შემოგვიერთდი

06.11.2012 08:35

„მაესტრო“ ირაკლი ჩიქოვანის მაკომპრომეტირებელ ჩანაწერს ავრცელებს

ნატა ძველიშვილი

ტელეკომპანია „მაესტრო“ გადაცემაში „შალვა რამიშვილის დილა“  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანის მაკომპრომეტირებელი აუდიოჩნაწერი 6 ნოემბერს გავრცელდა. საუბარი კომისიის რეგულირების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა გიორგი რატიშვილმა მიმდინარე წლის მაისში ჩაიწერა. მისი მტკიცებით, ჩანაწერში ირაკლი ჩიქოვანი „კავკასუს ონალინს“ კანონდარღვევაში აფარებს ხელს.

ხმა, რომელიც რატიშვილის მტკიცებით, ირაკლი ჩიქოვანს ეკუთვნის, „კავკაზუს ონლაინის“ წარმომადგენლებს ეუბნება:

„ვერანაირად ვერ გიშველით, 10 თვე 11 თვე ხელს გაფარებდით ვსიო. მოგვადგება [მაგთი] მოითხოვს არხების გათიშვას და დასანქცირებას. რამე ოფშორი არ გაქვთ? რომ იქიდან მაინც რამე... არ ვიცი, რა გავაკეთო „სილქნეტი“ გავაჩერე, არ იცის გგონია,  ლევი რომ გაქვთ, „მაგთის“ ვერ გავაჩერებ შანსი არ არის“ (სტილი დაცულია)

აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ „კავკაზუს ონლაინს“ მთელ რიგ არხებთან არ აქვს გაფორმებული ხელშეკრულება, რაც მათი ტრანსლირების უფლებას აძლევს.  ამ საკითხით დაინტერესდა „მაგთი“. ჩიქოვანი შიშობს, რომ საქმეში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოც ჩაერთვება.

„მან ზუსტად იცის, რომ არ გაქვთ ხელშეკრულებები. თქვენს თავს უშველეთ, ჩათვალეთ, რომ მე ვეღარაფერს ვშვები. ამ შემთხვევაში მე თქვენი დამხმარე არ ვარ. ერთადერთი თუ რაღაცას იზამთ, ძველი რიცხვით ჩავდებთ, მაგაზე უარს არ გეტყვით. ჩვენ მაქსიმალურად ვჭიმავთ ინფორმაციის მიწოდებას, ისიც კანონით დადგენილ ვადებს ვერ დავარღვევთ იმიტომ, რომ ახლა ომი გვაქვს“, - ამბობს ხმა, რომელიც რატიშვილის მტკიცებით ირაკლი ჩიქოვანს ეკუთვნის.

თავად გიორგი რატიშვილი ამბობს, რომ  კომისიაში მისი მუშაობის პერიოდში „კავკასუს ონლაინის“ შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ისინი არხების არამართლზომიერ ტრანზიტს ახდენდნენ, თუმცა შემოწმების აქტებს მსვლელობა არ მისცემია.

„ეს ხდებოდა არამხოლოდ „კავკაზუსის“ შემთხვევაში არამედ სხვა შემთხვევაშიც, GMG (კაბელური მაუწყებელი) იყო ჩიქოვანის ფავორიტი. „მაგთის“ სახით როგორც შეექმნა პრობლემა, ჩიქოვანმა ხელები დაიბანა. GMG-ის შემთხვევაში ასე არ მოხდებოდა,  უფრო მეტად იბრძლოლებდა,“ - აღნიშნავს გიორგი რატიშვილი და ამბობს, რომ GMG-ის მიერ კომისიაში წარდგენილი ხელშეკრულებები მას არ აწვდიდნენ მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოწმება სწორდ რატიშვილს ევალებოდა.  

გიორგი რატიშვილმა კომისია არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო კადრების გავრცელების შემდეგ დატოვა და „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესმდივანი ხატია ყურაშვილი media.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კომისია ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას დღის მეორე ნახევარში გააკეთებს. კომენტარს არც „კავკაზუს ონლაინის“ წარმომადგენლები აკეთებენ. 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test