანი შემცველობის ან მნიშვნელოვანი ნაწილის გაცნობას საზოგადოებისათვის ასლების გაქირავებით, დიალოგური ანდა გადაცემის პირდაპირი ან სხვა ფორმით. მონაცემთა ბაზის ეგზემპლარების გაყიდვის შემდეგ დაშვებულია მათი შემდგომი გაყიდვა მონაცემთა ბაზის დამამზადებლის თანხმობის გარეშე.

3. დაუშვებელია მონაცემთა ბაზის შემცველობის უმნიშვნელო ნაწილების განმეორებითი ან სისტემატური ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება, თუ ასეთი მოქმედება ხელს უშლის მის ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ ლახავს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

5. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლებები ძალაშია, მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა საავტორო უფლებით ეს მონაცემთა ბაზა და მისაღებია თუ არა მისი შინაარსი. მონაცემთა ბაზის დაცვა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებების შესაბამისად არ უნდა ლახავდეს მასთან დაკავშირებულ საავტორო უფლებებს.

მუხლი 55. მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

1. გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზის დამამზადებელს უფლება არ აქვს აუკრძალოს მონაცემთა ბაზის კანონიერ მოსარგებლეს მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული უმნიშვნელო ნაწილების ამოღება ან/და ხელახალი გამოყენება ნებისმიერი მიზნით. თუ კანონიერ მომხმარებელს აქვს მონაცემთა ბაზის ნაწილის ამოღების ან/და ხელახალი გამოყენების უფლება, ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ ამ ნაწილზე.

2. გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის მოქმედება უსაფუძვლოდ არ უნდა ლახავდეს მონაცემთა ბაზის დამამზადებლის კანონიერ ინტერესებს.

3. გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზის კანონიერმა მოსარგებლემ არ უნდა შელახოს საავტორო ან მომიჯნავე უფლებათა მფლობელის უფლებები მონაცემთა ბაზაში არსებულ ნაწარმოებთან ან მომიჯნავე უფლების ობიექტთან დაკავშირებით.

მუხლი 56. მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების შეზღუდვა

მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლე უფლებამოსილია მისი დამამზადებლის ნებართვის გარეშე:

ა) ამოიღოს პირადი სარგებლობისათვის არაელექტრონული მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი;

ბ) ამოიღოს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მასალის საილუსტრაციოდ მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი, წყაროს მითითებით და დასახული არაკომერციული მიზნით განსაზღვრული მოცულობით;

გ) ამოიღოს და ხელახლა გამოიყენოს მონაცემთა ბაზის შემცველობის მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის და ადმინისტრაციული თუ სასამართლო-საპროცესო მიზნებისათვის.

თავი VIII

მომიჯნავე უფლებათა მოქმედების ვადა

მუხლი 57. მომიჯნავე უფლებათა მოქმედების ვადები

1. ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში პირველი შესრულებიდან. თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი მართლზომიერად გამოიცა ან საჯაროდ გადაიცა, ეს ვადა გრძელდება პირველი ასეთი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში.

2. შემსრულებლის სახელის უფლება და რეპუტაციის პატივისცემის უფლება დაცულია უვადოდ. ეს უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. შემსრულებლის პირად უფლებათა დაცვა მისი გარდაცვალების შემდეგ ხორციელდება იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვისათვის.

3. ამ კანონის 48-49-ე მუხლებით გათვალისწინებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა მართლზომიერად გამოიცა ან საჯაროდ გადაიცა, ეს ვადა გრძელდება პირველი ასეთი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში.

4. ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული საეთერო (საკაბელო) მაუწყებლობის ორგანიზაციის უფლება მოქმედებს 50 წლის განმავლობაში ასეთი ორგანიზაციის მიერ ეთერში (კაბელით) პროგრამის პირველად გადაცემის შემდეგ.

5. ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება მოქმედებს 15 წლის განმავლობაში მონაცემთა ბაზის დამზადებიდან. თუ ამ ვადაში მონაცემთა ბაზა გამოქვეყნდა, თხუთმეტი წელი აითვლება გამოქვეყნებიდან.

6. ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული ცვლილება, კერძოდ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება, გამომდინარე გაუქმებიდან ან შესწორებიდან, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს, რომ განხორციელდა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი კაპიტალ-დაბანდება, შესაძლებლობას იძლევა ასეთი დაბანდების შედეგად შეცვლილ მონაცემთა ბაზას მიეცეს დაცვის საკუთარი ვადა.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველია.

8. ამ თავით გათვალისწინებული უფლებები იმ ვადების დარჩენილი დროის ფარგლებში, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის პირველ, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში, გადადის შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ­ მის უფლებამონაცვლეებზე.

თავი IX

საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვა

მუხლი 58. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევა

1. ამ კანონით გათვალისწინებულ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევა იწვევს სამოქალაქო, სისხლისსამართლებრივ და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევისათვის იურიდიული პირი პასუხს აგებს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ ასრულებს ამ კანონის მოთხოვნებს, ითვლება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დამრღვევად.

3. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევად ჩაითვლება აგრეთვე:

ა) უფლების მართვის ელექტრონული ინფორმაციის შეცვლა ან წაშლა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე;

ბ) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოქვეყნება ნებისმიერი საშუალებით, როდესაც პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ უფლების მართვის შესახებ ელექტრონული ინფორმაცია შეცვლილი ან წაშლილი იქნა უფლების მფლობელის ნებართვის გარეშე.

მუხლი 59. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვა

1. განსაკუთრებულ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს უფლება აქვთ მოითხოვონ დამრღვევისაგან:

ა) უფლების აღიარება;

ბ) უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა და იმ მოქმედებათა აღკვეთა, რომლებიც არღვევს უფლებას ან ქმნის მისი დარღვევის საფრთხეს;

გ) ზიანის ანაზღაურება, მიუღებელი შემოსავლის ჩათვლით;

დ) ზიანის ანაზღაურების ნაცვლად იმ შემოსავლის ჩამორთმევა, რომელიც დამრღვევმა მიიღო საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის შედეგად;

ე) ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო;

ვ) მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის "გ", "დ" და "ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზომები გამოიყენება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების არჩევით.

3. ზიანის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დარღვევის არსი, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი, აგრეთვე ის სავარაუდო შემოსავალი, რომელიც შეეძლო მიეღო ავტორს ან საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მართლზომიერად გამოყენების შედეგად. ზიანის ანაზღაურებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასამართლო ხარჯები, წარმომადგენლისა და ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის ჩათვლით.

მუხლი 60. კონტრაფაქციული ეგზემპლარები

1. ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის ეგზემპლარები, რომელთა დამზადება ან გავრცელება იწვევს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევას, ითვლება კონტრაფაქციულ ეგზემპლარებად.

2. კონტრაფაქციულად ითვლება აგრეთვე იმ ნაწარმოების, ფონოგრამისა და ვიდეოგრამის ეგზემპლარები, რომლებიც დაცულია საქართველოში ამ კანონის შესაბამისად და რომლებიც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების თანხმობის გარეშე იმპორტირებულია საქართველოში იმ სახელმწიფოდან, სადაც ისინი არასდროს ყოფილა დაცული ან სადაც მათი დაცვა შეწყვეტილია.

3. სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარების, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობების ჩამო-რთმევის შესახებ. ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარები შეიძლება გადაეცეს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს მათი მოთხოვნით.

4. ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარები, რომლებიც არ იქნა გამოთხოვილი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, აგრეთვე მათი რეპროდუცირებისათვის საჭირო მასალები და მოწყობილობები ექვემდებარება განადგურებას სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.

5. ჩამორთმევას არ ექვემდებარება მესამე პირების მიერ მართლ-ზომიერად შეძენილი ნაწარმოების, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის კონტრაფაქციული ეგზემპლარები.

მუხლი 61. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებები

1. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს ან პირს, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია საავტორო და მომიჯნავე უფლებები, განსაზღვრულ მოქმედებათა შესრულებას, როგორიცაა დამზადება, რეპროდუცირება, გაყიდვა, გაქირავება, იმპორტი და ამ კანონით გათვალისწინებული ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება, აგრეთვე იმ ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ტრანსპორტირება, შენახვა და ფლობა გავრცელების მიზნით, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ეგზემპლარია.

2. საქმის არსებითად განხილვამდე სასამართლოს ან მოსამართლეს ერთპიროვნულად შეუძლია გამოიტანოს განჩინება ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ყველა იმ ეგზემპლარზე ყადაღის დადებისა და ამოღების შესახებ, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ის კონტრაფაქციული ეგზემპლარია, აგრეთვე იმ მასალებისა და მოწყობილობების შესახებ, რომლებიც განკუთვნილია მათი დამზადებისა და რეპროდუცირები-სათვის.

3. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დარღვევის შესახებ საკმაო მონა-ცემების არსებობისას, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის-სამართლე-ბრივი პასუხისმგებლობა, მოკვლევის ორგანო, გამომძიებელი ან სასამართლო ვალდებულია მიიღოს ზომები წაყენებული ან შემდგომში შესაძლო სამოქალაქო სარჩელის უზრუნველსაყოფად, შემდეგი ნივთების ძიების და მათზე ყადაღის დადების გზით:

 

ა) ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ეგზემპლარები, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი კონტრაფაქციული ეგზემპლარებია;

ბ) მასალები და მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია კონტრაფაქციული ეგზემპლარების დამზადებისა და რეპროდუცირებისათვის;

გ) დოკუმენტები, ანგარიშები და სხვა ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად სასამართლო განხილვისას.

მუხლი 62. სახელმწიფო პოლიტიკა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში

1. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და კანონით მინიჭებული სხვა ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო. მისი სტატუსი და უფლებამოსილება დგინდება ამ კანონისა და შესაბამისი დებულების საფუძველზე.

2. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სახელმწიფო სააგენტო უფლებამოსილია:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროში და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები მისი განვითარების შესახებ;

ბ) წარმოადგინოს საქართველო საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებში;

გ) რეგისტრაციაში გაატაროს ნაწარმოებები ამ კანონით დადგენილი წესით.

თავი X

ქონებრივ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე

მუხლი 63. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის შექმნა

1. მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორებს, შემსრულებლებს, ფონოგრამებისა და ვიდეოგრამების დამამზადებლებს და საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელებს უფლება აქვთ თავიანთი ქონებრივი უფლებების განხორციელების მიზნით შექმნან ორგანიზაციები, რომლებიც კოლექტიურ საფუძველზე მართავენ ქონებრივ უფლებებს.

2. ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, იქმნება ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, არასამეწარმეო იურიდიული პირის – კავშირის (ასოციაციის) ფორმით. დადგენილი წესით რეგისტრაციის შემდეგ მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია შეატყობინოს ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელსაც შეაქვს იგი საავტორო უფლებათა მართვის ორგანიზაციების რეესტრში. ორგანიზაციას უფლება არა აქვს განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა და გამოიყენოს ის ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც მას გადაცემული აქვს სამართავად კოლექტიურ საფუძველზე. აღნიშნული ორგანიზაცია მოქმედებს იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომელიც მას მინიჭებული აქვს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისაგან, წესდების საფუძველზე.

3. იმ ორგანიზაციის წესდება, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა შეიცავდეს დებულებებს, რომლებიც შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს. ორგანიზაციის საქმიანობაზე ხელმძღვანელობას ახორციელებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები, რომელთა ქონებრივ უფლებებსაც მართავს ეს ორგანიზაცია. გადაწყვეტილებებს ჰონორარის ოდენობისა და მოსარგებლეებისათვის ლიცენზიების გაცემის პირობების, შეგროვებული ჰონორარის განაწილებისა და გადახდის წესის, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე იღებენ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელები კოლეგიურად, საერთო კრებაზე.

4. დაშვებულია შექმნა ცალკეული ორგანიზაციებისა უფლებების ან უფლებათა მფლობელების სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით, ანდა ორგანიზაციებისა, რომლებიც მართავენ უფლებათა ერთი კატეგორიის მფლობელთა სხვადასხვა უფლებებს.

5. იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, არ გამოიყენება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები.

მუხლი 64. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობა

1. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლებამოსილება ორგანიზაციას გადაეცემა ნებაყოფლობით, უშუალოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ, ამ ორგანიზაციაში მათი წევრობის შესახებ წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე ანალოგიურ უცხოურ ორგანიზაციასთან ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს საავტორო ხელშეკრულებას და ამ კანონის მე-40 მუხლი მასზე არ ვრცელდება.

2. ნებისმიერ ავტორს, მომიჯნავე უფლების მფლობელს, მათ მემკვიდრეებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სხვა მფლობელებს უფლება აქვთ სამართავად გადასცენ თავიანთი ქონებრივი უფლებები ასეთ ორგანიზაციას, ხოლო ორგანიზაცია ვალდებულია იკისროს ამ უფლებათა მართვა კოლექტიურ საფუძველზე, თუ ასეთი კატეგორიის უფლებათა მართვა განეკუთვნება ამ ორგანიზაციის საწესდებო საქმიანობას.

3. ამ მუხლის თანახმად მიღებული უფლებების შესაბამისად, ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, მოსარგებლეებზე გასცემს ლიცენზიებს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის შესაბამისი ფორმით გამოყენებისათვის. ლიცენზიების პირობები ანალოგიური უნდა იყოს ერთი კატეგორიის ყველა მოსარგებლისათვის. ორგანიზაციას უფლება არა აქვს უარი უთხრას მოსარგებლეებს ლიცენზიის გაცემაზე საამისოდ საკმარისი საფუძვლის არსებობის გარეშე.

4. ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის მოსარგებლეებისაგან მოითხოვოს ყველა იმ დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შეიცავს ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რომლებიც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის.

მუხლი 65. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის უფლებები

ორგანიზაციას, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების სახელით და მათ მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უფლება აქვს:

ა) მოსარგებლეებთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა და ლიცენზიის სხვა პირობები;

ბ) გასცეს ლიცენზიები იმ უფლებათა გამოყენების შესახებ, რომლებსაც ის მართავს;

გ) მოსარგებლეებთან შეათანხმოს ჰონორარის ოდენობა, როდესაც იგი ჰონორარს აგროვებს ლიცენზიის გაცემის გარეშე ამ კანონის 51-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებითა და 21-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

დ) შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ან/და ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის "გ" ქვეპუნქტით;

ე) გაანაწილოს და გადაუხადოს შესაბამისი ჰონორარი საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს;

ვ) განახორციელოს იურიდიული ქმედებანი, რომლებიც საჭიროა მისთვის სამართავად გადაცემული უფლებების დასაცავად;

ზ) განახორციელოს სხვა საქმიანობა საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

მუხლი 66. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მოვალეობები

1. იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უნდა განხორციელდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა იმ მფლობელების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც ეს ორგანიზაცია წარმოადგენს. ამ მიზნით ორგანიზაცია ვალდებულია:

ა) შეგროვებული ჰონორარი გამოიყენოს მხოლოდ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებისათვის გასანაწილებლად და გადასახდელად. ამასთან, ორგანიზაციას უფლება აქვს ჰონორარიდან გამოქვითოს მის შეგროვებაზე, განაწილებასა და გადახდაზე დახარჯული თანხები და მის მიერ ამ უფლებების მფლობელთა გადაწყვეტილებით შექმნილ სპეციალურ ფონდებში გადარიცხული თანხები;

ბ) გაანაწილოს და გადაიხადოს ჰონორარი ამ მუხლის "ა" ქვეპუნქტში აღნიშნული თანხების გამოქვითვის შემდეგ, ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების პროპორციულად;

გ) ჰონორარის გადახდის დროს წარუდგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს ცნობებს მათი უფლებების გამოყენების შესახებ.

2. საავტორო და მომიჯნავე უფლებათა მფლობელებს, რომლებმაც არ გადასცეს ორგანიზაციას ჰონორარის შეგროვებასთან დაკავშირებული უფლებები, უფლება აქვთ მოსთხოვონ ორგანიზაციას ჰონორარის გადახდა განხორციელებული განაწილების შესაბამისად და მათი ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამორიცხვა იმ ლიცენზიებიდან, რომლებსაც ეს ორგანიზაცია გასცემს მოსარგებლეებზე.

თავი XI

გარდამავალი დებულებანი

მუხლი 67. ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე

1. ეს კანონი ვრცელდება იმ საავტორო და მომიჯნავე უფლებათა ობიექტების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ.

2. იმ ნაწარმოებზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული საავტორო უფლების დაცვის 70-წლიანი ვადა, ვრცელდება ამ კანონის 31-32-ე მუხლებით გათვალისწინებული საავტორო უფლების მოქმედების ვადები.

3. იმ შესრულებაზე, რომელზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მისი პირველი შესრულებიდან, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლების მოქმედების ვადა.

4. იმ ფონოგრამასა და ვიდეოგრამაზე, რომლებზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მათი პირველი მართლზომიერი გამოქვეყნებიდან ან შექმნიდან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა გამოქვეყნებული, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

5. მაუწყებლობის ორგანიზაციათა გადაცემებზე, რომლებზედაც ამ კანონის ამოქმედებამდე არ არის გასული 50 წელი მათი პირველი მართლზომიერი გამოქვეყნებიდან ან შექმნიდან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში ისინი არ ყოფილა გამოქვეყნებული, ვრცელდება ამ კანონის 57-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მომიჯნავე უფლების მოქმედების ვადა.

თავი XII

დასკვნითი დებულებანი

მუხლი 68. ძალადაკარგული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონს.

მუხლი 69. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი        ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი, 1999 წლის 22 ივნისი.

2112–IIს

 

ცვლილებები საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში იხილეთ საქართველოს პარლამენტის გვერდზე

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test