შემოგვიერთდი

06.02.2013 10:43

2012 წელს მთავრობამ „რუსთავი 2“-ს, „იმედსა“ და „პიკს“ 20 მილიონამდე ლარი ჩამოაწერა

მაია წიკლაური

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ოქტომბერში პრემიერ-მინისტრ, ვანო მერაბიშვილის ბრძანებების საფუძველზე შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს, შპს „ტელეიმედს“ და შპს „ტელეკომპანია პიკს“ სახელმწიფომ ჯამში 20 მილიონამდე ლარის დავალიანება ჩამოაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია Media.Ge-ს ფინანსთა სამინისტრომ 2013 წლის 5 თებერვალს მიაწოდა.

სამინისტროდან მიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ბიუჯეტის მიმართ 2012 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით 5 მილიონ 243 ათასი ლარის დავალიანება ერიცხებოდა. თუმცა 2012 წლის 20 აგვისტოს (ბრძანება - №1199) და 2012 წლის 12 ოქტომბრის (ბრძანება - №1445) საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ბრძანებების საფუძველზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება და „რუსთავი 2“-ის დავალიანება 400 ათას ლარამდე შემცირდა.

2012 წლის 20 აგვისტოს (ბრძანება - №1200) და 2012 წლის 12 ოქტომბრის (ბრძანება - №1447) პრემირ-მინისტრის ბრძანებების თანახმად საგადასახადო შეთანხმება გაფორმდა „ტელეიმედთანაც“. „ტელეიმედის“ 13 მილიონ 862 ათას ლარიანი დავალიანება, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ტელეკომპანიას 2012 წლის 7 აგვისტოს ერიცხებოდა, შემცირდა და 300 ათასი ლარით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ვალების ჩამოწერიდან 4 დღეში „ტელეიმედი“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა. მათ „იმედის“ 4 მფლობელს სიმბოლურად თითო-თითო ლარი გადაუხადეს.

პრემიერ-მინისტრის 2012 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებით კი 5 ათას ლარამდე შემცირდა შპს „ტელეკომპანია პიკ“-ის 1 მილიონ 501 ათას ლარიანი დავალიანება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე რუსულენოვანი არხის მმართველ კომპანიას 2012 წლის 15 ოქტომბერს ერიცხებოდა სახელმწიფოს წინაშე. იმავე თვეში დაიხურა საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი ტელეკომპანია და რადიო „პიკი“ და 400-მდე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შპს "პიკს" კი 29 ოქტომბერს მფლობელი შეეცვალა. კომპანიის 60 პროცენტი ოთხი დღით ადრე შექმნილ შპს „შვიესას“ გადაეცა.  „შვიესას“ დამფუძნებელი და დირექტორი ლიტველი დარიუს იურგელავიჩუსია (Darius Jurgelevicius). ის ლიტვის მოქალაქეა. ლიტვური მედიის (Irytas.lt) ცნობით, იურგელავიჩუსი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მრჩეველი იყო. იურგელავიჩუსს მერაბიშვილმა არჩევნების შემდეგ "ლიბერალის" ცნობით პრემია ჩაურიცხა. 

2010 წლის ფინანსური ამნისტია

სამინისტრომ Media.Ge-ს მიაწოდა იმ ტელეკომპანიების სიაც, რომლებსაც 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებები შეუწყდათ. დავალიანებები მაშინ ტელეკომპანიებს საქართველოს 2004 წლის 22 დეკემბრის საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის 211 ნაწილის შესაბამისად ჩამოეწერათ. ფინანსური ამნისტიის ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა. მან 2010 წლის 1 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ აპირებდა ყველა ქართული რეგიონული ტელევიზიისთვის საგადასახადო ამნისტია გამოეცხადებინა. თუმცა საბოლოოდ 2010 წლის საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც ამნისტია როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ მაუწყებლებს შეეხო. ამნისტირებული, დაახლოებით 36 მილიონი ლარიდან (21 მილიონი აშშ დოლარი) 2 რეგიონული ტელევიზიის წილი მხოლოდ 2 მილიონამდე ლარი აღმოჩნდა.

მაშინ საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფომ დაახლოებით 12 მილიონ 311 ათას 959 ლარი ჩამოაწერა, შპს „ტელეიმედს“ - 1 მილიონ 553 ათას 161 ლარი, „რუსთავი 2“-ს - 20 მილიონ 140 ათას 581 ლარი, ტელეკომპანია „მზეს“ – 593 ათას 193 ლარი, ბათუმის „ტელეარხ 25“-ს - 643 ათას 687 ლარი, გორში ტელეკომპანია „თრიალეთს“ კი - 47 ათას 847 ლარი.

ჯამში წინა მთავრობამ მმართველობის განმავლობაში ტელეკომპანიებს დაახლოებით 55 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოაწერა, მათ შორის „რუსთავი 2“-ს სულ - 24 მილიონ 983 ათას 688 ლარი, „ტელეიმედს“ კი სულ - 15 მილიონ 119 ათას 083 ლარი,

 

იხილეთ ფინანსთა სამინისტროს 5 თებერვლის პასუხი Media.ge-ს ტელეკომპანიების მიმართ დავალიანებების ჩამოწერის თაობაზე ასევე დანართი 2010 წლის 1 მარტის მდგომარეობით წარმოშობილი საგადასახადო დავალიანებების შეწყვეტის შესახებ. 


ამავე თემაზე:

ტელეკომპანიების საბიუჯეტო დავალიანებები 2013 წლის დასაწყისში

ფინანსთა სამინისტრო ”რუსთავი 2”-ის და ”ტელეიმედის” საგადასახადო ამნისტიებით დაინტერესდა

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test