შემოგვიერთდი

01.10.2012 10:42

ჟურნალისტებისათვის ხელშეშლის ფაქტები - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები

მაია წიკლაური

18:52 - სტუდია მონიტორის ჟურნალისტს, ნანა ნასყიდაშვილს სოფელ ტყვიავის საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, საარჩევნო უბანში უცხო პირებს, რომლებსაც ამოსაცნობი ნიშნები არ ჰქონდათ, ჰკითხა თუ რატომ იმყოფებოდნენ უბანზე. ნანა ნასყიდაშვილმა აღნიშნა, რომ  ჩართულმა კამერამ  ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელები გააღიზიანა. ერთერთმა მათგანმა, ზაზა ქარელმა კი მისთვის ჯერ კამერის დამტვრევა სცადა, შემდეგ - ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  ხმაურის შემდეგ კი ზაზა ქარელი კომისიის წევრებმა გარეთ გაიყვანეს. „მონიტორის“ ჟრუნალისტი კვლავ უბანზე რჩება და აკვირდება ხმის დათვლის პროცესს.

 

18:32 - ჯერ, გადაღების საშუალება არ მისცეს, შემდეგ კი ვიდეოკამერა დაუზიანეს სტუდია GNS-ის გადამღებ ჯგუფს, ახალქალაქის (სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთ საქართველო) მე-40 საარჩევნო ოლქის 25-ე საარჩევნო უბანში, სოფელ ვაჩიანში. ინციდენტი დაახლოებით 17 საათზე მოხდა.

1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

GNS--ის ჟურნალისტმა ზვიად თხელიძემ Media.Ge-ს განუცხადა, რომ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის გადაღება დაიწყეს, როცა მათთან ნასვამი ადამიანი მივიდა, და აგრესიულად მოითხოვა გადაღების შეწყვეტა.

ჟურნალისტის თქმით, ნასვამ ადამიანს მხარი აუბეს კომისიის თავმჯდომარემ ვაგან ბერგარიანმა და უბანში შესულმა აგრესიულად განწყობილმა რამდენიმე პირმა. გადამღებ ჯგუფს საარჩევნო უბანი ძალით დაატოვებინეს.

„ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა, მაგრამ გაწევ-გამოწევის დრო კამერა დაგვიზიანეს“, თქვა ზვიად თხელიძემ, „საარჩევნო უბნის გარეთ მყოფმა პოლიციელებმა ფაქტიურად არაფერი მოიმოქმედეს.“

„მე არ ვიცი კომისიის თავმჯდომარის აგრესიის მიზეზი, ასევე რატომ დაუშვა მან ხმის მიცემის ოთახში უცხო პირების შემოსვლა“, თქვა ჟურნალისტმა.

„ჩვენ კიდევ ერთ სოფელში ვიყავით და კამერის მიმართ აგრესია იქაც გამოამჟღავნეს“, აღნიშნა თხელიძემ.

სტუდია GNS საკვირაო საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემას „კვირის რეპორტაჟს“ ამზადებს, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადის. 

 

17:46 - MZERA.TV -ს ინფორმაციით ინტერნეტგამოცემის ოპერატორს ტყვიავში 92-ე საარჩევნო უბანზე მუშაობის საშალებას არ აძლევენ. MZERA.TV-ის ცნობით, კომისიის  თავმჯდომარე  გაგა გიგუაშვილმა ოპერატორ  ზურა რიჟამაძეს საარჩევნო უბანზე არ მისცა უფლება 10 წუთის განამვლობაში ემოძრავა კამერით  და გადაეღო ხმის მიცემის პროცესი, რაც ცესკოს დადგენილებით დაშვებულია.

„გამომიყვეს ადგილი უბნის კუთხეში და აქედან მიწევს გადაღება“, - ამბობს რიჟამაძე MZERA.TV-ის მიერ მომზადებულ მასალაში.  MZERA.TV ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ეს დარღვევაა - „ჩვენ ახლა სწორედ ტყვიავის ამ უბანზე მივემართებით და აუცილებლად დავაწერინებთ ოპერატორს საჩივარს“, - გვითხრეს ცესკოს წარმომადგენლებმა. 

 

16:38 - „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტებს ანი ბერუკაშვილსა და ნინო კახიშვილს საარჩევნო უბნებზე გადაღების უფლება შეუზღუდეს.

როგორც ანი ბერუკაშვილი Media.Ge-სთან საუბრისას იხსნებს, ის გლდანში 29-ე უბანზე შევიდა და კამერებისთვის გამოყოფილ ადგილზე დაჯდა. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ერთ-ერთ ამომრჩეველს პრობლემა შეექმნა და აყალმაყალი დაიწყო, რა დროსაც ჟურნალისტმა ფლიპ კამერa ჩართო.

„როდესაც დამშვიდდა სიტუაცია კომისიის თავმჯდომარემ თქვა, რომ მობილურით გადაღების ფაქტი დააფიქსირა, მე ვუთხარი რომ ვიღებდი. მან კი განმიცხადა, რომ ჩემი მოსვლიდან ათი წუთი უკვე გასული იყო და მე გადაღების უფლება აღარ მქონდა“, - აღნიშნავს ანი ბერუკაშვილი. მისივე თქმით, კომისიის თავმჯდომარეს განუმარტა, რომ ის კამერებისთვის გამოყოფილი ადგილიდან იღებდა.

„შემდეგ მან ცესკოში დარეკა და ვინმე თათა ზარქუასთან დამალაპარაკა, რომელმაც მითხრა რომ კამრებისთვის გამოყოფილ ადგილას მხოლოდ შტატივიანი კამერები უნდა იდგეს და მე სტატიკური კადრების გადადღებას ვერ შევძლებდი, რადგან ხელი დამეღლებოდა, ამიტომ უბანი დამატოვებინეს“, - აცხადებს ანი ბერუკაშვილი.

გადაღების უფლება შეუზღუდეს „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტ ნინო კახიშვილსაც. როგორც მან Media.Ge-ს უთხრა, სამგორის 88-ე უბანზე იმყოფებოდა, როდესაც გარეთ ერთერთი ამომრჩეველი გავიდა და ყვირილი დაიწყო. საქმეში გასარკვევად ჟურნალისტი უკან გაყვა. მოქალაქის მტკიცებით, ადამიანებს, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდნენ უბანზე დამამტკიცებელი საბუთი არ ჰქოდათ.

ნინო კახიშვილის თქმით, ის უკან შებრუნდა და კომისიის თავმჯდომარეს მოსთხოვა ეჩვენებინა, რა სტატუსით იმყოფებოდა ეს ადამინი უბანზე. „ჩავრთე ფლიპი და გადაღება დავიწყე. თავმჯდომარემ მითხრა, რომ ჟურნალის გადაღება არ შეიძლებოდა და გამოვრთე. ამ დროს მოვიდა უცნობი ადამიანი, რომელსაც „ხალხის პარტია“ ეწერა და მითხრა, რომ ამ უბანზე მუშაობის უფლება მხოლოდ ორ კამერას ჰქონდა. ჩვენს შორის უბანზე შეკამათება რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას ჩემთვის გადაღების შეზღუდვა სურდა. მე ჩემი საქმე დამთავრებული მქონდა ამიტომ დავტოვე უბანი“, -  ამბობს ნინო კახიშვილი.

 

15:57 - „ლიბერალის“ ცნობით ზუგდიდში „ინფო 9“-ის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. „ლიბერალთან“ საუბრისას “ინფო 9”-ის ჟურნალისტი, მიშკა ძიძიგური ამბობს, რომ მას უცნობმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჟურნალისტის თქმით, მას ზუგდიდში ინგირის 46-ე უბანზე მუშაობისას მთელი დღის განმავლობაში ვიდეოკამერით დასდევდა უცნობი პირი, რომელსაც არც აკრედიტაცია ჰქონდა და არც რაიმე სხვა მაინდეტიფიცირებელი ნიშანი. ჟურნალისტი მასთან მივიდა და დაინტერესდა რატომ უღებდა, თუმცა ვიდეოკამერიანმა პირმა პასუხი არ გასცა.

“მოგვიანებით სხვა უბანზე მივდიოდით. სუპერმარკეტში გავჩერდით. რომ გამოვედით, დავინახეთ 3 ავტომანქანა, რომლებსაც ჩვენი ავტომობილი ალყაში ჰქონდა მოქცეული. 10-მდე პირი გამოვიდა, ჩემს ოპერატორს კამერა წაართვა. გვიყვიროდნენ, რატომ აშინებთ მთელი დღე ხალხსო. მე ტანზე მხდიდნენ, კიდევ სად გიყენია კამერაო. მემუქრებოდნენ, ზუგდიდში ცხოვრებას არ აპირებო?! ის კაცი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ვიდეოკამერით დამდევდა, იმათ ახლდა. ხალხი რომ არ ჩარეულიყო, არ ვიცი რა მოხდებოდა.”

მიშკა ძიძიგურის თქმით, შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მისულ პოლიციას დახმარება სთხოვა, თუმცა სამართალდამცავებმა პასუხი არ გასცეს.

“პოლიციას არაფერი უთქვამს. ისინიც იმ სამ მანქანას უკან გაყვნენ”, - ამბობს მიშკა ძიძიგური. მიშკა ძიძიგური სამეგრელოში სახალხო დამცველის წარმომადგენელს უკვე ესაუბრა.

 

15:31 - ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გადაცემა „დეტექტორის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ბესო კურტანიძე აცხადებს, რომ ჯავახეთში უცნობი პირები მას თავს დაესხნენ. მისი თქმით, შემთხვევა სოფელ ფოკაში 32-ე საარჩევნო უბანზე მოხდა. როგორც ბესო კურტანიძემ „მეცხრე არხთან“ საუბრისას განაცხადა, ის ჟურნალისტის აკრედიტაციით შევიდა უბანზე, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აცხადებდა, რომ ხმის მიცემა დარღვევით მიმდინარეობდა.

„გადაღება დაახლოებით 5 წუთის დაწყებული გვქონდა, როდესაც მოვარდა „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელი, მასთან ერთად ათამდე პირი, წაგვართვეს კამერა, მობილური ტელეფონი და დააპატიმრეს ოპერატორი, კადრების წაშლას სთხოვდნენ“, - ირწმუნება ბესო კურტანიძე.

მისი თქმით, ამის შემდეგ მან დატოვა უბანი და პოლიციაში მივიდა, სადაც განუცხადეს, რომ საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება არ ჰქონდა და პრობლემის მოგვარება საარჩევნო კომისიასთან ურჩიეს.

„დავბრუნდი უბანზე და განვუცხადე, რომ მომხდარის შესახებ ეუთოს დამკვირვებლებს ვეტყოდი. ამის შემდეგ მათ სადღაც დარეკეს და დამიბრუნეს კამერა და ჩიპები, თუმცა მითხრეს რომ თუ კადრებს გავუშვებდი, ფრთხილად ვყოფილიყავი“, - იხსენებს ბესო კურტანიძე. მისი თქმით, რეალურად მხოლოდ ერთი ქალბატონი ჰყავდა ჩაწერილი რომელიც ამბობდა რომ ხმის მიცემა დარღვევებით მიმდინარეობს.

 

14:41 - ინფო 9 ის ჟურნალისტი რევაზ ნადირაძე, გორში მე–8 სკოლის საარჩევნო უბნიდან იმ მოტივით გამოუშვეს, რომ თითქოს ინფო–9 ის ჯგუფი ამ უბანზე უკვე იყო და გადაღებაც განახორციელა.  ნადირაძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი.

 

14:23 - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, სიღნაღის ოლქის 28-ე და 29-ე უბნებზე საოლქო კომისიის წევრმა ვანო პერტიაშვილმა ჟურნალისტებს გადაღების საშუალება არ მისცა. ამ ინციდენტის შემდეგკი  უბანზე ხმის მისაცემად სამხედრო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ.

„უბნიდან ჟურნალისტები ფაქტობრივად გამოყარეს  და არ მისცეს საშუალება გადაეღოთ სამხედრო პოლიციელების ხმის მიცემის პროცესი“, - განაცხადა  „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა გიგაურმა 1 ოქტომბერს „მედიაცენტრში“ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ვანო პერტიაშვილმა არც დადგენილი უბანზე გადაღების 10 წუთიანი ლიმიტი დაიცვა და არც სპეციალური ადგილი გამოუყვია, საიდანაც ჟურნალისტებს გადაღების საშუალება მიეცემოდათ.

ცენტრალური საარჩვენო კომისიის მიერ 2012 წლის 24 სექტემბერს მიღებული დადგენილების თანახმად, ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება არ აქვს ერთ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის განმავლობაში ფოტო-ვიდეო გადაღება აწარმოოს 10 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში. შემდეგ ის ვალდებულია დაიკავოს კენჭისყროს შენობაში გამოყოფილი სპეციალური ადგილი.

ნებისმიერი ობიექტიდან კამერა უნდა იყოს დაშორებული 3 მეტრის მანძილზე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი დატოვებს კენჭისყრის შენობას ან კამერით სპეციალური ზონის მიღმა გადაადგილდება, კარგავს ფოტო და ვიდეოგადაღების წარმოების უფლებას.

 

13:31 - ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო)არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სააგენტო „ინფო 9“-ის ჟურნალისტს, ეკა გაჩეჩილაძეს და ოპერატორ, ლაშა თაბაგარს სოფელ ოსიაურის 48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ  ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკატერინე აზარაშვილმა განაცხადა.

„ინფო 9“-ს ჟურნალისტმა ეკა გაჩეჩილაძემ Media.Ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა საოლქო კომისიის თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე და საუბნო კომისიის თავმჯდომარე მაია ლაცაბიძე საარჩევნო უბნიდან გამოვიდნენ და ხმის მიცემის მოლოდინში მყოფ ხალხს ჩხუბი დაუწყეს თუ რატომ იდგნენ იქ.

“ოპერატორმა ამ ყველაფრის გადაღება დაიწყო. გარეთ ვიყავით და ამის უფლება გვქონდა. ამ დროს ლაცაბიძემ ოპერატორს კამერაზე დაარტყდა და თავში ხელი ჩაარტყა, უცებ გამოჩენილმა ორმა პიროვნებამ კი ის ცემა-ტყეპით წაათრია აქ ნუ იღებთო”, - ამბობს გაჩეჩილაძე.

ამის შემდეგ ჟურნალისტმა გაქცევა დააპირა. “მაგრამ იგივე პიროვნებებმა ვინც ოპერატორს მიათრევდნენ მარცხენა მკლავში და ბეჭში რაღაც ჩამარტყეს. იქ მყოფმა ხალხმა მომასულიერა”, - იხსენებს გაჩეჩილაძე.

მისი თქმით, ამ ინციდენტს თვალს ადევნებდა პოლიცია, რომელმაც ამ ფაქტის აღსაკვეთად არაფერი მოიმოქმედა.

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test