შემოგვიერთდი

22.10.2012 14:15

ПИК-ის ჟურნალისტები პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ

David Mchedlidze

რუსულენოვანი ტელეკომპანია   ПИК-ის (პირველი საინფორმაციო კავკასიური) ჟურნალისტები  გამართავენ აქციას 25 ოქტომბერს პარლამენტის შენობის წინ,  ქუთაისში.

ПИК-ს მუშაობა 20 ოქტომბერს, მას შემდეგ შეწყდა, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი კუთვნილი მესამე  არხის მმართველ კომპანიასთან  შპს „ალანიასთან“ ყველა მოქმედი ხელშეკრულება შეაჩერა.  ამასთან, გაუქმდა ხელშეკრულება „ტელეკომპანია ПИК“-თან,  რომელიც ტელეარხის კონტენტის შექმნაზე მუშაობდა.

„ტელეკომპანია ПИК-ი  ფაქტიურად დაიხურა და ის აღარ არსებობს“, თქვა  ეკატერინე კოტრიკაძემ,  საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, - „400-მდე თანამშრომელი უმუშევარი დარჩა.“

კოტრიკაძის განცხადებით, 25 ოქტომბერს, აქციაზე,  ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებლის აუდიტორულ შემოწმებას მოითხოვენ.

„შესაბამისი მიმართვა გაეგზავნება  პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და პარლამენტის წევრებს“, - თქვა კოტრიკაძემ.

მისივე განმარტებით, მართალია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხი მართვაში გადაცემული ჰქონდა შპს „ალანიას“, მაგრამ იმავე მაუწყებელის დაკვეთით, კონტენტის შექმნას უზრუნვეყოფდა „ტელეკომპანია ПИК“-ი.

საზოგადოებრივ მაუწყებელსა და შპს „ალანიას“  შორის  ერთწლიანი ხელშეკრულება 2012 წლის 13 იანვარს გაფორმდა.  რუსულენოვანი არხის მუშაობისთვის  საზოგადოებრივი მაუწყებლის წლევანდელი ბიუჯეტიდან  დაახლოებით  14 მილიონი ლარი (8,3 მილიონი აშშ დოლარი) იყო გათვალისწინებული.

ეკატერინე კოტრიკაძის განცხადებით, კონტრაქტში ასახული  დაფინანსებით ს ПИК“-ის მუშაობა 2012 წლის ბოლომდე უნდა ყოფილიყო უზრუნველეყოფილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი  ჭანტურიამ 20 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ”განუხრელად ასრულებდა და ასრულებს თავის ყველა (მათ შორის ფინანსურ) ვალდებულებას კონტრაქტორი კომპანიის მიმართ.

ამასთან, ჭანტურიამ დასძინა, რომ ხელშეკრულების შეჩერების მიზეზი გახდა  შპს „ტელეკომპანია პიკის“ მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევა.

”მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ტელეკომპანია "პიკის" თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა, თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში გამოხატა პროტესტი ვითომცდა ხელფასების დაგვიანების მიზეზით.  ამ გაუგებარ დემარშს დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე ("გლობქასტი”-რედ), რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა. შედეგად, საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა წარმოექმნას გაუთვალისწინებელი ხარჯები”, თქვა  ჭანტურიამ ტელეეთერში. 

ПИК-ის ჟურნალისტებმა ხელშეკრულების გაუქმებიდან მეორე დღეს, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ღიად  მიმართეს და მისგან რეაგირება მოითხოვეს. ჟურნალისტებმა   გიორგი ჭანტურიას გადაწყვეტილება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასეს.

ПИК-ის დახურვის მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხზე კვლავ გადის რუსულენოვანი გადაცემები ПИК-ის ლოგოთი.
„ეს არის ძველი გადაცემები, რომელსაც ეთერში იმეორებენ. მაუწყებლობა  ჩვენგან დამოუკიდებლად  გრძელდება“, თქვა ეკატერინე კოტრიკაძემ.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test