24.10.2012 10:20
ტელეკომპანია „ერთსულოვნებას“ ფინანსური კრიზისი აქვს
მაია წიკლაური
23 ოქტომბერს „ლიბერალმა“ საპატრიარქოს ტელევიზიის - „ერთსულოვნების“ თანამშრომელზე დაყრდნობით ტელევიზიის თანამშრომლების 2 თვიან უხელფასო შვებულებაში გაშვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. Media.Ge-სთან საუბრისას ეს ინფორმაცია არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, თამარ არჩუაძემ უარყო. მან განაცხადა, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად თანამშრომლები არ გაუთავისუფლებიათ.
„წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეგვექმნა ფინანსური კრიზისი, მაგრამ ამას ტელევიზიის მუშაობაში ხელი არ შეუშლია. ახლაც არხის ბიუჯეტი პრაქტიკულად ამოწურულია. ასეთი კრიზისი ხშირად გვქონია, იმიტომ რომ მინიმალური დაფინანსება გვაქვს, მაგრამ უხელფასო შვებულებაში მაშინაც არავინ გაგვიშვია“, - ამბობს არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. არჩუაძის თქმით, ამ ეტაპზე „ერთსულოვნება“ ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ჟურნალისტები აკეთებენ გადაცემებს. მისი თქმით, არხის კრიზისის მიუხედავად „ერთუსლოვნების“ ყველა თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებს, რადგან ხელმძღვანელობა ბიუჯეტზე მუშაობს.
არხიდან უხელფასო შვებულებაში გაშვებას უარყოფს გადაცემა „გუთნის დედის“ თანამშრომელი, ნონა გედენიძე. „უხელფასო შვებულებაზე არაფერი ვიცი. ახლა გადაღებაზე ვარ და ვამზადებთ გადაცემას, ხელფასსაც ჩვეულებრივად ავიღებ“, - ამბობს გედენიძე.
საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია - "ერთსულოვნება" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 2008 წლის ნოემბერში დაარსდა და ტელეკომპანია "ევრიკას" სიხშირეზე მაუწყებლობს. თამარ არჩუაძის თქმით, ტელეკომპანიას დაარსების დღიდან სახელმწიფო და საპატრიარქო აფინანსებდა.