შემოგვიერთდი

03.06.2013 13:03

საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საარჩევნო კოდექსი

ზოგადი ნაწილი

კარი I

თავი I

 ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი არეგულირებს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ქალაქ თბილისის მერის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების, რეფერენდუმისა და პლებისციტის მომზადებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს. 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, რომელიც იმართება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

ბ) პლებისციტი – ფარული კენჭისყრის გზით საერთო-სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად, რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა;

გ) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა;

დ) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე არჩევნები:

დ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;

დ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;

ე) შუალედური არჩევნები – შესაბამის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარებული არჩევნები, რომელიც ტარდება ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობის შესავსებად;

ვ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: 

ვ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობდა ერთი კანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა;

ვ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი, ან არჩევნები არჩა