შემოგვიერთდი

05.10.2012 13:50

„მაესტროსა“ და „გლობალ TV“-ს ანტენებს ყადაღა მოეხსნა

მაია წიკლაური

ტელეკომპანია „მაესტროსა“ და საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ის სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნა. „გლობალ TV“-ის მარკეტინგის მენეჯერის, ზურაბ ბაზლიძის თქმით, ყადაღა მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მოიხსნა, თუმცა გადაწყვეტილება კომპანიებს 5 ოქტომბერს ჩაბარდა.

კომპანიებისთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ 2012 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ და განაცხადა - „დღეისათვის დადგენილია, რომ ხსენებულ ქონებაზე ყადაღის საჭიროება არ არის, ამიტომ მიზანშეწონილია ყადაღა მოიხსნას“.

ზურაბ ბაზლიძის თქმით, ჯამში 100 ათასი ცალი ანტენა იყო დაყადაღებული და ამ ხნის განმავლობაში „გლობალ TV“-იმ დაახლოებით 5 მილიონის ზარალი განიცადა.

„ახლა ვერკვევით სიტუაციაში, რა მდგომარეობაშია ტექნიკა, დაზიანებული, ან დაკარგული ხომ არ არის რამე. შემდეგ გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ თუ არა იგივე პროექტს, რაც დაწყებული გვქონდა“, - უთხრა Media.Ge-ს ზურაბ ბაზლიძემ.

სასამართლომ იგივე მიზეზით მოხსნა ყადაღა „მაესტროს“ ანტენებსაც.  არხის გენერალური დირექტორის, ილია (ბაჩო) კიკაბიძის თქმით, ყადაღის მოხსნის შესახებ ინფორმაცია „მაესტროს“ საბაჟოს წარმომადგენელმა მიაწოდა.

„დაყადაღებული იყო 38 ათასი ანტენა და დაახლოებით მილიონნახევარი ლარით ვიზარალეთ.  ახლა ვაპირებთ სასამართლოში ჩივილს, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით.  ანტენებს დავამონტაჟებთ.  ვიცით, რომ კომერციული პროექტი იქნება, თუმცა პირობები დაზუსტებული არ არის“, - აღნიშნა ბაჩო კიკაბიძემ.

პროკურატურის შუამდგომლობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2012 წლის 11 ივლისს,  "მაესტროს"  დიდი რაოდენობის სატელიტური ანტენები და სხვა ტექნიკური საშუალებები საბაჟო ტერმინალში დააყადაღეს. პროკურატურის განცხადების თანახმად, ”სატელევიზიო ანტენების უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე, 2012 წლის 20 ივნისს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დადგენილ იქნა, რომ პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანია „ელიტა ბურჯის" ხელმძღვანელ პირთა დავალებით, კომპანია „მაესტრომ" საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით  ანტენები.

იგივე მოტივით 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ საკაბელო კომპანია “გლობალ TV”-ს ანტენები დააყადაღა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test