შემოგვიერთდი

12.10.2012 13:54

„ტაბულას“ მფლობელს ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო ლიცენზია გადაეცა

მაია წიკლაური

12 ოქტომბერს „სამოქალაქო განათლების ფონდს“, რომელიც ჟურნალ „ტაბულას“ ფლობს“ ტელეკომპანია „საქართველოს“ სამაუწყებლო  ლიცენზია (კერძო საერთო მაუწყებლობის №B21, №B91 და №B99 ლიცენზიები) გადაეცა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ლიცენზიის გადაცემაზე 3 ხმით ერთის წინააღმდეგ განაცხადა თანხმობა. „სამოქალაქო განათლების ფონდის“ დირექტორი უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას მეუღლე და ჟურნალ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილია.

კომისიის გადაწყვეტილების პასუხად ინფორმაცია გაავრცელა ჟურნალმა „ტაბულამაც“. „ტაბულას“ ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ „ჟურნალი საქმიანობას აფართოებს და მალე საზოგადოებას ტელევიზიის მეშვეობითაც მიაწვდის აქტუალურ ინფორმაციას და ანალიზს“. სამაუწყებლო ლიცენზიის გადაცემაზე  ჟურნალის დამფუძნებელმა „სამოქალაქო განათლების ფონდმა“ და ტელეკომპანია „საქართველომ“ მოილაპარაკეს და კომუნიკაციების კომისიისგან თანხმობაც მიიღეს. სამომავლო სამაუწყებლო საქმიანობაზე თამარ ჩერგოლეიშვილი ჯერ არ საუბრობს. მან Media.ge-ს განუცხადა, რომ საქართველოში არ იმყოფება და გეგმებზე ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

კომუნიკაციების კომისიის სხდომის მიმდინარობისას მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ივანე მახარაძემ განაცხადა, რომ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, არ წარმოადგენს იმ პირებს, რომლებსაც შეიძლება ეკრძალებოდეთ, მაუწყებლობის ლიცენზიის ფლობა. მახარაძემ აღნიშნა, რომ თუ ტელეკომპანია „საქართველო“ ლიცენზიას გადასცემს ფონდს, არ დაირღვევა მაუწყებლობის შესახებ კანონის მე-60 მუხლი, რომლის მიხედვითაც იკრძალება მაუწყებლობის კონცენტრაცია.

კომისიის ერთადერთი წევრი, ვინც „სამოქალაქო განათლების ფონდისათვის“ ლიცენზიის გადაცემას მხარი არ დაუჭირა, აკაკი სიხარულიძე იყო. მისი თქმით, ცხადი არ იყო, ეწინააღმდეგებიან თუ არა ფონდის წვერები 37-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ლიცენზიის ფლობა, ადმინისტარაციული ორგანოს წარმომადგენელს, ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ პირს ეკრძალება.

„ჩვენ ვიცით, რომ ფონდის დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას მეუღლეა. ანუ, სულ ცოტა ბუნდოვანია, რამდენად შესაბამისობაში იქნება კანონთან მისთვის ლიცენზიის გადაცემა. გარდა ამისა, ტელეკომპანია საქართველო ფლობდა საერთო ლიცენზიას, რაც ნიშნავს იმას, რომ მას მინიმუმ საინფორმაციო გამოშვება უნდა ჰქონოდა, რასაც ის არ ასრულებდა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჯერ საქართველომ უნდა მოიყვანოს თავისი პოროგრამები ლიცენზიასთან შესბააბმისობაში და შემდეგ მივცეთ თანხმობა ლიცენზიის გადაცემაზე“, - განაცხადა აკაკი სიხარულიძემ.

კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, ნინო ნიჟარაძემ, მას განუმარტა, რომ მეუღლე, ან ოჯახის წევრი ურთიერთდამოკიდებულ პირად არ ითვლება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ფონდი არ დააკმაყოფილებს ლიცენზიის პირობებს, შეგვიძლია მას სანქცია დავაკისროთ. „ასრულებდა, თუ არა ტელეკომპანია „საქართველო“ სალიცენზიო პირობებს ეს ცალკე განხილვის საგანია.

ტელეკომპანია „საქართველოს“ მხრიდან სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობაზე ისაუბრა სხდომაზე მყოფმა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ადვოკატმა სერგო ჯორბენაძემაც. მისი თქმით, ტელეკომპანია „საქართველოს“ კუთვნილი ლიცენზიის ფონდისთვის გადაცემა არასამართლიანია. ვინაიდან, „საქართველო“ არ ასრულებდა სალიცენზიო პირობებს და მაინც ჰქონდა სამაუწყებლო ლიცენზია, „მეცხრე არხს“ კი რომელიც კონკურსის გამოცხადებას 6 თვეა ითხოვს, და მის კუთვნიულ სალიცენზიო პირობებს ასრულებს, კომისია სიხშირეს არ აძლევს.

ნინო ნიჟარაძემ მას განუმარტა, რომ ფონდისთვის ლიცენზიის გადაცემაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, კონკურსის გამოცხადება სხვა საკითხია, და ის თუ, რა მოტივით გადასცემს ერთი კერძო კომპანია, მეორე კომპანაის სიხშირეს, ეს კომისიის კომპეტენციის სფერო არ არის.

სერგო ჯორბენაძის განცხადებით, „მეცხრე არხი“ კომისიის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. კანონის თანახმად, გასაჩივრების უფლება მას ერთი თვის ვადაში აქვს.

 

ამავე თემაზე:

ტელეკომპანია „საქართველო“ სამაუწყებლო ლიცენზიას „სამოქალაქო განათლების ფონდს“ გადასცემს 

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test