შემოგვიერთდი

28.01.2013 11:46

GNCC-ის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი 3 თვიან შვებულებაშია

მაია წიკლაური

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი უკვე ორი თვეა შვებულებაშია და სამსახურში 15 თებერვალს დაბრუნდება. მის მოვალეობას ამ ხნის განმავლობაში კომისიის წევრი კარლო კვიტაიშვილი ასრულებს.

როგორც Media.Ge-ს კომისიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, ირაკლი ჩიქოვანმა 2012 წლის 6 ნოემბრის ბრძანებით, კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით ისარგებლა, რამაც ჯამში 24 სამუშაო დღე შეადგინა. აქედან 12 დღე 2011 წლის კუთვნილი შვებულებიდან ჰქონდა დარჩენილი.

2012 წელს ირაკლი ჩიქოვანი 12 დღით გავიდა შვებულებაში, თუმცა წინა წელს დარჩენილი დღეები არ გამოუყენებია და დასასვენებლად 2012 წლის კუთვნილი შვებულების დღეები გამოიყენა. დარჩენილი 12 დღე დაემატა 2011 წელს დარჩენილ დღეებს და ჯამში 24 დღე შეადგინა.

მიმდინარე წლის ათ იანვარს ირაკლი ჩიქოვანმა შვებულების გაგრძელება ითხოვა და 2013 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება სრულად გამოიყენა.  ის 12 იანვრიდან 24 დღით კვლავ გავიდა შვებულებაში, რომელიც 14 თებერვალს იწურება.

ირაკლი ჩიქოვანი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის პოსტზე 2009 წელს 6 წლის ვადით აირჩიეს. მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება დაახლოებით18 ათასი ლარია.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test