შემოგვიერთდი

20.09.2012 07:02

საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკა კვესიტაძეს სტუდენტთა აქციის ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს

მაია წიკლაური

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა "აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძისა და 19 სექტემბერს, საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართული აქციის მონაწილე ერთერთი სტუდენტის საუბრის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერი, სავარაუდოდ, საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუდენტების მიერ გამართულ აქციაზე მაშინაა ჩაწერილი, როდესაც ეკა კვესიტაძე სტუდენტებთან გამოვიდა და მათ მხარდაჭერა გამოუცხადა. გუშინ სტუდენტები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობას პატიმართა წამების ფაქტებისა და საპროტესტო აქციების გაშუქებას სთხოვდნენ.

ჩანაწერში ეკა კვესიტაძე სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებს და ეუბნება, თუ რა მოთხოვნები უნდა დააყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან. კვესიტაძე ამბობს, რომ პატიმართა წამების ფაქტები არხმა სათანადოდ არ გააშუქა და სტუდენტებსაც მოუწოდებს, მაუწყებელს ამ მოვლენების უწყვეტ რეჟიმში გაშუქება მოსთხოვონ.

საზოგადოებრივ მაუწყებელში კი აცხადებენ, რომ ამ საუბრით კვესიტაძე სტუდენტთა აქციას ხელმძღვანელობს.

„საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუდენტების საპროტესტო აქციისა და მათი მოთხოვნების ჩამოყალიბებას, ჩვენდა სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური თოქ-შოუს “აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემ უხელმძღვანელა“, - ეს ტექსტი მაუწყებლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ აუდიომასალას ერთვის თან. აქვე აღნიშნულია, რომ კვესიტაძისა და სტუდენტის საუბარი ერთერთი გაზეთის ჟურნალისტმა აუდიო-ფირზე ჩაწერა და მაუწყებლის ხელმძღვანელობას მიაწოდა.

სტუდენტებს მხარი ეკა კვესიტაძესთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ კიდევ ერთმა წამყვანმა ვახო სანაიამაც დაუჭირა. მან განაცხადა, რომ შესაძლოა ეკა კვესიტაძესთან ერთად ტელეკომპანია დატოვოს იმ შემთხვევაში, თუ არხის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

"ჩვენ  ჩვენი მოთხოვნები გავახმოვანეთ და მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან პასუხს ველოდებით. დიდი სურვილი იყო, რომ  საღამოს ეთერში თოქ-შოუ გასულიყო, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა. იმას, რომ ტოქშოუ  ბადეში არ იყო, არანაირი მინიშვნელობა არ ჰქონდა. ნებისმიერი გადაცემა უნდა ამოღებულიყო და იქ ტოქშოუ ჩასმულიყო. ასე რომ, თუკი ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილებამდე მივალთ", - აღნიშნა სანაიამ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

იხილეთ პირველი არხის მიერ გავრცელებული ეკა კვესიტაძისა და სტუდენტის საუბრის აუდიოჩანაწერი. აქვე გთავაზობთ ამ ჩანაწერის ტრანსკრიპტს:

„სტუდენტი - გვაინტერესებს შიგნით რა ხდება, მცველებს ვუთხარით, მაგრამ არ გვიშვებენ.

ეკა კვესიტაძე - ვისთან არიან შეხვედრაზე?

სტუდენტი - შიგნით შევიდნენ შეხვედრაზე

ეკა კვესიტაძე - ვინ წაიყვანა? ვისთან წაიყვანეს?

სტუდენტი - დაცვამ შეიყვანა შეხვედრაზე

ეკა კვესიტაძე - ეხლა მოტხოვნები უნდა ჩამოვაყალიბოთ, მწყობრი და მკაფიო. თქვენ ეხლა უნდა მოითხოვოთ, რომ იყოს უწყვეტი საინფორმაციო გამოშვება, ეთერი, იყოს თოქ-შოუ, რომელშიც იქნება დარბაზი.

სტუდენტი - კი ბატონო

ეკა კვესიტაძე - აი ეს არის ორი მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომ დაგვეთანხმონ მაღალჩინოსნები პირდაპირ ჩართვაზე, მე გავაკეთებ ამ პირდაპირ ეთერს დიდი სიამოვნებით.

სტუდენტი - ძალიან დიდი მადლობა

ეკა კვესიტაძე - ანუ მე თქვენს მხარეზე ვარ. მე არანაირად არ ვეთანხმები იმას, რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე. უნდა მოვითხოვოთ საგამოძიებო გადაცემების დაწყება.

ეკა კვესიტაძე - საერთოდ ყველაფერი უნდა მოითხოვოთ იმიტომ, რომ ამ არხზე არის დიდი ვაკხანალია. საინფორმაციო სამსახურის უფროსის პასუხისმგებლობის საკითხი ასევე, ჭანტურია აქ არის მინიმალური ფიგურა.

სტუდენტი - ვინ არის ეგ?

ეკა კვესიტაძე - ხათუნა ბერძენიშვილი. ვახო სანაია რომ აპროტესტებს ესეც ვიცი

სტუდენტი - ჩვენ როგორ შეიძლება ეს მოვითხოვოთ?

ეკა კვესიტაძე - უწყვეტი საინფორმაციო ეთერი, ლევან გახელაძე“

პროექტის მხარდამჭერები არიან

Website Security Test