შემოგვიერთდი

27.11.2012 18:12

ფინანსთა სამინისტრო ”რუსთავი 2”-ის და ”ტელეიმედის” საგადასახადო ამნისტიებით დაინტერესდა

მაია წიკლაური

ფინანსთა სამინისტრო აპირებს პროკურატურას გადაუგზავნოს  მასალები მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების იმ გადაწყვეტილებების შესასწავლად, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანიებს ”რუსთავი-2-ს” და ”იმედს” საგადასახადო დავალიანება ეპატია. 

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 26 ნოემბერს ტელეჟურნალისტებს  განუცხადა, რომ მხოლოდ ”რუსთავი 2”-ს  ბოლო ორი  წლის განმავლობაში,  დაახლოებით, 25 მილიონი ლარის (18 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის  საგადასახადო დავალიანება ჩამოაწერეს, მაშინ როცა ტელეკომპანია ”კავკასიას” 2,5 ლარი (1,5 აშშ დოლარი) არ აპატიეს და მის ანგარიშს ყადაღა დაადეს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს 20 ნოემბრის ოქმი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მე-7 პუნქტში წერია: დაევალოს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს კახა ცერცვაძეს და სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს აპოლონ კაკაბაძეს დაიწყონ სატელევიზიო კომპანიების, რუსთავი 2-ის და იმედის საშემოსავლო გადასახადის დავალიანების საკითხის დეტალური შესწავლა.

ხადურმა განმარტა, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აპირებს ”რუსთავი 2”-ში შესვლას, რადგან მასალები უკვე შესწავლილია.

 ”ღონისძიებები გატარდება იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ეს გადაწყვეტილება [გადასახადების ჩამოწერა] მიიღო”.  - მინისტრმა ხადურმა დააკონკრეტა, რომ ხსენებულ ტელეკომპანიებს, ასევე ტელეარხ ”რეალ ტვ”-ის (ამჟამად TV3) და საზოგადოებრივ მაუწყებელს საგადასახადო ვალები  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა და ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ალექსანდრე ხეთაგურმა აპატიეს.

”საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არ იხდიდა ”რუსთავი 2” გადასახადებს”, დასძინა მინისტრმა”, ”ფინანსთა მინისტრს ვკითხავთ,  რატომ ჩამოაჭრა ”რუსთავი 2“-ს გადასახადი  და რის საფუძველზე დააჯარიმა კავკასია”.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, რომელიც ტელეკომპანიებმა გააშუქეს, ნოდარ ხადურმა საყვედურით მიმართა ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტს: ბიუჯეტში გადასარიცხი  თანხა  უნდა მოხმარებოდა, პოლიციას თავდაცვას, სოციალურად დაუცველებს, თქვენმა ტელეკომპანიამ არასწორად დახარჯა, არ გადარიცხა,  ეს მერაბიშვილმა წაახალისა.

ბოლო წლებში ტელეკომპანიებს დავალიანება ორჯერ ჩამოეჭრათ. პირველად რეგიონული და ეროვნული მაუწყებლების ფინანსური ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა 2010 წელს მიიღო. მაშინ მაუწყებლებს 36 მილიონი ლარის (21 მილიონი აშშ დოლარი) დავალიანება ჩამოაწერეს, საიდანაც რეგიონული ტელეკომპანიების დავალიანებამ ჯამში 2 მილიონ ლარამდე (1,2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, დანარჩენი თანხა კი „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ საგადასახადო ვალდებულება იყო.  ტელეკომპანია „მაესტროსა“ და „კავკასიაზე“ საგადასახადო ამნისტია არ გავრცელდა, რადგან სახელმწიფოს მიმართ მათ დავალიანება არ ჰქონდათ.

ამნისტიის მოწინააღმდეგეები მაშინ აცხადებდნენ, რომ მთავრობა ტელეკომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებდა, რადგან თვალს ხუჭავდა მისდამი ლოიალურად განწყობილი ტელეკომპანიების გადაუხდელ დავალიანებებზე.

უკანასკნელად ტელეკომპანიებს საგადასახადო დავალიანება 2012 წელს ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის 15 ოქტომბრის განცხადების საფუძველზე შეუმცირდათ. თუმცა, ინფორმაცია თანხის ოდენობის შესახებ არ გავრცელებულა. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე 2012 წლის 18 ივლისის მონაცემებით ტელეკომპანიებს შემდეგი დავალიანება ჰქონდათ: “იმედს” – 14 მილიონი ლარი, “რუსთავი 2”-ს - 5 მილიონ 500 ათასი ლარი, საზოგადოებრივ მაუწყებელს - 3 მილიონი ლარი, “თრიალეთსა” და “საქართველოს” კი ჯამში 10 ათასი ლარი. დავალიანების შესახებ ინფორმაცია 18 ივლისის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა გაურკვეველი მიზეზის გამო წაშალა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test