შემოგვიერთდი

26.12.2012 16:53

საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ კონკურსის გამოცხადებას აზრი არ ჰქონდა - თინათინ რუხაძე

მაია წიკლაური

საზოგადოებრივი მაუწყებლის (GPB) გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი გახდა, მას სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრა 26 დეკემბერს გაიმართა. ნათია აბრამიამ სამი ხმა მიიღო, მეგი თავდუმაძემ კი ორი. საბჭოს 13 წევრიდან ნიკოლოზ მახარაშვილსა და თინათინ რუხაძეს არცერთმა არ დაუჭირა მხარი.

Media.Ge გამარჯვებულს და ოთხივე კანდიდატს დაუკავშირდა. გთავაზობთ მათ კომენტარებს:

გიორგი ბარათაშვილი- „დიდ მადლობას მოვახსენებ საბჭოს წევრებს. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ეიფორიაში ვარ. ჩემი პრიორიტეტი იქნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხალხისთვის დაბრუნება და ჭეშმარიტი საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა. ეს არის უმთავრესი“.


ნათია აბრამია - „მე არ მინდა შევაფასო ბორდის გადაწყვეტილება, რადგან ძალიან სუბიექტური ვიქნები. მხოლოდ ჩემ თავზე შემიძლია ვილაპარაკო. ყოველთვის ვიქნები ქართული მედიის გულშემატკივარი და პირველ რიგში - საზოგადოებრივი მაუწყებლის. სანამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ იქნება მოწოდების სიმაღლეზე, ვერ დალაგდება ვერცერთი სხვა მედიასაშუალება და სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბალანსებული, მიუკერძოებელი, ობიექტური ჟურნალისტიკა იქნება მნიშვნელოვანი ამ ქვეყნისთვის. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამაში ჩემი წვლილი შევიტანო. ამჯერად ვერ შევძელი, მაგრამ ჩემი დიდი სურვილი იყო მონაწილეობა მიმეღო პროცესებში, თუ შესაძლებლობა მექნება ყოველთვის ამ სურვილის რეალიზებას შევეცდები.

ძალიან ბევრი იქნება კრიტიკა ბორდის მიმართ, კანდიდატის მიმართ. არ მინდა ამას ჩემი ხმა დავამატო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შემიძლია ის გავაკეთო. ჩემი კრიტიკა პროცესებს ვერ დაეხმარება. სურვილი მქონდა მიმეღო მონაწილეობა, გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება, თუ კიდევ იქნება შანსი, ვიბრძოლებ, რომ ჩემი ცოდნა გამოვიყენო იქ სადაც საჭირო იქნება. ამჯერად ეს საქართველოში უფრო საჭიროა ვიდრე BBC-ზე“.

მეგი თავდუმაძე - „საბჭოს ორმა წევრმა დამიჭრა მხარი და ძალიან სასიამოვნოა ეს ჩემთვის. ამ შემთხვევაში ბატონ გიორგის მისალოცად აქვს საქმე“.


ნიკოლოზ მახარაშვილი - „გაკვირვებული ვარ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით. საერთოდ, როდესაც სიახლე სჭირდებათ არხზე და ახალ ხელმძღვანელს  არჩევენ, ეძებენ ახალ კადრს და არა ძველს. ვფიქრობ, მე და დანარჩენი კანდიდატები უფრო მეტად მოვუტანდით საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალ ენერგიას. ბარათაშვილის დანიშვნა კი არა მგონია კარგი ნაბიჯი იყოს, თუნდაც არხის პრომოუშენისათვის.


თინათინ რუხაძე - „ელოდებოდით რომ ხმას მე მივიღებდი?! საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა, რომ კონკურსის გამოცხადებას აზრი არ ჰქონდა. მეორე ტურში გადამიყვანეს სატელევიზიო გამოცდილების გამო - ბორდმა სცადა დირექტორის ობიექტურად არჩევა გაეთამაშებინა. სხვა კანდიდატებს არ განვიხილავ საერთოდ - ისინი არიან კანდიდატები, რომლებიც ლოიალურები იყვნენ საბჭოს მიმართ, ყველა შევიდა და თქვა, რომ მათი დამტკიცებული სტრატეგიის აღსრულებისთვის მიდოდნენ იქ. აბრამიას ვუთხრი, რომ  მისი კვალიფიკაციის მქონე ჟურნალისტი არ უნდა ყოფილიყო ლოიალური საბჭოს მიმართ. მისი გამარჯვება იქნებოდა შანსი, ტელევიზიის გადასარჩენად. იმავეს ვიტოყოდი დანარჩენ ორ კანდიდატზე - მეგიზე და ნიკაზე, რომელთაც არ აქვთ გამოცდილება ტელევიზიაში მუშაობის“.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test