შემოგვიერთდი

05.10.2012 15:10

„რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელები იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას ტელეკომპანიის დასაბრუნებლად

David Mchedlidze

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე იწყებენ სამართლებრივ ბრძოლას „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის სასამართლოს გზით დაბრუნებისთვის.

მიმართვაში, რომელიც დამფუძნებლებმა Media.Ge-ს  5 ოქტომბერს  მიაწოდეს და რომლის ადრესატები არიან რუსთავი 2-ის თანამშრომლები,  სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზციები და  დიპლომატიურ კორპუსი, აღნიშნულია, რომ „ჩვენი მხრიდან დაწყებული გვაქვს უკომპრომისო სამართლებლივი ბრძოლა კანონიერი უფლებების აღსადგენად.“

„ ჩვენი ამოცანაა განხორციელდეს ჯერ კიდევ 2004 წელს დასახული ტრანსფორმაცია -  რუსთავი 2 გადაიქცეს სივრცედ, სადაც კამათი, მსჯელობა, ახალი იდეები ხელს შეუწყობს სამოქალაქო დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერებას“, აღნიშნულია დამფუძნებელთა მიმართვაში.

ჯარჯი აქიმიძემ  Media.Ge-სთან საუბარში დაზუსტა, რომ უკვე ამზადებენ სარჩელს სასამართლოში წარსადგენად.

ამასთან, მიმართვის თანახმად, ტელეკომპანის ყოფილი მფლობელები, აცნობიერებენ რა თავიანთ „წილ პასუხისმგებლობას“ და  აღიარებენ „დაშვებულ შეცდომებს“, მათ შორის იმას, რომ ჯერ კიდევ 2004 წელს საჯარო არ გახადეს „უმაღლესი სახელისუფლო ჯგუფების მხრიდან“ მათზე  „განხორციელებული ზეწოლა“, რამაც ისინი აიძულა დაეთმოთ რუსთავი 2,  ვერაფრით წარმოვიდგენდნენ, რომ „დემოკრატიის დროშით მოსული ხელისუფლების ხელში მედია ძალმომრეობისა და პროპაგანდის იარაღად იქცეოდა.“

ავტორები მიმართავენ  რუსთავი 2-ის თანამშრომლებს: „ნაციონალური სახელისუფლებო ვერტიკალი ზუსტად 5 დღეში ჩამოიშალა. ნანგრევებში მოყოლის შანსი, განსაკუთრებით, ახალი მოულოდნელი მეპატრონის გამოჩენის პირობებში, ვფიქრობთ, თქვენთვისაც ნათელია. დადგა დრო გადადგათ დამოუკიდებელი და ღირსეული ნაბიჯი, გადაარჩინოთ რუსთავი 2 და აღუდგინოთ შელახული რეპუტაცია.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები ასევე მიმართავენ, სამოქალაქო სექტორს და არასამთავრობო ორგანიზაციებს, „თითოეულ ადამიანს, რომელმაც შეუფასებელი მონაწილეობა მიიღო მოძალადე რეჟიმის დემონტაჟის საქმეში. ორგანიზაციებს, რომლებიც მოწოდებულნი  არიან,  იდგნენ დემოკრატიული ფასეულობების სადარაჯოზე: „ გთხოვთ დაეხმაროთ ერთ დროს დამოუკიდებელ, თავისუფალ მედიასივრცეს, სახელწოდებით “რუსთავი 2” - თავიდან აიცილოს მოსალოდნელი კოლაფსი და კვლავ დადგეს დემოკრატიული პროცესების განვითარების სადარაჯოზე.“

„მივმართავთ აგრეთვე დიპლომატიურ კორპუსს. რუსთავი 2-ის ისტორიის ყველა კრიტიკულ მომენტში გვქონდა თქვენი განსაკუთრებული მხარდაჭერა. ვიმედოვნებთ, არც ამჟამად დარჩება ტელევიზიის გარშემო განვითარებული მოვლენები თქვენი ყურადღების მიღმა. განვითარებული მოვლენების ფონზე, ვფიქრობთ თითოეული ჩვენგანის ვალია შევინარჩუნოთ ერთ დროს თავისუფალი ტელევიზია, რათა ქვეყნის განვითარების ეს მნიშვნელოვანი ეტაპი მედიის ნგრევით და გაქრობით არ დაიწყოს“. წერია მიმართვაში.

კონკურსები

არქივი

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test