შემოგვიერთდი

16.10.2012 16:14

ტელეკომპანია “იმედი” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა

თაკო ფარადაშვილი

ტელეკომპანია “იმედი” ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა დაიბრუნა, ამის შესახებ შეთანხმება დღეს, 16 ოქტომბერს შედგა - ამ განცხადებას  ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

“იმედის” ცნობით, ძველ და ახალ მფლობელებს შორის შეთანხმების საფუძველზე ტელეკომპანია მის პირველ მეპატრონეს დაუბრუნდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმაც გაავრცელა. ისინი მოხარულები არიან იმით, რომ მიაღწიეს შეთანხმებას ტელეკომპანიის დღევანდელ მფლობელებთან, ტელეკომპანიის ოჯახის გადაცემასთან დაკავშირებით. "იმედის გადმოცემის პროცესი დღეს დაიწყო და ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ტელეკომპანია იყოს მაღალპროფესიული და ობიექტური არხი", - აღნიშნულია პატარკაციშვილის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 სამეწარმეო რეესტრის მონაცემებში ცვლილებები ჯერ არ არსახულა და "ტელეიმედის" 100%-იანი წილის მფლობელი კვლავ კომპანია ”ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპია".

ამ კომპანიის 45%-იანი წილი ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, გიორგი არველაძეს ეკუთვნის.  30 % -  გიორგი კორახაშვილს,   15 % კი - გიორგი მიქელაძეს.

"ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" 10% კი ფლობს აშშ-ს მოქალაქე ჯოზეფ ქეი, ”ტელეიმედის” აწგარდაცვლილი დამფუძნებლის,  ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი. მან ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ (პატარკაციშვილი  2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა ლონდონში, საკუთარ ვილაში),  მისი აქტივების, მათ შორის „ტელეიმედის“ მართვა ხელში აიღო  იმ დოკუმენტების საფუძველზე, რომლის კანონიერება პატარკაციშვილის ოჯახმა ეჭვქვეშ დააყენა, განაცხადა რა,  რომ დოკუმენტები გაყალბებულია.

ქეის წინააღმდეგ ქართულ მართლმსაჯულებაში დავა პატარკაციშვილის ოჯახმა წააგო. მათ განაცხადეს, რომ ქეი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს,  რადგან მისი დახმარებით ტელეკომპანის ხელში ჩაგდება სურს. დავა მოგვიანებით ნიუ-იორკის, გიბრალტარის და ლონდონის სასამართლოებში გაგრძელდა. დაახლოებით ერთი წლის წინ   პატარკაციშვილის ოჯახმა განაცხადა, რომ დავა  მორიგებით დასრულდა. ბიზნესმენის ოჯახმა უარი თქვა „ტელეიმედზე“,  სანაცვლოდ დაიბრუნა საქართველოში არსებული სხვა აქტივები, მათ შორის რუსთავის მეტალურგიული ქარხანა და მთაწმინდის პარკი.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test